Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი დაამტკიცა


ფოტო არქივიდან: თხევადი გაზის გადამზიდავი ტანკერი
ფოტო არქივიდან: თხევადი გაზის გადამზიდავი ტანკერი

უკრაინაში წარმოებული ომის გამო რუსეთისადმი ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მე-14 პაკეტი ეკონომიკურ და ინდივიდუალურ სანქციებს მოიცავს. როგორც ევროკომისიის განცხადებაშია ნათქვამი, ახალი ზომები მიმართულია როგორც რუსეთის ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის სექტორებზე, ასევე კიდევ უფრო გაართულებს ევროკავშირის მიერ აქამდე დაწესებული სანქციების გვერდის ავლას.

"მე-14 პაკეტი დემონსტრაციაა ჩვენი ერთიანობისა და დახმარებისა უკრაინისადმი და მისწრაფებაა, შეიზღუდოს რუსეთის დანაშაულებრივი მოქმედებები უკრაინელების მიმართ", - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელმა განაცხადა.

მე-14 პაკეტი მოიცავს შემზღუდავ ზომებს კიდევ 116 ფიზიკური და იურიდიული პირის მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის საფრთხის შექმნაზე, ნათქვამია დოკუმენტში.

ახალი შეზღუდვები შეეხება ევროკავშირიდან მესამე ქვეყნებში რუსული ბუნებრივი თხევადი გაზის გადაზიდვის მომსახურებას გემიდან გემზე ან გემიდან ნაპირზე, და არ შეეხება იმპორტსა და რეექსპორტს მესამე ქვეყნებში ევროკავშირის გავლით.

ევროკავშირის სათავო კომპანიები ვალდებული იქნებიან, გააკონტროლონ შვილობილი კომპანიები მესამე ქვეყნებში, რათა არ აღმოჩნდნენ სანქციების გვერდის ავლაში ჩართული.

სანქციები დაწესდა ე.წ. რუსული ჩრდილოვანი ფლოტის 27 ტანკერსა და გემის მიმართ, რომლებიც გამოიყენებოდა იარაღის ან უკრაინული მარცვლეულის გადასაზიდად.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ სანქციების სიაში ფიზიკურ პირებს შორის მოხვდნენ მომღერალი პოლინა გაგარინა, ბიზნესმენები იგორ ალტუშკინი, რომან ტროცენკო და ტაიმურაზ ბოლოევი.

სანქციები დაწესდა სწრაფი გადარიცხვების სისტემის, SWIFT-ის რუსული ანალოგის მიმართ მესამე ქვეყნებთან ფინანსური ტრანზაქციების განხორციელების შესაზღუდად.

ევროკავშირში მოქმედ პოლიტიკურ პარტიებს, მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ეკრძალებათ თანხების მიღება რუსული სახელმწიფოსგან ან მასთან დაკავშირებული ორგანიზაციებისგან.

ევროკავშირის ავიაკომპანიებს ეკრძალებათ რუსეთის მოქალაქეებთან ან ორგანიზაციებთან ხელშეკრულებების გაფორმება ჩარტერული და კერძო ფრენების განხორციელების მიზნით მთელ მსოფლიოში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG