Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხო გავლენის გამჭვირვალების შესახებ კანონპროექტის მიმოხილვა


ავტორი: ესმა გუმბერიძე

ამა წლის 2 აპრილიდან მმართველმა პარტიამ კვლავ წამოიწყო უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვა. 2022 წლის ბოლოს ეს კანონპროექტი წარადგინა ქართული ოცნებისგან გამოყოფილმა ფრაქციამ, ხალხის ძალამ, თუმცა ქართული ოცნების დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს. კანონპროექტი 1-ლი მოსმენით მიიღეს, თუმცა შემდეგ, ხალხმრავალი აქციების ფონზე, 2023 წლის 10 მარტს, მე-2 მოსმენაზე დეპუტატთა საკმარისი რაოდენობა არ გამოცხადდა, ვერ შედგა კენჭისყრისთვის საჭირო კვორუმი და კანონპროექტი ავტომატურად უარყოფილად ჩაითვალა. ამის შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კანონპროექტს აღარ მიუბრუნდებოდნენ. 2023 წლის დეკემბერში საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ კი გადაწყვიტეს, მოქალაქეთა მიმართ გაცემული დაპირების მიუხედავად, ზემოხსენებული კანონი მაინც მიიღონ. წლევანდელი განხილვებიც ხალხმრავალი აქციების ფონზე მიმდინარეობს, შშმ პირებსა და, მათ შორის უსინათლოებს, კი არ უშვებენ საპარლამენტო განხილვებში მონაწილეობის მისაღებად. რამდენიმე ადამიანმა ვცადეთ იურიდიულ კომიტეტში კანონპროექტის განმხილველ პლენარული სხდომების წინმსწრებ მოსმენებზე დასწრების მოთხოვნა, თუმცა ყოველ ჯერზე უარი გვითხრეს დარბაზის გადატვირთულობის საბაბით. არადა ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მუდმივად ისმის საჯარო განცხადებები, რომ კანონს არ მიიღებენ დისკუსიის გარეშე, რომ არგუმენტებისა და კითხვების მოსმენა სურთ. უკვე ცალკე აღებული შშმ პირთა პროცესში ჩართულობის უარყოფა მიანიშნებს ამ პროცესის მავნებლობაზე. კანონპროექტის ტექსტი, ფაქტობრივად, უცვლელია. ერთადერთი ტერმინი შეცვალეს: "უცხოური გავლენის აგენტის" ნაცვლად უკვე კანონად ქცეულ ახალ ვერსიაში არასამთავრობო ორგანიზაციას ან მედიასაშუალებას, რომელიც დაფინანსების 20 პროცენტზე მეტს უცხო ქვეყნებიდან იღებს, ეწოდება "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია".

კანონპროექტმა ხალხში "რუსული კანონის" სახელი ჯერკიდევ შარშან დაიმკვიდრა, პირველ რიგში იმ შედეგთა გამო, რაც მისმა მიღებამ რუსეთში გამოიწვია. უცხოურ აგენტთა შესახებ კანონი რუსეთში პირველად 2012 წლის 20 ივლისს შევიდა ძალაში. თავდაპირველად იქაური კანონიც უცხოური დაფინანსების მიმღებ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მხოლოდ უცხოური აგენტების რეესტრში რეგისტრაციასა და სახელმწიფოსთვის ანგარიშების წარდგენას მოითხოვდა, თუმცა 2024 წლის მაისის შესწორებებით უცხო აგენტად დარეგისტრირებულ ადამიანებს ეკრძალებათ არჩევნებზე კენჭისყრაც. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციაში უცხო გავლენის აგენტებად რეგისტრაციის ვალდებულება აქვთ არამხოლოდ ორგანიზაციებს (იურიდიულ პირებს) არამედ უკვე ადამიანებსაც (ფიზიკურ პირებს). მარტივად რომ ვთქვათ, რუსეთში მიღებიდან 12 წელიწადში, უცხოური გავლენის აგენტების კანონმა მოსპო განსხვავებული აზრი და გამოიწვია დიქტატორული რეჟიმებისთვის დამახასიათებელი ე.წ "კუდიანებზე ნადირობა". მინიმუმამდე დავიდა სახელმწიფო სტრუქტურებში არსებული კორუფციის მამხილებელთა ხმა. აქვე განვმარტავ, რომ დაფინანსება საჭიროა არა აზრის ქონისთვის, არამედ მისი დასაბუთების, მტკიცებულებათა შეგროვებისა და სხვებისთვის მისაწოდებლად. რამდენიმე თვის წინ მსგავსი კანონი მიიღეს ყირღიზეთშიც. ვაშინგტონში ყოფნისას ერთმა ყირღიზმა აქტივისტმა მითხრა, რომ ამ რამდენიმე თვის მანძილზე არასამთავრობოები ერთი მეორის მიყოლებით იხურება. გამოდის, რომ პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის მიღება კლავს სამოქალაქო საზოგადოებასა და იწვევს კრიტიკული აზრის მასობრივ დევნას.

ახლა კი ქართულ კანონპროექტს მივუბრუნდეთ. მისი 1-ლი მუხლის მიხედვით კანონის მიზანია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, თუმცა განვითარებული მოვლენები, კერძოდ კანონპროექტის საჯაროდ გამპროტესტებლებზე, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ ლადო აფხაზავასა და სახელმწიფო სტრუქტურების გამჭვირვალებაზე მომუშავე ინფორმაციის განვითარებისა და თავისუფლების ინსტიტუტის ხელმძღვანელ გიორგი კლდიაშვილზე გამოუძიებელი პირადი თავდასხმები, კანონპროექტის საპროტესტო დემონსტრაციების მონაწილეებთან მასობრივი შეურაცხყოფისა და მუქარის შემცველი სატელეფონო ზარები და თბილისის ქუჩებში გაკრული სახელის გამტეხი პლაკატები, სადაც გამოსახული ყველაზე ცნობადი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები ყოველგვარი მტკიცებულებებისა თუ სასამართლო განაჩენების გარეშე, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით, წარმოჩენილნი არიან "ქვეყნის მოღალატეებად", ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ კონკრეტული მოქალაქეების საწინააღმდეგოდ პირდაპირ გაკეთებული განცხადებები ამ კანონის მიღების სულ სხვა მოტივებზე მიანიშნებს. თანაც, გამჭვირვალობას რომ დავუბრუნდეთ, სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებიც მოქალაქეთა გადასახადებით არსებობენ და, შესაბამისად ვალდებულნი არიან, გაგვაგებინონ, თუ სად იხარჯება ჩვენი ფული, ამას არ აკეთებენ. მაგალითად პარლამენტის ერთერთმა წევრმა განაცხადა, რომ შშმ პირთათვის მომსახურებების მისაწოდებლად ყოველწლიურად ჯანდაცვის სამინისტრო ხარჯავს 462 მილიონ ლარს, რომლებითაც ფინანსდება სერვისის მიმწოდებელი 400 ააიპი. თუმცა არ განუმარტავს, თუ კონკრეტულად რაში იხარჯება ეს თანხები. ამასთან ბუნდოვანია უცხოური გავლენის განსაზღვრებაც. რატომ არის საჭირო მხოლოდ არასამთავრობოებიდან და არაკომერციული მედიიდან წამოსული უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და არა, მაგალითად, ბიზნესიდან წამოსულის? თუ ეს შემდეგი საფეხური იქნება? ქვეყნის სრულ იზოლაციაში მოქცევა. ანდაც სახელმწიფოს რომ აძლევენ უცხოელი დონორები თანხებს თითქმის ყველაფრისთვის, ამის შედეგად წარმოქმნილი გავლენა რატომ არ საჭიროებს გამჭვირვალებას? სახელმწიფოც უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია გამოდის? არასამთავრობოების დიდი ნაწილი არ ფინანსდება რომელიმე 1 დონორისგან, არამედ რამდენიმე ყავთ, მათ შორის სხვადასხვა სახელმწიფოებში არსებული ორგანიზაციები. რომელი კონკრეტული სახელმწიფოს ინტერესების გამტარებლები გამოდიან? უამრავ ქართველს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა აქვს მიღებული. დიასპორის ფულით ცხოვრობს ეს ქვეყანა დიდწილად. ასეთმა ადამიანებმა თუ შეწირეს თანხა ან რამე ნივთი არასამთავრობო ორგანიზაციებს, ესეც უცხო ძალის ინტერესად ჩაითვლება? კანონის თანახმად კი. მე-3 მუხლში პირდაპირ წერია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირი, რომელიც დააფინანსებს საქართველოში არსებულ ორგანიზაციას, ასევე ჩაითვლება უცხო ძალად. შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე უამრავი ორგანიზაცია თავისი შემოსავლების მეხუთედზე მეტს იღებს უცხოეთიდან. ეს ორგანიზაციები არიან სახელმწიფო უწყებებთან (მაგ. მერიები/გამგეობები, საქართველოს მთავრობა, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, ჯანდაცვის სამინისტროები) არსებული საკონსულტაციო საბჭოებისა და სამუშაო ჯგუფების წევრები. როგორ უნდა ითანამშრომლონ მათ სახელმწიფოსთან კანონის მიღების შემთხვევაში: როგორც შშმ პირთა ინტერესებისა თუ როგორც უცხო ძალის ინტერესების გამტარებლებმა? ისიცაა გასათვალისწინებელი, რომ იგივე რუსეთისგან განსხვავებით საქართველო ღარიბი ქვეყანაა. არასამთავრობო ორგანიზაციათა დასაფინანსებლად ფული აქ ფიზიკურადაც არ არის. არც ბიზნესი აფინანსებს მათ ისე, როგორც ეს სხვა ქვეყნებში ხდება. ვარ მეც რა სახელმწიფო სტრუქტურებთან არსებული სხვადასხვა საკონსულტაციო საბჭოს წევრი, პირდაპირ მომისმენია საჯარო მოხელეებისგან, რომ შშმ პირებისთვის საჭირო კონკრეტული საქმისთვის სახელმწიფოს ფული არ აქვს და, იქნებ, როგორმე დონორის მოძიებაში დავეხმაროთ.

და მაინც რას გულისხმობს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი? პირველ რიგში უნდა ავღნიშნო, რომ ის ვრცელდება მედიასაშუალებებზეც, მაგრამ ამ საკითხის გაშლა სტატიის მოცულობას ძალიან გაზრდის. თუმცა ერთს მაინც ვიტყვი: რუსეთში მოქმედი კანონიც ვრცელდება მედიასაშუალებებზე, რამაც იქ სახელმწიფო მოხელეთა კორუფციის, მექრთამეობის, ძალმომრეობის გამომძიებელი ჟურნალისტიკა მოსპო. მკითხველს ვთავაზობ, გაეცნოს რუსეთში ნებადართულ მედიასაშუალებებს და ის დარწმუნდება, რომ ყველა მათგანი ერთსა და იმავე იდეას, აზრს და დამოკიდებულებას გადმოსცემს. კანონი მხოლოდ 7-8 გვერდიანი და საკმაოდ ადვილი გასაგებია. მისი წაკითხვა პარლამენტის ვებგვერდზეა შესაძლებელი. კანონპროექტის 2.ა მუხლის თანახმად უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელია ისეთი არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომელიც არ არის „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია ან „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა. ამ ჩანაწერთან მიმართებით ისმის უამრავი კითხვა. კერძოდ, თუკი ხელისუფლების წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ გამჭვირვალება კარგი რამეა (და სტატიის ავტორი ამ ზოგად მსჯელობას იზიარებს), მაშინ რატომ არ მიიჩნევა უცხო ძალის ინტერესების გამტარებლად ამ კანონის მიზნებისთვის ადმინისტრაციული ორგანოს, ე.ი სახელმწიფო სტრუქტურის მიერ დაფუძნებული ააიპ-ი? ან სპორტის შესახებ კანონით განსაზღვრული სპორტული ფედერაცია ანკიდევ ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება, თუკი მათი წლიური შემოსავლის მეხუთედზე მეტი უცხოეთიდან შემოვა? აქვე ყურადღება მინდა, გავამახვილო იმაზეც, რომ 2.ა მუხლის ჩამონათვალში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაფუძნებული ააიპ-ების, სპორტული ფედერაციებისა და სისხლის დაწესებულებების გვერდით მოხსენიებული არ არის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები. ანუ ასეთ ორგანიზაციებზე კანონი, ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის სიტყვიერი დაპირების მიუხედავად, გავრცელდება, რადგან ამ ორგანიზაციებს, თუ ისინი წლიური დაფინანსების მეხუთედს ან მეტს საზღვარგარეთიდან მიიღებენ, სხვებთან ერთად ექნებათ ვალდებულება, დარეგისტრირდნენ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში. საინტერესოა, როდის შევყავართ ხელისუფლების წარმომადგენლებს შეცდომაში, როცა გვეუბნებიან, რომ კანონი ჩვენზე არ გავრცელდება, სინამდვილეში კი კანონს მისი ტექსტის მიხედვით ჩვენ მიმართაც აღასრულებენ, თუ კანონის ტექსტში ჩვენთვის გამონაკლისის მითითების გარეშე აპირებენ, ყურადღება არ მიაქციონ შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების დაფინანსებას და ამით დაარღვიონ მათ მიერვე მიღებული კანონი? ანკიდევ რატომ გასცეს ის სიტყვიერი დაპირება, რომ კანონი შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებზე არ გავრცელდება, თუკი ამ კანონის მიზნები კეთილშობილია და გამჭვირვალება კარგი რამე?

კანონის მე-5 და მე-6 მუხლები უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული ააიპებისთვის აწესებს ფინანსური დეკლარაციისა და ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის ვალდებულებას, რომლებიც საჯაროდ გამოქვეყნდება. ანგარიშში აღწერილი უნდა იყოს წლის განმავლობაში მიღებული ფინანსური და სხვა მატერიალური რესურსების რაოდენობა (კანონის თანახმად შემოსავალში ითვლება, მაგალითად, შენობის გარემონტება, ასევე საქმიანობები, რომლებშიც რესურსები დაიხარჯა (მიზნობრიობა). აქვე შევახსენებ მკითხველს, რომ თბილისის 202-ე უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლაში სასწავლო სამზარეულო წლების წინ გერმანული ფულით აღიჭურვა, ხოლო მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკაში უსინათლოებისთვის ტექნიკა კორეის საელჩომ შეიტანა. ისმის კითხვა, რაკი საჯაროობა კარგი რამაა, რატომ არ უნდა ვრცელდებოდეს ის მთლიანად ქართველი დონორების მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებზეც?

პერსონალურ მონაცემთა დაცვა: კანონში რამდენიმეჯერ, მათ შორის მე-4, მე-6 და მე-8 მუხლებში ნახსენებია, რომ იუსტიციის სამინისტროს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად დარეგისტრირებული ააიპ-ების შემოწმებისას უფლება აქვს, მოიძიოს პერსონალური მონაცემებიც. გამოდის, რომ, მაგალითად, მე თუ ვარ რომელიმე პროექტის მოსარგებლე, რომც არ მინდოდეს, სახელმწიფომ ჩემ შესახებ რომ იცოდეს, (და ეს საკმაოდ ხშირია შშმ პირების წინააღმდეგ არსებული სტიგმის, სტერეოტიპებისა და დისკრიმინაციის ფონზე) სახელმწიფოს ჩემ შესახებ ინფორმაციაზე შეუზღუდავი წვდომა მაინც ექნება. მე არ ვგულისხმობ სავარაუდო დანაშაულის ჩადენის შემთხვევებს, რა დროსაც სახელმწიფოს უკვე დღეს არსებული კანონმდებლობით ისედაც აქვს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების უფლება.

რა მოყვება კანონის მიღებას? ყველა კანონპროექტს, მათ შორის უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ საქართველოს კანონისას, პარლამენტი ურთავს განმარტებით ბარათს. ამ კანონპროექტის განმარტებითი ბარათიც საკმაოდ მოკლეა, ადვილად წასაკითხი და მისაწვდომია პარლამენტის ვებგვერდზე. მის მიხედვით კანონი უარყოფითად არ აისახება საქართველოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. აღნიშნული, ავტორის აზრით, ზედმეტად თამამი შეფასებაა. აშშსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, ასევე ევროკავშირის სტრუქტურების მიერ გაკეთებული კრიტიკული განცხადებებიდან გამომდინარე მოსალოდნელია ამ დონორებისგან დაფინანსების შემცირებაც. არადა ისინი საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა და წამოწყებების მთავარი დამფინანსებლები არიან. ასევე უამრავმა არასამთავრობო ორგანიზაციამ უკვე განაცხადა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში ისინი არ მიიკრავენ „მოღალატეების“ )უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის) სამარცხვინო იარლიყს და ლიკვიდირდებიან. შედეგად უამრავი ადამიანი დაკარგავს სამსახურს, შესაბამისად ბიუჯეტს დააკლდება მათ მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადი. საქართველოსთვის, რომელიც ძირითადად ცხოვრობს ტურიზმით, უცხოეთში სამუშაოდ წასულთა ფულადი გზავნილებითა და დონორების მიერ გაცემული გრანტებით თუ სესხებით, არასამთავრობო სექტორში სამუშაო ადგილების მასობრივი მოსპობა და ბევრი კვალიფიციური კადრის უცხოეთში გადინება, თავისთავადაც დიდი პრობლემა გახდება. განმარტებითი ბარათის თანახმად კანონი არ აისახება ქალთა და ბავშვთა უფლებებზე, რაც ასევე საეჭვოა უამრავი ორგანიზაციის დაკეტვის პირობებში. აღსანიშნავია, რომ რუსეთში უცხოური გავლენის აგენტების კანონის მიღებიდან ორიოდე წელიწადში დაიხურა მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა, რომელიც საქართველოშიც 30 წელია, არსებობს. ამ პროგრამით არის, ათასობით ქართველი არაპრივილიგირებული სკოლის მოსწავლე, მათ შორის 6-7 უსინათლოც, სრულიად უფასოდ 1 წლით გამგზავრებულა შეერთებულ შტატებში სკოლაში სასწავლებლად, მაშინ როცა ხალხი თბილისში ამერიკულ სკოლაში სწავლაში ათასობით დოლარს იხდის წელიწადში. ამ პროგრამის დახურვა თბილისის გარეთ მცხოვრებ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, დევნილ, ფინანსურად შეჭირვებულ უამრავ ახალგაზრდას წაართმევს ინგლისური ენის შესწავლის, კარიერული განვითარებისა და დაწინაურების საშუალებას. დამაფიქრებელია კანონის მიღების პროცესიც. ის, თუ უკვე როგორი ნეგატიური ტონით მოიხსენიებენ საზღვარგარეთ განათლებამიღებულ ან სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან დაკავშირებულ ადამიანებს. სახელისუფლებო წრეებიდან არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი სიძულვილის რიტორიკა კანონის მიღების შემდეგ გაძლიერდა. არ არის გამორიცხული, თანდათან განსაკიცხად იქცეს აშშ-სა და ევროპაში მოგზაურობა, განათლების მიღება, უცხოელებთან მიმოწერა. და ბოლოს, შშმ პირების გარშემო ისედაც უამრავი სტერეოტიპი არსებობს. ოჯახებს ჯერკიდევ რცხვენიათ შშმ პირების გამოჩენისა. დღეს სახელმწიფო კი აფინანსებს შშმ პირთა ზოგიერთ სერვისს, მაგრამ მის გასამართად, შენობის მოსაწყობად ფინანსებს თითქმის ყოველთვის უცხო დონორი უზრუნველყოფს. ამ სიტუაციაში რეგიონებში ოჯახებს შეეშინდებათ აგენტებად მონათლულ უცხო დაფინანსებით გამართულ ორგანიზაციებში თავიანთი შვილების მიყვანისა, რაც ამ ადამიანების, საბოლოოდ კი ყველა ჩვენგანის, გარიყვას გამოიწვევს, რადგან რაც უფრო ნაკლები შშმ პირი გამოჩნდება საჯარო სივრცეში, მით მეტი სტერეოტიპი დამკვიდრდება ჩვენთან მიმართებაში.

ყოველივე ზემოაღწერილიდან გამომდინარე უცხო გავლენის გამჭვირვალების შესახებ კანონი მეტად საზიანო იქნება საქართველოსთვის, მისი შედეგები კი, პირდაპირ თუ ირიბად, ყველაზე აისახება. კანონმდებლის მიერ გამჭვირვალების უზრუნველყოფის ვალდებულების ცალმხრივად მხოლოდ მოქალაქეთა გაერთიანებებისთვის მიკუთვნება ბადებს გონივრულ ეჭვს, რომ ეს კანონი მიზნად ისახავს სახელმწიფო სტრუქტურების გაუმჭვირვალებიდან ყურადღების გადატანას, კრიტიკულად განწყობილი ადამიანების ხმის ჩახშობასა და სახელმწიფო დაწესებულებებში არსებული პრობლემების მოქალაქეთა მიერ გამოვლენისა და ფართო საზოგადოებისთვის შეტყობინების გამორიცხვას.

ფორუმი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG