Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მომაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა" - მოქალაქე ამბობს, რომ პოლიციამ 4 საათზე მეტი ხნის განმავლობაში უკანონოდ დააკავა


ფოტოილუსტრაცია. საპატრულო პოლიციის მანქანა
ფოტოილუსტრაცია. საპატრულო პოლიციის მანქანა

მოქალაქე თორნიკე ობოლაშვილი აცხადებს, რომ 15 ივლისს, დაახლოებით 17:30 საათზე, სახლიდან ავტობუსის გაჩერებისკენ მიმავალი პოლიციამ გააჩერა და 4 საათზე მეტი ხნის განმავლობაში უკანონოდ დააკავა.

მისი სიტყვებით, უკანონოდ წაართვეს ტელეფონი, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და ტელეფონის მეორედ წართმევის დროს უკანონოდ შეაგროვეს მისი პირადი ხასიათის ინფორმაცია.

თორნიკე ობოლაშვილი მომხდარს დეტალურად აღწერს ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში, რომელშიც ჰყვება, რომ შეხვედრისას სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა ორმა პოლიციელმა განუმარტა, რომ მისი იდენტიფიცირება სურდათ.

როგორც ის ჰყვება, ერთ-ერთმა პოლიციელმა უთხრა, რომ ზედაპირულად უნდა შეემოწმებინათ, რაზეც დათანხმდა, ამის შემდეგ კი ჩანთის გახსნა მოსთხოვეს.

"უარი განვაცხადე, განვუმარტე, რომ ჩანთაში არაფერი უკანონო არ მედო, რომ ვიყავი იურისტი, ვიცოდი ჩემი უფლებები და რომ თუ ჩემი ჩანთის გახსნა უნდოდათ მაშინ უნდა ეწარმოებინათ ჩხრეკა, შესაბამისი პროცედურების დაცვით. ამის შემდგომ, ამავე პოლიციელი გადავიდა აშკარა მუქარის ტონზე და მითხრა რომ თუ ჩანთას არ გავხსნიდი, მაშინ 3 საათით დამაყოვნებდა ადგილზე და ვერსად წავიდოდი. აღნიშნულზე ვუპასუხე, რომ მისი მუქარა იყო არაკანონიერი და კიდევ რამდენჯერმე მოვითხოვე დაებრუნებინათ ჩემი პირადობის მოწმობა და გავეშვი, რადგან მეგობართან შესახვედრად მაგვიანდებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ყველაფერს გადავიღებდი ვიდეო კამერით.

ჩემი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ისინი არ მიბრუნებდნენ პირადობის მოწმობას, მეუბნებოდნენ, რომ თუ მართლა მეჩქარებოდა მაშინ გამეხსნა ჩანთა და თან მეუბნებოდნენ რომ ნუ ვკანკალებდი (არ ვკანკალებდი). ასე ვიყავით დაახლოებით 5 წუთი, რის შემდეგაც ამოვიღე ჩემი მობილურის ტელეფონი და ჩავრთე კამერა, რათა ამესახა ამ პოლიციელების უკანონო ქმედებები. როგორც კი დაინახეს, რომ გადაღება მართლა დავიწყე, მაშინვე ორივე შეხმატკბილებულად მომვარდა, ტელეფონი წამართვეს, ხელები ძლიერად გადამიგრიხეს და სწრაფი ტემპით წამიყვანეს მათი მანქანისკენ. მე არანაირი წინააღმდეგობა არ გამიწევია...

სანამ მანქანამდე მივედით გზაზე წამაქციეს და ასფალტზე დამაგდეს, რის შედეგადაც იდაყვიდან და თითებიდან სისხლი წამომივიდა. ამ დროს გავიგე, რომ ერთ-ერთმა მათგანმა რაციით დამხმარე ეკიპაჟიც გამოიძახა. მალევე მანქანის უკანა სავარძელზე ძალით ჩამაგდეს, ერთი პოლიციელი საჭესთან დაჯდა, ხოლო მეორე ჩემს გვერდით და ხელი ძლიერად გადამიგრიხა. ამ დროს დამხმარე ეკიპაჟიც მოუვიდათ და უკანა სავარძელზე კიდევ ერთი პოლიციელი მომიჯდა, რომელმაც მეორე ხელიც გადამიგრიხა. ასე მიმიყვანეს თემქის პოლიციის განყოფილებამდე. მანქანიდან ისევ ძალით გადმომიყვანეს და შემიყვანეს პოლიციის განყოფილებაში", - ჰყვება ობოლაშვილი.

იგი იხსენებს განყოფილებაში ყოფნის პერიოდსაც და ჰყვება, რომ პოლიციელებს მის მიმართ "აგდებული" დამოკიდებულება ჰქონდათ და კვლავ ითხოვდნენ ჩანთის გახსნას. ობოლაშვილი აღნიშნავს იმასაც, რომ არ მისცეს ადვოკატთან დარეკვის უფლება, შემდეგ კი მოტყუებით წაართვეს ტელეფონი მას შემდეგ, რაც ადვოკატთან დარეკვის უფლების მიღების შემდეგ ტელეფონზე ბლოკი მოხსნა.

"პოლიციის შენობაში შეყვანის შემდეგ ერთ-ერთმა პოლიციელმა აგდებული ტონით მითხრა – „ჰა, ახლა ხო მაინც გახსნი მაგ ჩანთას“. ამაზეც ვუპასუხე რომ მე ჩემი ნებით ჩანთას არ გავხსნიდი და თუ უნდოდათ ენახათ მაშინ უნდა გაეჩხრიკათ. ამის შემდეგ ჩამიყვანეს ქვევით სართულზე, სადაც კამერები არ იყო და დამიწყეს აგდებული ტონით საუბარი, რომ რამდენს ვბედავდი, როცა უარს ვეუბნებოდი ჩანთის გახსნაზე. მე მოვითხოვე განემარტათ სტატუსი ვიყავი თუ არა დაკავებული, რაზეც ისევ აგდებული ტონით მითხრეს რომ ბორკილები ხომ არ მეკეთა და თუ იურისტი ვიყავი ეს უნდა მცოდნოდა. თუმცა, რა თქმა უნდა, პოლიციის შენობის დატოვებაზე უარი მითხრეს და „განმიმარტეს“. რომ ვიყავი არა დაკავებული არამედ შეკავებული (პოლიციის განყოფილებაში). ამის შემდეგ მოვითხოვე ადვოკატთან ზარის განხორციელება, რაზეც მითხრეს, რომ რახან დაკავებული არ ვიყავი ამიტომ არ მქონდა არც ზარის განხორციელების უფლება და არ დამარეკინეს. ასე გავიდა დაახლოებით 1 საათი, რა დროსაც ჩემთან მოვიდა არაერთი პოლიციელი, რომლებიც ზუსტად ერთი და იგივეს მეუბნებოდნენ – თითქოს ვალდებული ვიყავი, რომ ჩანთა გამეხსნა და რომ არ გახსნის მიზეზი მხოლოდ ის შეიძლებოდა ყოფილიყო, რომ შიგნით რაღაც უკანონოს ვინახავდი.

ამის შემდეგ ჩამოვიდა ისევ ის პოლიციელი, დამიბრუნა ჩემი ტელეფონი და მითხრა, რომ უფლება მქონდა დამერეკა ადვოკატთან. მე გამოვართვი ტელეფონი და როგორც კი მას ბლოკი მოვხსენი, უკნიდან მეორე პოლიციელი მომეპარა, ტელეფონი წამართვა და გაიქცა :დ, ხოლო დანარჩენმა პოლიციელებმა მითხრეს რომ სკამზე დავრჩენილიყავი და არ გავნძრეულიყავი".

ობოლაშვილის თქმით, ადგილზე შეხვდა კიდევ ერთ პირს, რომელიც გაეცნო, როგორც განყოფილების უფროსი. როგორც ამბობს, მას მომხდარის შესახებ ყველაფერს მოუყვა და უთხრა ისიც, რომ პოლიციელები, მისი ვარაუდით, უკანონოდ აგროვებდნენ ტელეფონში არსებულ პირადი ხასიათის ინფორმაციას.

თორნიკე ობოლაშვილის თქმით, განყოფილების უფროსი მას "საქმის ვითარებაში გარკვევას" შეჰპირდა და ჰკითხა, თუ სად მუშაობდა, რაზეც უპასუხა, რომ არის საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომელი.

ობოლაშვილი იხსენებს, რომ ჩანთა თავისი ნებით მაინც არ გახსნა და პოლიციელებმა მისი ჩხრეკა დაიწყეს. მისი სიტყვებით, მას შემდეგ, რაც მისი სამსახურებრივი მოწმობა ნახეს, პოლიციელების დამოკიდებულება "ძირეულად შეიცვალა".

"მათდა სამწუხაროდ არც ჩანთაში აღმომაჩნდა რაიმე სახის უკანონო ნივთი. სამაგიეროდ აღმოჩნდა ჩემი სამსახურებრივი მოწმობა, რომელზეც ეწერა, რომ ნამდვილად ვიყავი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფროსი თანაშემწე. აღნიშნულის შემდგომ, ჩემს მიმართ აქამდე არსებული აგდებული ტონი ძირეულად შეიცვალა და დაიწყეს, რომ რაღაც გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, რომ თუ მე თავიდანვე ვანახებდი მათ ჩემს სამსახურებრივ მოწმობას ისინი მაშინვე გამიშვებდნენ და ეს „გაუგებრობაც“ არ მოხდებოდა.. მეტი დამაჯერებლობისთვის ერთ-ერთმა მათგანმა დაიგინა. ასევე მითხრეს, რომ თითქოს ჩვენ ერთ საერთო საქმეს ვემსახურებოდით და ბევრი საერთო გვქონდა", - ჰყვება ის.

თორნიკე ობოლაშვილის თქმით, საბოლოოდ შეადგინეს მისი დაკავების ოქმი და მასზე ხელის მოწერა სთხოვეს, რაზეც უარი განაცხადა. მისი სიტყვებით, ოქმში ეწერა "ტყუილი".

მისივე ინფორმაციით, ედავებიან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენას, "რაც თითქოს გამოიხატა იმაში, რომ არ მივეცი ზედაპირული შემოწმების ჩატარების შესაძლებლობა."

"დაახლოებით 1 საათში მართლაც ჩამოვიდა ის პოლიციელი, რომელმაც დამაკავა და მითხრა, რომ ხელი უნდა მომეწერა დაკავების ოქმზე, რაზეც უარი განვაცხადე 2 მიზეზის გამო: ა) ძალიან რთულად ან საერთოდ არ იკითხებოდა ოქმში რა ეწერა; ბ)რისი წაკითხვაც მოვახერხე იყო ტყუილი, კერძოდ, ოქმში ეწერა, რომ მე დაკავებისთანავე განმემარტა ჩემს მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსი და დაკავების საფუძველი, რომ მქონდა ჩემი დაკავების ფაქტი მეცნობებინა ახლობლებისთვის. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, არათუ ამ უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა არ მომცეს, ისიც კი არ განმიმარტეს, რომ ვიყავი დაკავებული და არა შეკავებული. [...] ასევე ოქმში წერია, რომ თითქოს პოლიციელებს ვესაუბრებოდი ცინიკურად, რაც ასევე ტყუილია, თუ ცინიზმში იმას არ გულისხმობენ, რომ ვიცოდი კანონში რა ეწერა და მოვუწოდებდი კანონის შესაბამისად ემოქმედათ".

ობოლაშვილი აღნიშნავს, რომ საბოლოოდ ტელეფონში წაშლილი დახვდა ის რამდენიმეწამიანი ვიდეო, რომლის გადაღებაც მოასწრო მანამ, სანამ პოლიციელები ტელეფონს წაართმევდნენ.

მისივე თქმით, სხეულზე აქვს დაზიანებები და მომხდარზე უკვე მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:

"ცხადია, ჩემს ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ მექანიზმს გამოვიყენებ იმისთვის, რომ ამ პოლიციელებმა კანონის მთელი სიმკაცრით აგონ პასუხი მათ მიერ ჩადენილ არაერთ დანაშაულზე... დღეს, წესით უნდა დამკავშირებოდნენ და სამედიცინო შემოწმება უნდა გამევლო სამხარაულის ექსპერტიზაში, რადგან იდაყვზე, თითებზე და მხრებზე მაქვს დაზიანებები და სისხლჩაქცევები ასევე კლინიკაში გავლილი დიაგნოზის თანახმად, მაქვს მარჯვენა მხრის სახსრის იოგების ღრძობა-დაჭიმულობა, თუმცა ჯერ არ დამკავშირებიან".

რადიო თავისუფლება ცდილობს დაუკავშირდეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. მიღების შემთხვევაში, მათი კომენტარი ტექსტში აისახება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG