Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა ადასტურებს რუსეთის ოთხ აეროდრომზე თავდასხმას


საილუსტრაციო ფოტო არქივიდან: რუსეთის ერთ-ერთი აეროდრომი
საილუსტრაციო ფოტო არქივიდან: რუსეთის ერთ-ერთი აეროდრომი

კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული მოიერიშე თვითმფრინავი Су-34 გაანადგურეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

ამასთან, გამოცემა "უკრაინსკაია პრავდასა" და სააგენტო "როიტერსს" წყარო უკრაინის უშიშროების სამსახურიდან ეუბნება, რომ უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა „რუსეთის სამხედრო აეროდრომებზე მთელი ომის განმავლობაში უმსხვილესი თავდასხმა განახორციელეს“. ის აკონკრეტებს, რომ თავდასხმა მოხდა ვორონეჟის, კურსკის, სავასლეიკისა და ბორისოგლებსკის აეროდრომებზე.

მისი განცხადებით, ეს სპეციალურად დაგეგმილი ოპერაცია იყო, რათა მოწინააღმდეგემ ფრონტის ხაზზე უკრაინული ქალაქების დასაბომბად აეროდრომების გამოყენება ვერ შეძლოს.

დღეს, 14 აგვისტოს დილით, ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის გუბერნატორმა გლებ ნიკიტინმა ამ რაიონზე დრონებით თავდასხმა დაადასტურა, თუმცა სამხედრო ბაზაზე არაფერი უთქვამს.

გამთენიისას, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევის შესახებ იუწყებოდა რუსეთის ვორონეჟის ოლქის ხელისუფლებაც. ადგილობრივი ტელეგრამ-არხების ცნობით, სავარაუდოდ, დარტყმები იყო ქალაქ ვორონეჟში მდებარე სამხედრო აეროდრომ „ბალტიმორზე“ და ვორონეჟიდან 200 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბორისოგლებსკში მდებარე საავიაციო ცენტრზე.

დღეს დილით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ხმელეთზე გამოწვეული შედეგების დაკონკრეტების გარეშე განაცხადა, რომ ჩამოაგდეს უკრაინელების ოთხი ტაქტიკური რაკეტა და 117 უპილოტო საფრენი აპარატი.

თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ოთხივე რაკეტა და 37 დრონი კურსკის ოლქში გაანადგურეს, კიდევ 37 დრონი - ვორონეჟის ოლქში, 17 - ბელგოროდში, 11 - ნიჟნი-ნოვგოროდში, ცხრა - ვოლგოგრადის ოლქში, სამი - ბრიანსკში, ორი - ორიოლის ოლქში და ერთი - როსტოვში.

ამ ოფიციალური მონაცემების დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება ვერ ხერხდება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG