Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიტყვა-კოდები, რომლებსაც სამყარო უსმენს


ადამიანები ასე ვართ დაპროგრამებულები - ყოველთვის. გვინდა. მეტი.

ავტორი: მერი კაიკაციშვილი

დოფამინი წყლის ნაკადივით დაგვეძგერება, როცა ვიღებთ იმას, რაც გვინდა, მაგრამ ეს ნაკადი რატომღაც ძალიან მალე იქცევა ხოლმე მტკნარ ყოფად, ჩვეულებრივობის კონტექსტში ჯდება და ყველაფერი თავიდან იწყება - ისევ რაღაც გვინდა.

და ასე გრძელდება ეს „რაღაც სხვა მინდას“ დაუსრულებელი ქვესთი.

საზოგადოებაში, რომელშიც ვცხოვრობთ შეპყრობილია მუდამ რაღაცის ძიებით და მისი თითქმის ვერასდროს პოვნის იდეით. ჩვენ გვჯერა, რომ ყველაფერი რაც გვაბედნიერებს, ჩვენ მიღმაა და უნდა გამოვედენოთ, ცხვირ-პირი მოვიმტვრიოთ, ვეძებოთ, ვეძებოთ რაღაც, არ ვიცოდეთ რა, მაგრამ მთავარია, ვეძებოთ.

რაღაცის მუდმივად ძიება არსებობის ახალი ფორმულაა.

ფორმულა, რომელიც ბედნიერებას არა, მაგრამ მოკლევადიან კმაყოფილებას ითვლის.

და იქცა მოკლევადიანი კმაყოფილების შეგრძნება ახალ ბედნიერებად.

ამ კმაყოფილების შეგრძნების ყველაზე ეფექტური გზა დღეს მატერიალისტური მადის დაკმაყოფილებაა - შეგროვება და შეგროვებულის დემონსტრირება. დემონსტრირება, რომ აი ის, რაც სოციუმმა რატომღაც ღირებულად მიიჩნია, ახლა მე მაქვს ანუ მე ამ ნივთმა თავისი სოციალური წონა გადმომცა ანუ მე უკვე ახლა მნიშვნელოვანი სოციალური წონა მომემატა და მნიშვნელოვანი გამხადა.

ამან გამაბედნიერა? არა, მაგრამ მთავარი ეგ არ არის.

სამყაროში, რომელსაც მატერიალური პრიზმიდან ვუყურებთ, მადლიერების ოფცია მოშლილია. იქ სადაც ყოველთვის მეტი უნდათ, მადლიერი ვერ იქნებიან იმით, რაც აქვთ.

ბაზარს ასე არ აწყობს.

მადლიერება

მადლიერება ისევე როგორც ბედნიერება ადამიანის ემოციური მდგომარეობაა, მისი შინაგანი განსაზღვრულობა. ამიტომ ვერასდროს ვპოულობთ ვერცერთს გარეთ.

წარმოიდგინეთ, რომ ადამიანის ცნობიერების ველი ერთგვარი რადარია. თუ ვიფიქრებთ, რომ ადამიანის ცნობიერების ველი ერთგვარი რადარია, მაშინ მადლიერება ის სიხშირეა, რომელიც ბედნიერების ტალღებს იჭერს.

იმიტომ რომ სამყარო ასე მუშაობს - იზიდავ იმას, რაც ხარ და არა იმას, რაც გინდა.

სამყაროს აღქმა რომ სუბიექტურია ამაზე დავა ძალიან გასული საუკუნის ტენდენციაა. დიახ, სამყაროს ობიექტურობა დიდი ხნის წინ ჩამოერთვა.ვიღაცისთვის წყლის ჭიქა ნახევრად სავსეა, ვიღაცისთვის ცარიელი. მოკლედ, სამყარო ისეთია, როგორი პრიზმიდანაც იყურები შენ.

პრიზმაა მადლიერებაც, ადამიანები ირჩევენ დაინახონ რა აქვთ და არა პირიქით.

მაგრამ მადლიერება ტოქსიკური პოზიტივიზმი არ არის, მადლიერება თვალების ფართოდ გახელა, ყველაფრის დანახვა, მაგრამ ყურადღების გამახვილებაა იმაზე, რაც მოგწონს, რომ არსებობს შენს ცხოვრებაში.

მადლიერების განცდის უნარი პირდაპირ განსაზღვრავს ბედნიერების აღქმის უნარს, იგი ადამიანებს ეხმარება, დაინახონ სამყარო მათთვის მომგებიან კონტექსტში.

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ მადლიერებას შეუქცევადად დადებითი გავლენა აქვს ადამიანის მენტალურ ჯანმრთელობაზე - იგი ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ამცირებს შფოთვებს, თრგუნავს დეპრესიას.

ეს როგორ?

მადლიერება აწმყოში მყოფობის უნარია, აწმყოს არეკვლის უნარია. ნებისმიერი მენტალური აშლილობის დროს კი გონება მაქსიმალურად დაშორებულია თავისი აწმყოსგან.

საგულისხმო ფაქტია, რომ გონებაც ისე მოქმედებს, როგორც ჩვენი სოციალური ქსელების ალოგირთმი - რასაც დაკლიკავ, მოიწონებ, დააკომენტარებ - ის კონტენტი ამოგიხტება ნიუს ფიდში. გონებაშიც ასეა, საითკენაც შენს ყურადღებას მიაპყრობ, იქ შენი ენერგია გაედინება. ფსიქიკური ენერგია ადამიანის ყველაზე ქმნადი რესურსია. ყველაფერი, რასაც შენი ენერგია მიემართება, მანიფესტირდება.

როდესაც სამყაროს ეგოს პრიზმიდან ვუყურებთ, ყველაფერი ძალიან სწრაფია. ეგო ასეთი მექანიზმია, მიგარბენინებს, რომ არასდროს დაეწიო. ხანდახან ამოსუნთქვა რომ მოგინდება, ჩერდები და უცებ აცნობიერებ - რა ლამაზი რაღაცები გადამხდა თავს თურმე - ეს ნოსტლაგიაა.

ნოსტალგია სულის დარდია, რომ აწმყოში ცხოვრება ვერ ვისწავლეთ.

მადლიერება

მადლიერება მედიტაციაა.

მადლიერება გა-ცნობიერებაა.

შეგეძლოს მადლიერების განცდა, ნიშნავს შეგეძლოს საკუთარი ცხოვრების სადავეების ეგოსთვის ჩამორთმევა და ცნობიერებისთვის დაბრუნება.

მაგრამ რატომღაც ყოველთვის და რატომღაც ყველას არ გამოსდის მისი განცდა.

რატომ არის ასეთი რთული ვიყო მადლიერი?

შესაბამისი დარგების მკვლევარები ამბობენ, რომ ადამიანებში მადლიერების უნარის არსებობა/არარსებობის მიზეზები შეიძლება რამდენიმე მიმართულებით ვეძებოთ: გენეტიკა, ტვინის სტრუქტურა და რა თქმა უნდა, ადამიანის პიროვნული მახასიათებლები.

ამბობენ, რომ კვლევა, რომელიც ორ წყვილ ტყუპს ჩაუტარეს (საიდანაც ერთნი იდენტური ტყუპები იყვნენ, ხოლო მეორენი არაიდენტური) მკაფიოდ ადასტურებს გენეტიკის გავლენას ადამიანის მადლიერების განცდის უნარზე. იდენტური ტყუპების შემთხვევაში მათი „მადლიერების განცდის მაჩვენებელი“ თითქმის ერთნაირი იყო, რაც ასე არ მოხდა არაიდენტური ტყუპების შემთხვევაში.

არსებობს ასეთი გენი - CD38, რომელიც არის ჩართული ნეიროპეპტიდ ოქსიტოცინის სეკრეციაში/გამოყოფაში. არკანზასის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის მიხედვით, მკვლევარები ამბობენ, რომ CD38 გენის გარკვეული მოდიფიკაციის მქონე ადამიანები უფრო მეტად განიცდიან და ავლენენ მადლიერებას ურთიერთობებში. ასევე სხვადასხვა კვლევის მიხედვით ადამიანებში მადლიერების განცდის უნარზე ზეგავლენა ახდენს ფერმენტი COMT, რომელიც მონაწილეობას იღებს ტვინში დოპამინის გამოყოფაში.

როგორც უკვე ვთქვით, გენეტიკის გარდა მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ტვინის აგებულებას - მის სტრუქტურასაც აქვს რაღაც მოსაყოლი ადამიანების და მათი მადლიერების ამბავში. კვლევების მიხედვით იკრვევა, რომ მადლიერი ადამიანების თავის ტვინის საფეთქლის წილში უფრო მეტი რუხი ნივთიერება ფიქსირდება.

თუმცა მხოლოდ გენეტიკა და თავის ტვინის აგებულება ყველაფერს ვერ ხსნის, არის ასევე უმნიშვნელოვანესი ცვლადი, მადლიერების განცდის ფორმულაში და ეს თვითონ ადამიანი და მისი პიროვნულობაა.

არსებობს პიროვნული მახასიათებლების/ადამიანის თვისებებების გარკვეული ნაკრები, რომლებიც მადლიერებასთან ერთ კალათაში ვერასდროს თავსდება: მატერიალიზმი, სიხარბე, ეგოცენტრიზმი.

სიხარბე და მატერიალიზმი - ეს მუდმივი ფიქრია იმაზე, რაც ადამიანს არ აქვს, შესაბამისად იგი ვერასდროს მოთავსდება აზროვნების იმ შაბლონში, რომელსაც თავისი ყურადღების გამახვილება სურს იმაზე თუ რამდენი კარგი რამ აქვს და რამდენი კარგი რა ხდება მის ცხოვრებაში.

ეგოცენტრული ადამიანი კი თვლის, რომ ყველაფერი რაც აქვს, აქვს იმიტომ რომ თვითონ მოიპოვა, თვითონ შეძლო, რაც შესაბამისად ნიშნავს, რომ არავის და არაფრის მიმართ სამადლობელო არაფერი აქვს.

შეიძლება ამის შეცვლა?

ჩვეულება მხოლოდ რჯულს კიარა, გენეტიკურ კოდებსაც ამსხვრევს. ამაზე ნეირომეცნიერება ბოლო ბევრი წელია აქტიურად საუბრობს.

დღეს ბევრი ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, სპირიტუალური თუ პიროვნული განვითარების მენტორი/ქოუჩი მოგიყვება ამბავს იმაზე, რამდენაც მნიშვნელოვანია მადლიერების უნარის გამომუშავება სასურველი რეალობის მისაღებად და გპირდებით, რომ არცერთი მათგანი არ მოგატყუებთ.

ამბობენ, რომ დილით გაღვიძებისას თუ სამ რაღაცას გაიხსენებ, რისთვისაც მადლიერი ხარ და საღამოს ძილის წინ კიდევ რამდენიმეს, 30 დღის შემდეგ აღმოაჩენ რომ ცხოვრება მთლად ისე არ ყარს(სინამდვილეში ძალიან პირიქით ), როგორც შენი უბნის სანაგვე ურნა.

იმასაც ამბობენ, რომ უფრო ეფექტური გზა, მადლიერების კუნთის ასამუშავებლად წერაა. ზოგიერთ ადამიანს დღიური აქვს ამისთვის სპეციალური, რომელშიც საღამოს წერს ხოლმე, რისთვის იყო იმ დღეს მადლიერი- ეს ძალიან სიანტერესოდ მუშაობს - როცა იცი, რომ საღამოს შენს ვარსკვლავებიან დღიურში ჩასაწერი გაქვს მინიმუმ სამი რამ, რისთვისაც იმ დღეს მადლიერი იყავი, შენი ტვინი ახალ დავალებას იღებს, დღის განმავლობაში ყურადღება მიაქციოს იმას, რაც კარგია და მერე ეს დაიმახსოვროს, რომ საღამოს დღიურში მადლიერების ახალი მიზეზები ჩაწეროს. დანარჩენი თავისთავად ხდება, რასაც შენს ყურადღებას მიაქცევ, შენი ენერგია გაჰყვება, სადაც შენი ენერგია დაიბუდებს, იქ გადაინაცვლებს შენი ცხოვრების სიმძიმის ცენტრი.

მადლიერება არჩევანია. მადლიერი ადამიანი ბედნიერი ადამიანია.

შენ რისთვის ხარ დღეს მადლიერი?

ფორუმი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG