მოლდოვაში მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი სპორტსმენების წარმატებული გამოსვლის შემდეგ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ნაკრების წევრი მკლავჭიდელები და პარამკლავჭიდელები პრემიებს მიიღებენ. პრემიები გათვალისწინებულია მწვრთნელებისა და სამედიცინო პერსონალისთვისაც.
მკლავჭიდსა და პარამკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ადგილის მფლობელებს პრემიის სახით 17 000 ლარი გადაეცემათ, მეორე ადგილის მფლობელებს - 8 500, ხოლო მესამე ადგილზე გასულებს - 5 100.
რაც შეეხება მკლავჭიდისა და პარამკლავჭიდის ახალგაზრდულ ნაკრებს, პირველი ადგილის მფლობელებს პრემიის სახით 5 100 ლარი გადაეცემათ, მეორე ადგილის მფლობელებს - 3 400, ხოლო მესამე ადგილზე გასულებს - 1 700.
პრემიას ასევე მიიღებენ მკლავჭიდის ჭაბუკთა ნაკრების პირველი ადგილის მფლობელები, 3 400 ლარის ოდენობით.
მკლავჭიდსა და პარამკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეებისთვის დაწესებული პრემიების ჯამური ოდენობა 1 921 850 ლარია.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, მოლდოვაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს მკლავჭიდელთა ეროვნულმა ნაკრებმა ხუთი ოქროს, შვიდი ვერცხლისა და ექვსი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ახალგაზრდა მკლავჭიდელებმა კი ათი ოქროს, ათი ვერცხლისა და ცხრა ბრინჯაოს მედალი დაიმსახურეს.
მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს ქართველმა პარასპორტსმენებმა. მათ ოცდათექვსმეტი ოქროს, ოცდათორმეტი ვერცხლისა და ოცდარვა ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.
ფორუმი