Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

20-ზე მეტ რუსულ კომპანიას გაკოტრების საფრთხე ემუქრება სანქციების გამო


ევროკავშირის სანქციების ბოლო, მეთოთხმეტე პაკეტის შედეგად რუსეთში შეწყდა მნიშვნელოვანი მასალების მიწოდება შეერთებული შტატებიდან, ევროპიდან, იაპონიიდან და ცოტა ხნის წინ - ჩინეთიდანაც.
ევროკავშირის სანქციების ბოლო, მეთოთხმეტე პაკეტის შედეგად რუსეთში შეწყდა მნიშვნელოვანი მასალების მიწოდება შეერთებული შტატებიდან, ევროპიდან, იაპონიიდან და ცოტა ხნის წინ - ჩინეთიდანაც.

ოცზე მეტმა მსხვილმა რუსულმა კომპანიამ, მათ შორის სამშენებლო და საავტომობილო მრეწველობის წარმომადგენლებმა და ასევე საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებლებმა, გამაფრთხილებელი წერილი გაუგზავნეს მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ხელმძღვანელს, ანტონ ალიხანოვს. წერილში აღნიშნულია, რომ მათ გაკოტრება და წარმოების შეჩერება ემუქრებათ საზღვარგარეთ, მათ შორის ე.წ. მეგობრულ ქვეყნებში კრიტიკულად საჭირო ნედლეულის შეძენის შეუძლებლობის გამო.

როგორც “ერბეკა” წერს, ევროკავშირის სანქციების ბოლო, მეთოთხმეტე პაკეტის შედეგად რუსეთში შეწყდა მნიშვნელოვანი მასალების მიწოდება შეერთებული შტატებიდან, ევროპიდან, იაპონიიდან და ცოტა ხნის წინ - ჩინეთიდანაც.

საუბარია, პირველ რიგში, პოლიმეთილენფენილიზოციანატზე, რომელიც გამოიყენება მაცივრების, ავტონაწილების, მილების, სამონტაჟო ქაფების, სალუქავებისა და ჩამოსასხმელი იატაკის წარმოებაში. წერილში ნათქვამია, რომ ამ შემთხვევაში რუსეთის ეკონომიკა ასი პროცენტით არის დამოკიდებული იმპორტზე.

წერილში ასევე ნათქვამია, რომ ამჟამად არსებული მასალების მარაგი ორ თვეში ამოიწურება და ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა გარიგების მიღწევა მომწოდებლებთან, რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან, კერძოდ, საუდის არაბეთთან.

რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსადმი გაგზავნილ წერილს ხელს ისეთი კომპანიები აწერენ, როგორებიცაა “ტექნონიკოლი”, “ბეკო”, “ვერატეკი”, “რუსტა” და “ვერახიმი”.

  • უკრაინაში წარმოებული ომის გამო რუსეთისადმი სანქციების მე-14 პაკეტი ევროკავშირმა მიმდინარე წლის 24 ივნისს დაამტკიცა.
  • ახალი ზომები ეკონომიკურ და ინდივიდუალურ სანქციებს მოიცავს და მიმართულია როგორც რუსეთის ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის სექტორებზე, ასევე კიდევ უფრო გაართულებს ევროკავშირის მიერ აქამდე დაწესებული სანქციების გვერდის ავლას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG