Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა შექმნა ჯარების სამი ახალი დაჯგუფება - „ბელგოროდი“, „ბრიანსკი“ და „კურსკი“


საილუსტრაციო ფოტო: რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე. დონეცკის ოლქი, 14 თებერვალი, 2024.
საილუსტრაციო ფოტო: რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე. დონეცკის ოლქი, 14 თებერვალი, 2024.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ჯარების სამი ახალი დაჯგუფების - „ბელგოროდის“, „ბრიანსკისა“ და „კურსკის“ - შექმნის შესახებ. ახალი დაჯგუფებები შეიქმნა რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინის არმიის წარმატებული შეტევის შემდეგ. უკრაინელების რეიდები განხორციელდა ბრიანსკისა და ბელგოროდის ოლქებშიც.

ადრე რუსეთის არმიის ჯარების ცალკეული დაჯგუფებები მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედებდნენ. საარმიო ჯგუფების მოქმედებების მართვას წარმართავს სასაზღვრო ტერიტორიების სამხედრო უსაფრთხოების საკოორდინაციო საბჭო. მისი მუშაობის დაწყება სამშაბათს გამოაცხადა თავდაცვის მინისტრმა ანდრეი ბელოუსოვმა. მასში შედიან მინისტრის მოადგილეები, რეგიონების ხელმძღვანელები და გენერალური შტაბის წარმომადგენლები. ის მინიმუმ კვირაში ერთხელ უნდა შეიკრიბოს.

საბჭოს სათავეში ჩაუდგა თავად ბელოუსოვი. სამშაბათს გაზეთმა „კომერსანტმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდაცვის მინისტრის მოადგილე იუნუს-ბეკ ევკუროვი, ინგუშეთის ყოფილი ლიდერი, დაინიშნა საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილედ. მანამდე ევკუროვი ზედამხედველობდა კრემლის სამხედრო თანამშრომლობას აფრიკის მეგობარ რეჟიმებთან.

ანდრეი ბელოუსოვმა დააზუსტა, რომ საკოორდინაციო საბჭოს მუშაობა უნდა იყოს 24-საათიანი, ხოლო რეგიონებიდან მიღებული მოთხოვნები ერთი დღე-ღამის ვადებში უნდა დამუშავდეს. „თუ თავის დონეზე შეუძლებელია პრობლემის გადაჭრა, ინფორმაცია მოაქვთ პირადად ჩემთან და მე ვიღებ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა მინისტრმა.

საბჭოს შექმნის შესახებ ცნობებში არ არის ნათქვამი, მონაწილეობს თუ არა მის მუშაობაში რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი. ის ნოემბრიდან სარდლობს უკრაინაში რუსეთის ჯარების გაერთიანებულ დაჯგუფებას.

გაზაფხულიდან რუსეთის საზღვრისპირა რეგიონები იქცა უკრაინის მხრიდან მასიური დაბომბვისა და უპილოტო საფრენი აპარატების იერიშების სამიზნედ. კიევი, როგორც წესი, იერიშებზე კომენტარს არ აკეთებს. არის ნგრევა და მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობას შორის. ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში რამდენიმე დასახლებული პუნქტი ევაკუირებულია. 6 აგვისტოს უკრაინის შეიარაღებული ძალების რეგულარული ქვედანაყოფები შევიდნენ კურსკის ოლქში. დღეისთვის ისინი აკონტროლებენ რუსეთის ტერიტორიის დაახლოებით 1000 კვადრატულ კილომეტრს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 აგვისტოს განაცხადა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების ამოცანაა „ბუფერული ზონის შექმნა“. ადრე კრემლი ამავე განსაზღვრებას იყენებდა ხარკოვის ოლქში რუსეთის იერიშის აუცილებლობის ასახსნელად. ეს იერიში ჩიხში შევიდა ვოლჩანსკში, რუსეთის საზღვრიდან 10 კილომეტრზე მდებარე ქალაქში, რომელშიც ომამდელი მოსახლეობა დაახლოებით 20 ათასი ადამიანი იყო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG