Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცერცვის მარცვალი


GEORGIA -- Free Space, Russia Ukraine Investment Cover
GEORGIA -- Free Space, Russia Ukraine Investment Cover

ავტორი: ინგა ღოღობერიძე

სულ მაინტერესებდა, როგორ ან როდის იწერებოდა წიგნები სიყვარულზე. იქნებ, მაშინ, როცა მწერლები იმას გრძნობდნენ, რასაც ახლა მე ვგრძნობ. უბრალოდ, მე წინასწარვე ვიცი, რომ ამას ჩანახატის ფორმა ექნება და არა წიგნის. იმიტომ კი არა, რომ ჩემი სიყვარული წიგნის ხუთას გვერდს ვერ შეავსებს, არა, უბრალოდ მეზარება. თავს ვერ დავდებ, რომ ყოველთვის გავუძლებ წიგნის დაწერის ცდუნებას, მაგრამ ეს აქ და ახლა ნამდვილად არ მოხდება. ცოტა სასაცილო კი იქნებოდა, ასე რომ დაგეწყოთ ამბის კითხვა და მეხუთასე გვერდზე დაგემთავრებინათ. ბოლოს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ერთ ფრაზასაც დაგიტოვებდით, აბა, ხომ კარგად დაგტროლეთ-მეთქი, მაგრამ არა, არ შეგეშინდეთ, ეს სიტყვები მეხუთასე გვერდამდე ნამდვილად არ მიგიყვანთ. ტაძრამდე ხომ მით უფრო არ მიგიყვანთ. მაშ, რა საჭიროა იგი? რისი მაქნისია სიტყვები, თუკი მათ მეხუთასე გვერდამდე არ მივყავართ? ნუ იქნებით პესიმისტები, ჩემო მკითხველებო. აქ შემეძლო მხოლობით რიცხვში მომემართა მხოლოდ ერთი მკითხველისთვის და ამით თითოეული თქვენგანისთვის გამეჩინა განცდა, რომ უშუალოდ თქვენ გელაპარაკებით, რომ განსაკუთრებული ხართ, მაგრამ არ შემიძლია. თუკი ოდესმე მართლა დავწერ წიგნს სიყვარულზე, ვეცდები ყველა ენაზე ითარგმნოს, რომ ყველას, მთელ მსოფლიოს გავუზიარო ამბავი იმ სიყვარულის შესახებ, რომელიც ჩემში ძალიან უცნაურად ფორმირდა.

შვიდი წლის წინ ის ჩემში პაწაწინა ცერცვის მარცვალივით (ეს სიტყვათა შეთანხმება ნორა იკსტენას წიგნში ,,დედის რძე“ წავიკითხე და იმის მერე სულ თავში მაქვს) შემოვიდა, გაღვივდა, გაძლიერდა, მთელ სხეულზე ხავსივით მომედო, ჩემს სხეულად იქცა. მერე უკუპროცესი დაიწყო. უცხო სხეული უკვე ჩემად ქცეული კვლავ ცერცვის მარცვლად გადაიქცა, მაგრამ ის უკვე ჩემს წილ უჯრედებსაც შეიცავდა, გამომეყო, დამტოვა და ცალკე გააგრძელა არსებობა. თითქოს, ის თავის საწყის მდგომარეობას დაუბრუნდა. მისი გასვლის შემდეგ ისე უნდა მეგრძნო თავი, როგორც მის შემოსვლამდე, მაგრამ ასე არ იყო. ვერც მარცვალი და ვერც მე ვეღარ დავუბრუნდებოდით ჩვენს საწყის პოზიციებს, რადგან ჩვენ ერთმანეთის ნაწილები გვერგო წილად. მე მისი დამრჩა, მან ჩემი წაიღო.

როგორ მინდა, ჩემს შემოქმედებით ნიჭს ფრთების გაშლა და სიტყვებად დაღვრა შეეძლოს, რათა მთელი სიზუსტით შევძლო ჩემი უცნაური ცერცვის მარცვლის აღწერა. იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა - ან ამის ზღაპრად გაგრძელება შემეძლოს, რომ ერთი ამოსუნთქვით მომეთხრო ამბავი პრინცსა და პრინცესაზე, რომლებიც ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად, მაგრამ ცალ-ცალკე, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად და ერთმანეთისგან შორს. ისე (როგორც ჩემი ბავშვობის მეგობარი იწყებს ყველა სულელურ წინადადებას), რამდენი ზღაპარი წაგიკითხავთ სიყვარულის ისტორიაზე, სადაც დაბრკოლებების, დრაკონებთან ორთაბრძოლების, ბოროტი ჯადოქრების დამარცხების შემდეგ ყველაფერი ლამაზად მთავრდება და ყველა ბედნიერია, მაგრამ პრინცი და პრინცესა ერთად არ რჩებიან? არც ერთი, ხომ ასეა? ორიგინალური ზღაპარი კი გამომივიდოდა, მაგრამ არა, ზღაპრის დაწერის სურვილს რაღაც ვერ ვგრძნობ.

წიგნი - არა, ზღაპარი - არა, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე რას იტყვით? მგონი კარგი ვარიანტია, მაგრამ ძალიან არამხატვრული და ზედმეტად სენტიმენტალური ტექსტი გამოვიდოდა, უხერხულიც კი. აი, დაახლოებით ასეთი იქნებოდა:

მეგობრებო, ამ საფეხბურთო ქაოსთან არაფერ შუაშია, მაგრამ მინდა ჩემი ემოციები გაგიზიაროთ. იცით, მგონია რომ სიყვარული, რომელსაც მის მიმართ ვგრძნობდი, ჩემგან დამოუკიდებლად აგრძელებს არსებობას. მართალია, ჩვენი გზები გაიყო, სულ სხვა მიმართულებებით მივდივართ, კომუნიკაციაც თითქმის არ გვაქვს და მაინც, როგორც კი წარმოვიდგენ, რომ შეიძლება ის აღარ იყოს, ვეღარც საკუთარ თავს ვხედავ ამ სამყაროში. მგონია, რომ მართლა ჩემი ნაწილია, რომელიც გამომეყო, დამტოვა და შეიძლება ვერც ვეღარასდროს გადავიკვეთოთ, მაგრამ მაგ პაწაწინა ნაწილს რამე რომ შეემთხვას, უცებ, შემთხვევით, ვინმემ ფეხი რომ დააბიჯოს, მგონია, რომ მთელი ჩემი მთლიანობა დაირღვევა. არ ვიცი, რატომ გიზიარებთ ამას. იქნებ იმიტომ, რომ მინდა იცოდეთ, სიყვარული მრავალფეროვანი და მრავალფორმიანია და დაშორება არ ნიშნავს მის გაქრობას. უფრო მეტიც, შეიძლება ის მისი სიდიდისგანაც იყოს გამოწვეული.

ალბათ, ბევრ მოწონებას დაიმსახურებდა ეს პოსტი. ასეა, რამე ჭკვიანურს და აქტივისტურს რომ ვწერ, სულ ხუთ ადამიანს მოსწონს, მაგრამ თუკი ტექსტში ცოტა სენტიმენტს გავურევ, მაშინვე იზრდება მოწონებების რიცხვი. არა, ამ პოსტს ვერ დავწერ. ნამდვილად უხერხული წასაკითხია და ასეც რომ არ იყოს, ყველა ნაცნობი მიხვდება, ვისზე ვსაუბრობ ასეთი დიდი და უცნაური სიყვარულით, რომელსაც ყოველთვის ახლდა თან სხვების ეჭვი, იყო თუ არა ეს ნამდვილად IS სიყვარული.

სამწუხაროდ, გამოხატვის ვერცერთი ფორმა ვერ მოვარგე ამ ჩემს უფორმო სიყვარულს. გამოხატვის კი არა, ურთიერთობის ფორმაც კი ვერ მოვარგე ამ ჩემს უფორმო სიყვარულს.

***

რა მოხდებოდა, ზღაპრის დაწერა მაინც შემძლებოდა...

იყო და არა იყო რა.

იყო და აღარ იყო.

იყო ცერცვის მარცვალი და აღარ იყო ცერცვის მარცვალი.

უფრო სწორად, ისევ იყო ცერცვის მარცვალი, ოღონდ ჩემში აღარ იყო რა.

***

იყო და არა იყო რა, სიყვარულზე უკეთესი რა იქნებოდა?

და მაინც, ოდესმე დავწერ ხუთას გვერდიან ამბავს ბიჭზე.. არა, გოგოზე. დავწერ ამბავს გოგოზე, რომელსაც უყვარდა არაეგოისტურად, უცნაურად, უფორმოდ, გაუგებრად, მაგრამ ძლიერად.

***

P.S. სიყვარულზე უკეთესი რა იქნებოდა და ნაყინი. მხოლოდ და მხოლოდ ნაყინი და არაფერი ნაყინის გარდა.

ფორუმი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG