რუსეთის უშიშროების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ამერიკული ტელეკომპანია CNN-ის ჟურნალისტის, ნიკ პეიტონ უოლშის და რიგი უკრაინელი კორესპონდენტების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის კურსკის ოლქის სუჯის რაიონში მუშაობდნენ, იქ არსებული ვითარების გასაშუქებლად. საქმე საზღვრის უკანონო გადაკვეთის მუხლით აღიძრა.
სპეცსამსახურში აცხადებენ, რომ უცხოელი რეპორტიორები ვიდეოგადაღებას უკანონოდ აწარმოებდნენ, რისთვისაც ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. უოლშის გარდა, საუბარია ტელეკომპანია „ჰრომადსკეს“ კორესპონდენტებზე ოლესია ბოროვიკსა და დიანა ბუცკოზე. რუსეთის "ეფესბეს" საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრის ცნობით, ჟურნალისტებზე რუსეთში გამოაცხადებენ საერთაშორისო ძებნას.
ნიკ უოლშმა მოინახულა რუსული საგუშაგო, რომელიც კურსკის რეგიონში ხელთ იგდეს უკრაინელმა სამხედროებმა, ხოლო ბოროვიკი და ბუცკო უშუალოდ ქალაქში შევიდნენ.
უფრო ადრე სუჯაში მუშაობისთვის რუსეთის "ეფესბემ" სისხლის სამართლის საქმე აღძრა იტალიურ ტელეარხ RAI-ს ჟურნალისტების, სიმონ ტრაინისა და სტეფანე ბატისტინის წინააღმდეგ. მოგვიანებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ მოვლენებთან დაკავშირებით იტალიის ელჩს პროტესტი გამოუცხადა. უწყებაში აცხადებენ, რომ ჟურნალისტებმა ხელყვეს რუსეთის კანონი და "ჟურნალისტური ეთიკის ძირითადი წესები." მათი პირადი უსაფრთხოება და დაცვა რომ უზრუნველეყო, ტელე-რადიოკომპანია „რაიმ“ ჟურნალისტები იტალიაში გაიწვია.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ასევე განაცხადა, რომ სამართალდამცავი ორგანოები სწავლობენ ამერიკული გაზეთის, The Washington Post-ის ჟურნალისტების ქმედებებს. ამ გამოცემის ჟურნალისტები ქალაქ სუჯას 17 აგვისტოს ეწვივნენ, უკრაინის შეიარაღებული ძალების თანამშრომლების თანხლებით.
- უკრაინის არმია რუსეთის კურსკის რეგიონის ტერიტორიაზე 6 აგვისტოს შევიდა. იმ დღიდან რეგიონში ბრძოლები გრძელდება. უკრაინის შეიარაღებული ძალები აცხადებენ, რომ კონტროლი დაამყარეს ათობით დასახლებაზე, მათ შორის სუჯის რაიონულ ცენტრზე. რუსეთის ხელისუფლება ან უარყოფს ასეთ ინფორმაციას, ან კომენტარს არ აკეთებს.
ფორუმი