Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი "სამარცხვინოს" უწოდებს ბექა ოდიშარიას განცხადებას ოკუპირებულ გალში დაკავებულ ქართველებზე


სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში „სამარცხვინოს“ უწოდებს პარტია "ქართული ოცნების" დეპუტატის, ბექა ოდიშარიას განცხადებას ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ.

21 აგვისტოს პარლამენტში მედიასთან საუბარში დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა, რომ „თუ ადამიანი დაკავებული იყო ფულის აღებ-მიცემობით, რომ ადამიანებს გადაეკვეთათ ეს ხელოვნური საოკუპაციო ადმინისტრაციული საზღვარი, ბუნებრივია, ამ ადამიანს, სამწუხაროდ, ხელი შეუწყვია იმისთვის, რომ ის დაეკავებინათ“, თუმცა ოდიშარიას სიტყვებით, მათ პასუხი უნდა აგონ „არა აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის წინაშე და/ან რუსული საოკუპაციო ჯარის წინაშე, არამედ ის დაუყოვნებლივ უნდა გადმოცემულ იქნეს საქართველოსათვის, საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლებისთვის, რომელიც, ვფიქრობ, გაერკვევა საკითხში. მე უდანაშაულობის პრეზუმფციას დავიცავდი, არ დავადანაშაულებდი ამ ადამიანს, იმიტომ რომ ჩემთვის რუსული საოკუპაციო ჯარის პრესსამსახური და ან აფხაზეთის დღევანდელი მოქმედი მარიონეტული რეჟიმი ვერ იქნება ავთენტური წყარო. ამიტომ, როგორც კი ეს ადამიანი მოხვდება ქართველი სამართალდამცველების ხელში, ვფიქრობ, მყისიერად გაირკვევა ჭეშმარიტება“.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ „საერთოდ უდანაშაულობის პრეზუმფცია არ იცოდე რას გულისხმობს და უარესი კიდევ ეგრეთწოდებული სამართალდამცველების ბრალდებებს უაპელაციოდ იზიარებდე … ეს როგორც სჩანს ოცნების მიერ გაგებული ოკუპანტებთან სამომავლო ურთიერთობების დალაგების ხედვაა … რისთვისაც თურმე საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდებათ!”

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 20 აგვისტოს გაავრცელა განცხადება, 17 აგვისტოს გალის რაიონის სოფელ (ბღურაში) მეორე ოტობაიაში საქართველოს ორი მოქალაქის, რემიკო და მურთაზ ჭითანავების, დაკავების შესახებ. დე ფაქტო უწყების ცნობით, მათ "აფხაზეთში ბინადრობის ნებართვა ჰქონდათ" და სხვებს ეხმარებოდნენ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთაში.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, უკანონოდ დაკავებულ ორივე პირს ე.წ. „სასამართლოს“ მიერ „მიესაჯა“ ორთვიანი „წინასწარი პატიმრობა“ და ამჟამად იმყოფებიან ე.წ. „აფხაზეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის იზოლატორში“.

სუსის თანახმად, „ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით."

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის ფეისბუკპოსტის ნაწილს, რომელშიც ის "ქართული ოცნებისთვის" საკონსტიტუციო უმრავლესობის საჭიროებაზე საუბრობს, იგულისხმება მმართველი პარტიის 20 აგვისტოს განცხადება, რომელშიც ჩამოთვლილია ოთხი მიზეზი, თუ რის გამო თვლიან, რომ პარტიამ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში უნდა მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირებისთვის საჭირო ხმების რაოდენობა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG