Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პოლიტიკური აქტიურობის გამო გამათავისუფლეს“ - საჯარო რეესტრს ყოფილი თანამშრომელი სასამართლოში უჩივლებს


ნონა ნინიაშვილი
ნონა ნინიაშვილი

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის სპეციალისტი ნონა ნინიაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლა. ხელმძღვანელის, დავით დევიძის ბრძანება 16 აგვისტოსაა გამოცემული, ხოლო გათავისუფლების დღედ 19 აგვისტოა მითითებული.

ბრძანებაში წერია, რომ ნინიაშვილის გათავისუფლების მიზეზი გახდა დისციპლინური გადაცდომა, თუმცა კონკრეტულად რა, არ არის მითითებული.

„ნონა ნინიაშვილს შეეფარდოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა 2024 წლის 19 აგვისტოდან. გათავისუფლდეს დაკავებული პოზიციიდან. საფინანსო სამსახურს დაევალოს, ნინიაშვილის საბოლოო ანგარიშსწორება შრომის კოდექსის თანახმად“, - წერია გათავისუფლების ბრძანებაში.

გათავისუფლების გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო შიდა კონტროლის დეპარტამენტის 15 აგვისტოს მომზადებული დასკვნა - რა წერია მასში, უცნობია.

ნონა ნინიაშვილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პარალელურად სიღნაღის საკრებულოს დეპუტატია. ის პარტია „ახლის“ წევრია. სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზად იგი თავის პოლიტიკური საქმიანობას ასახელებს.

„კონკრეტულად რა იგულისხმება დისციპლინურ გადაცდომაში, ეს ჩემთვისაც უცნობია. თუმცა დანამდვილებით ვიცი, რომ პოლიტიკური აქტიურობის გამო გამათავისუფლეს. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ყოველთვის მაქვს ჩემი პოზიცია და ამის შესახებ ვწერ სოციალურ ქსელებში. დავდიოდი გაზაფხულის საპროტესტო აქციებზე, სადაც „რუსულ კანონს“ ვაპროტესტებდით“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნონა ნინიაშვილი და აღნიშნავს, რომ სასამართლო დავის დაწყებას აპირებს.

დისციპლინური გადაცდომის მიზეზით ის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან 2015 წელსაც გაათავისუფლეს. ნონა ნონიაშვილმა სასამართლო დავა მოიგო და სამსახურში 2017 წელს აღადგინეს.

რადიო თავისუფლება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა და ჰკითხა, რა გახდა ნონიაშვილის გათავისუფლების კონკრეტული მიზეზი. სააგენტოსგან პასუხის მიღების შემთხვევაში, ტექსტი განახლდება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG