Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეტევა იყო, სავარაუდოდ, სამ რუსულ ავიაბაზაზე, რუსეთი 117 დრონის განადგურებას იუწყება


საილუსტრაციო ფოტო. უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი Vampire
საილუსტრაციო ფოტო. უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი Vampire

რუსეთის ვორონეჟის ოლქის გარდა, უკრაინული დრონებით შეტევა იყო ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში მდებარე საავიაციო ბაზაზე. ამის შესახებ რუსული ტელეგრამ-არხები იუწყებიან. ისინი ასახელებენ კულებაკის რაიონში მდებარე ავიაბაზა „სავასლეიკას“, სადაც დისლოცირებული არიან რუსული არმიის მიგ-31 ტიპის თვითმფრინავები.

დღეს, 14 აგვისტოს დილით, ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის გუბერნატორმა გლებ ნიკიტინმა ამ რაიონზე დრონებით თავდასხმა დაადასტურა, თუმცა სამხედრო ბაზაზე არაფერი უთქვამს.

გამთენიისას, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევის შესახებ იუწყებოდა რუსეთის ვორონეჟის ოლქის ხელისუფლებაც. ადგილობრივი ტელეგრამ-არხების ცნობით, სავარაუდოდ, დარტყმები იყო ქალაქ ვორონეჟში მდებარე სამხედრო აეროდრომ „ბალტიმორზე“ და ვორონეჟიდან 200 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბორისოგლებსკში მდებარე საავიაციო ცენტრზე.

უკრაინას რუსეთის ამ სამხედრო ობიექტებზე შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

დღეს დილით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ხმელეთზე გამოწვეული შედეგების დაკონკრეტების გარეშე განაცხადა, რომ ჩამოაგდეს უკრაინელების ოთხი ტაქტიკური რაკეტა და 117 უპილოტო საფრენი აპარატი.

თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ოთხივე რაკეტა და 37 დრონი კურსკის ოლქში გაანადგურეს, კიდევ 37 დრონი - ვორონეჟის ოლქში, 17 - ბელგოროდში, 11 - ნიჟნი-ნოვგოროდში, 9 - ვოლგოგრადის ოლქში, 3 - ბრიანსკში, 2 - ორიოლის ოლქში და 1 - როსტოვში.

ამ ოფიციალური მონაცემების დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება ვერ ხერხდება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG