რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სამშაბათს განაცხადა, რომ რუსეთის ჯარებმა კონტროლი დააწესეს დონეცკის ოლქის ქალაქის ტიპის დასახლება ნიუ-იორკზე. უკრაინის მედიასაშუალებები უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ უკრაინის არმია ჯერ კიდევ იცავს დასახლების ჩრდილოეთ ნაწილს. მის შემოგარენში გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს.
ნიუ-იორკი ტორეცკის გარეუბანია, რომელზე იერიშსაც რუსეთის არმია უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მას მნიშვნელოვან ლოგისტიკურ კვანძად მიიჩნევს.
უკრაინული პროექტის, DeepState-ის რუკაზე ნიუ-იორკის ჩრდილოეთში მდებარე მცირე ნაწილები რუხ ზონად რჩება. შეიარაღებულ ძალებში „უკრაინსკა პრავდას“ წყარომ თქვა: „ჩვენები არიან ნიუ-იორკში, დაცვა გვიჭირავს. ვაკონტროლებთ დაახლოებით 20%-ს. რუსები დიდი რაოდენობის რეზერვის ხარჯზე მოდიან წინ. ჩვენ ვხოცავთ, ისინი მოდიან. ჩვენ, სამწუხაროდ, ასეთი რეზერვები არ გაგვაჩნია“.
ნიუ-იორკი, რომელსაც 2021 წლამდე ნოვგოროდსკოე ეწოდებოდა, ტორეცკის სამხრეთით მდებარეობს. როგორც RBK აღნიშნავს, ორი წლის განმავლობაში ის იყო ერთ-ერთი იმ რამდენიმე დასახლებულ პუნქტს შორის, რომლების მახლობლადაც შეხების ხაზი ფაქტობრივად არ შეცვლილა მთელი ომის განმავლობაში.
ფორუმი