Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციოს თანამშრომელს, რომელიც ამბობდა, რომ უკანონოდ დააკავეს, მოსამართლემ სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა


თორნიკე ობოლაშვილი
თორნიკე ობოლაშვილი

საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომელი თორნიკე ობოლაშვილი, რომელიც აცხადებდა, რომ პოლიციამ უკანონოდ დააკავა, სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა. შესაბამისი გადაწყვეტილება 14 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ მიიღო.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში თორნიკე ობოლაშვილი აღნიშნავს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილს ჯერ არ იცნობს, ამიტომ ვერ ამბობს, რა არგუმენტებზე დაყრდნობით ცნეს იგი სამართალდამრღვევად.

"რაც გადამხდა, ის, რაც ფეისბუკპოსტში დავწერე, ვილაპარაკე სასამართლოზეც. შსს-ის პოზიცია იყო, თითქოს მე მათ მივაყენე სიტყვიერი შეურაცხყოფა და რომ წინააღმდეგობა გავუწიე ზედაპირულ შემოწმებას. ფიქრობენ, რომ ჩანთის გაჩხრეკა იყო ზედაპირული შემოწმება", - ამბობს ის.

თორნიკე ობოლაშვილი, თავის მხრივ, შსს-ს უფლებამოსილების გადამეტებას ედავება და შესაბამისი განცხადება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში შეიტანა. მისი ინფორმაციით, ამ საქმეზე ჯერ გამოძიებაც არ დაწყებულა: "ექსპერტიზაზე უნდა გადავეყვანე მეორე დღესვე და საერთოდ აღარ შემეხმიანნენ".

17 ივლისს თორნიკე ობოლაშვილმა ფეისბუკზე გამოაქვეყნდა ვრცელი პოსტი იმაზე, რომ სახლიდან ავტობუსის გაჩერებისკენ მიმავალი, პოლიციამ გააჩერა და 4 საათზე მეტი ხნის განმავლობაში უკანონოდ დააკავა.

მისი სიტყვებით, უკანონოდ წაართვეს ტელეფონი, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და ტელეფონის მეორედ წართმევის დროს უკანონოდ შეაგროვეს მისი პირადი ხასიათის ინფორმაცია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG