Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მაიმუნის ყვავილის“ ეპიდემიის გამო ისევ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა


„მაიმუნის ყვავილის“ ახალი ეპიდემია დაიწყო აფეთქებით კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სადაც უკვე 14 000-ზე მეტი ადამიანი დაავადდა.
„მაიმუნის ყვავილის“ ახალი ეპიდემია დაიწყო აფეთქებით კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სადაც უკვე 14 000-ზე მეტი ადამიანი დაავადდა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ(WHO) აფრიკაში ვირუს mpox-ის(მაიმუნის ყვავილი) მორიგი აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციად გამოაცხადა.

ამ ვირუსული დაავადების ეპიდემია 2022-2023 წლებშიც იყო. წლევანდელი აფეთქება უფრო საშიში შტამის გავრცელებამ გამოიწვია.

ახალი ეპიდემია დაიწყო აფეთქებით კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სადაც უკვე 14 000-ზე მეტი ადამიანი დაავადდა და 500-ზე მეტი გარდაიცვალა. კონგოდან დაავადება გავრცელდა აღმოსავლეთ და ცენტრალური აფრიკის ათზე მეტ ქვეყანაში.

ვირუსის ახალ სახეობას წინა შტამზე უფრო მძიმე სიმპტომები აქვს და გარდაცვალების უფრო მაღალი ალბათობით ხასიათდება.

WHO-ს ხელმძღვანელ ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსის ინფორმაციით, 2024 წლის პირველ ნახევარში აღრიცხული შემთხვევების რიცხვი უკვე აჭარბებს მთელი 2023 წლის მონაცემებს.

როგორც Reuters-ი წერს. 2024 წლის დასაწყისიდან აფრიკის 13 ქვეყანაში დაფიქსირებულია 17 000 შემთხვევა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 160%-ით მეტია.

ღებრეიესუსის განცხადებით, დაავადების გავრცელების შესაჩერებლად და ადამიანების გადასარჩენად საჭიროა საერთაშორისო თანამეგობრობის კოორდინირებული მოქმედება.

„მაიმუნის ყვავილი“ სწრაფად გადამდები ვირუსული დაავადებაა, რომლის სიმპტომები გრიპის სიმპტომებს ჰგავს და ახასიათებს სხეულზე წყლულოვანი გამონაყარი.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილის“ აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციად გამოაცხადა 2022 წელსაც.

დაავადება აფრიკიდან გავრცელდა ჯერ ევროპის და ამერიკის სახელმწიფოებში, შემდეგ კი მთელ მსოფლიოში. 110 ქვეყანაში 87 000 ადამიანი დაავადდა და 100-ზე მეტი გარდაიცვალა.

2022 ნოემბერში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსის სახელწოდება „მაიმუნის ყვავილი“ (ინგლისურად monkeypox) შეცვალა mpox-ით, რადგან პირველ ვერსიას მსოფლიოში მოჰყვა რასისტული და სტიგმატიზაციის გამომწვევი გამონათქვამები.

ფორუმი

XS
SM
MD
LG