Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯაღმაიძის თქმით, ხელისუფლებიდან მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შეთავაზება მიიღეს


ანდრია ჯაღმაიძე, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი
ანდრია ჯაღმაიძე, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ხელისუფლება საპატრიარქოს მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას სთავაზობს. მისი თქმით, ამ საკითხზე ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან შეხვედრა სპონტანურად დაიგეგმა.

„ხელისუფლების მხრიდან მსგავსი შემოთავაზება იყო. ამ შემთხვევაში ჩვენ შინაარსზე აქცენტი უნდა გავაკეთოთ... ხელისუფლებას სურვილი აქვს, ეკლესიის როლი და სტატუსი კიდევ უფრო გამყარებული იყოს. სწორედ აი, ამ მიმართულებით - ფასეულობების, ტრადიციის და ქრისტიანული ღირებულებების დაცვას, ამას კიდევ უფრო ხელი შეეწყოს.

რაც შეეხება ფორმულირებას, სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას, ეს არ არის ყველაზე უფრო მთავარი, პრინციპული და საკითხი ასე მკაცრად არ დგას“, - თქვა ანდრია ჯაღმაიძემ.

„ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებენ, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებს მოიგებენ და მეოთხე ვადით დარჩებიან ხელისუფლებაში. ისინი ამბობენ, რომ არსებობს ოთხი მიზეზი, რის გამოც საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება სურთ:

  • „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადება;
  • ლგბტ პირთა უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კონსტიტუციური კანონის მიღება;
  • ცვლილებების შეტანა კონსტიტუციაში ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად - როგორც კი ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენის შესაძლებლობა გაჩნდება რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე.
  • მეოთხე მიზეზის შესახებ 25 აგვისტოს ამბროლაურში ისაუბრა პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა: „არის კიდევ ერთი, ჩვენი ქვეყნისა და სარწმუნოებისათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის თაობაზეც მიმდინარეობს აქტიური მუშაობა და უახლოეს პერიოდში საზოგადოებას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების თაობაზე ვაცნობებთ“.

მომავალი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება 5%-იანი ბარიერით. ამ ეტაპამდე ჩატარებული არცერთი კვლევით არ დასტურდება, რომ „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG