Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ბელგოროდის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა


რუსი პოლიციელები და სამხედრო ბელგოროდის შესასვლელთან
რუსი პოლიციელები და სამხედრო ბელგოროდის შესასვლელთან

რუსეთის ბელგოროდის ოლქში, რომელიც უკრაინას ესაზღვრება, დღეიდან, 14 აგვისტოდან, აამოქმედეს რეგიონული დონის საგანგებო სიტუაციის რეჟიმი. გადაწყვეტილება ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა გამოაცხადა.

სოციალური ქსელებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში გლადკოვი მიზეზად ასახელებს „უკიდურესად რთულ და დაძაბულ ვითარებას“. უკვე რამდენიმე დღეა ვრცელდება ცნობები, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქის გარდა, სახმელეთო ოპერაცია დაიწყეს ბელგოროდის ოლქშიც.

გლადკოვი სახმელეთო შეტევას არ ახსენებს, თუმცა აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან ყოველდღიური სროლის, სახლების ნგრევის და მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის გამო გადაწყვიტეს მოსახლეობის დასაცავად და დამატებითი დახმარების გასაწევად აამოქმედონ რეგიონული დონის საგანგებო სიტუაციის რეჟიმი.

ბელგოროდის გუბერნატორის თანახმად, რუსეთის მთავრობას მიმართავენ ფედერალური მასშტაბის საგანგებო მდგომარეობის გამოსაცხადებლადაც.

რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ბელგოროდის, კურსკისა და ბრიანსკის ოლქებში 10 აგვისტოდან მოქმედებს „კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმიც".

უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები 6 აგვისტოს შევიდნენ რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინის სუმის ოლქთან მოსაზღვრე კურსკის ოლქში. 9 აგვისტოს რუსეთის მთავრობამ ამ რეგიონში აამოქმედა ფედერალური დონის საგანგებო მდგომარეობა.

უკრაინის არმიის მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ 13 აგვისტოს განაცხადა, რომ კურსკის ოლქში აკონტროლებენ 74 დასახლებულ პუნქტს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მოწინააღმდეგის წინსვლა შეჩერებულია და მას დიდი დანაკარგი აქვს, თუმცა დამოუკიდებელი წყაროები ამას არ ადასტურებენ.

უკრაინასთან მოსაზღვრე რაიონებში შექმნილი სიტუაციის გამო 12 აგვისტოს მოსკოვში გამართულ თათბირზე, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინა პროვოკაციაში დაადანაშაულა და „ღირსეული პასუხით“ დაემუქრა. პუტინის განცხადებით, კიევის პროვოკაცია მიმართულია მომავალი მოლაპარაკებებისთვის პოზიციების გაძლიერებისკენ, თუმცა აზრს მოკლებულია კონტაქტი მთავრობასთან, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას უტევს.

რუსეთი, როგორც წესი, არაფერს ამბობს იმაზე, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან მუდმივად უტევს ადგილობრივ სამოქალაქო მოსახლეობას და სამოქალაქო ობიექტებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG