Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხვალ საკონსტიტუციო სასამართლოში „აგენტების კანონზე“ შეტანილი სარჩელების განხილვა იწყება


საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი. მარცხნიდან: ხვიჩა კიკილაშვილი, მანანა კობახიძე, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მერაბ ტურავა, ვასილ როინიშვილი, ევა გოცირიძე,
გიორგი თევდორაშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი. მარცხნიდან: ხვიჩა კიკილაშვილი, მანანა კობახიძე, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მერაბ ტურავა, ვასილ როინიშვილი, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე.

ხვალ, 29 აგვისტოს, ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში,„აგენტების კანონზე“ შეტანილი სარჩელების განხილვა იწყება. საქმეს განიხილავს პლენუმი - სასამართლოს სრული შემადგენლობა.

„მოსარჩელეთა არგუმენტაციით, სადავოდ გამხდარი კანონი, მასში გამოყენებული ტერმინოლოგიითა თუ სხვადასხვა რეპრესიული მექანიზმის გათვალისწინებით, იწვევს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების სტიგმატიზაციას, მათი საქმიანობისთვის ხელშეშლას, დასახული მიზნების მიღწევის შეუძლებლობას და, საბოლოო ჯამში, მათი ფუნქციონირების შეფერხებას ან სულაც შეწყვეტას“, - წერია საკონსტიტუციო სასამართლოს გავრცელებულ განცხადებაში.

სასამართლოში შესულია ოთხი სარჩელი:

  • პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კანონის სხვადასხვა მუხლი არღვევს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას; პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას; ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლების უფლებას; მთლიანი კანონი კი ეწინააღმდეგება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე ჩანაწერს.
  • 122 მოსარჩელე, რომელთა შორისაც არიან არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, აცხადებს, რომ კანონის სხვადასხვა მუხლი არღვევს ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლების უფლებას და ეწინააღმდეგება გაერთიანებების შექმნის შესახებ კონსტიტუციურ ჩანაწერს.
  • 38 ოპოზიციონერი დეპუტატი ასაჩივრებს კანონის რამდენიმე მუხლს, რადგან მიაჩნია, რომ ირღვევა გაერთიანების შექმნის უფლება. მათ ასევე მიაჩნიათ, რომ მთლიანად კანონი ეწინააღმდეგება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე საკონსტიტუციო ჩანაწერს.
  • ორი მედიაორგანიზაცია - „სტუდია მონიტორი“ და „საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ („მთის ამბები“, „რეგ ინფო“, „საქართველოს ამბები“) - მიიჩნევს, რომ კანონის სხვადასხვა მუხლი არღვევს თანასწორობის უფლებას; ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლების უფლებასა და გაერთიანების შექმნის უფლებას.

საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს დაძლია პრეზიდენტის ვეტო „აგენტების კანონზე“. ეს კანონი უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლად აცხადებს ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომლებიც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისგან იღებენ დაფინანსებას.

კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს დახმარების ნაწილი უკვე შეუწყვიტეს ევროკავშირმა და აშშ-მ. აშშ-მ განუსაზღვრელი ვადით გადადო სამხედრო სწავლებაც. საქართველოს პარტნიორები აცხადებენ, რომ „აგენტების კანონი“ ხელს უშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG