Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედიის უფლებების დამცველებმა ევროკავშირს მოსთხოვეს ისრაელთან ასოცირების შეთანხმების შეჩერება და სანქციების დაწესება


პალესტინელი ჟურნალისტი თავისი დაღუპული კოლეგის, მოჰამედ სობოჰის დამცველი აღჭურვილობით. სობოჰი ქალაქ ღაზაში დაიღუპა ისრაელის სარაკეტო იერიშის შედეგად 2023 წლის 10 ოქტომბერს.
პალესტინელი ჟურნალისტი თავისი დაღუპული კოლეგის, მოჰამედ სობოჰის დამცველი აღჭურვილობით. სობოჰი ქალაქ ღაზაში დაიღუპა ისრაელის სარაკეტო იერიშის შედეგად 2023 წლის 10 ოქტომბერს.

26 აგვისტოს სამოცამდე მედიაორგანიზაციამ და ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ მოუწოდა ევროპის კავშირს, შეაჩეროს ისრაელთან თანამშრომლობის ხელშეკრულება და მას სანქციები დაუწესოს ღაზის სექტორში „ჟურნალისტების ჟლეტისთვის“.

მოწოდება გაისმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ, რომელიც 29 აგვისტოს გაიმართება ბრიუსელში.

ერთობლივ განცხადებაში ჯგუფები აცხადებენ, რომ 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელის ჯარებმა ღაზაში 130 პალესტინელი ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელი მოკლეს.

„ჟურნალისტების მიზანმიმართული ან განურჩეველი მოკვლა, განზრახ თუ დაუდევრობის გამო, სამხედრო დანაშაულია,“ განაცხადეს მათ.

არაწევრ ქვეყნებთან ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებები არის ხელშეკრულებები, რომლებიც არეგულირებს ორმხრივ ურთიერთობებს, მათ შორის ვაჭრობას.

შეთანხმების მეორე მუხლი ითვალისწინებს „ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების პატივისცემას“, განაცხადა ჟიული მაჟერზაკმა, ბრიუსელის ოფისის ხელმძღვანელმა ორგანიზაციისა „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“.

„ისრაელის მთავრობა აშკარად ფეხქვეშ თელავს ამ მუხლს. ევროკავშირმა, რომელიც ისრაელის წამყვანი სავაჭრო პარტნიორია, აქედან აუცილებელი დასკვნები უნდა გამოიტანოს და ყველაფერი უნდა იღონოს, რათა (პრემიერ-მინისტრ ბენიამინ) ნეთანიაჰუს მთავრობამ შეწყვიტოს ჟურნალისტების ხოცვა, პატივი სცეს ინფორმაციისა და პრესის თავისუფლებას და ღაზის სექტორში პრესა დაუშვას,“ თქვა მან.

განცხადების ხელმომწერთა შორის არიან „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ (CPJ) და „ჰიუმან რაიტს უოჩი“ (HRW).

რეგიონში ვითარება დაიძაბა 2023 წლის ოქტომბრიდან, როცა ისრაელის სამხრეთზე ჰამასის (აშშ-ის და ევროკავშირის, ასევე ბრიტანეთის მიერ ტერორისტულად აღიარებული დაჯგუფება) თავდასხმის შედეგად 1200-მდე ადამიანი დაიღუპა და 250-ზე მეტი მძევლად აიყვანეს.

ჰამასის ამ თავდასხმის შემდეგ ისრაელმა ღაზის სექტორში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. საბრძოლო მოქმედებებს სექტორში დიდძალი მსხვერპლი და უმწვავესი ჰუმანიტარული კრიზისი მოჰყვა. პალესტინური მხარის ინფორმაციით, 40 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული.

ფორუმი

XS
SM
MD
LG