Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრი სახლი „ღრმად შეშფოთებულია“ ისრაელის მიერ ღაზაში სკოლის დაბომბვით და 100-მდე ადამიანის სიკვდილით


სკოლის შენობას, რომელზეც განახორციელა ისრაელმა სარაკეტო იერიში, ადგილნაცვალი პალესტინელები დროებით თავშესაფრად იყენებდნენ. ქალაქი ღაზა, 10 აგვისტო, 2024.
სკოლის შენობას, რომელზეც განახორციელა ისრაელმა სარაკეტო იერიში, ადგილნაცვალი პალესტინელები დროებით თავშესაფრად იყენებდნენ. ქალაქი ღაზა, 10 აგვისტო, 2024.

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ „ღრმად შეშფოთებულია“ ისრაელის მიერ 10 აგვისტოს ქალაქ ღაზაში სკოლის ტერიტორიაზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის გამო, რომელსაც, ადგილობრივი სამოქალაქო თავდაცვის სფეროს წარმომადგენელთა თქმით, 100-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

მანამდე სკოლაზე იერიში დაგმეს რამდენიმე არაბულმა სახელმწიფომ, თურქეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა.

სკოლის ტერიტორიას თავს აფარებდნენ ადგილნაცვალ პალესტინელთა ოჯახები. იერიში განხორციელდა მზის ამოსვლის წინ, როცა ხალხი დილის ლოცვის რიტუალს ასრულებდა.

ღაზის სექტორის საგანგებო სამოქალაქო სამსახურის თქმით, რომელიც, Reuters-ის თანახმად, სანდო რეპუტაციით სარგებლობს მსხვერპლის რაოდენობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში, დაბომბვას დაახლოებით 100 ადამიანი ემსხვერპლა.

ისრაელმა განაცხადა, რომ სკოლის ტერიტორიაზე დაახლოებით 20 შეიარაღებული ექსტრემისტი მოქმედებდა.

ეს დარტყმა ყველაზე მომაკვდინებელი იყო ათი თვის განმავლობაში ღაზის სექტორში ისრაელის მიერ წარმოებული სამხედრო ოპერაციის განმავლობაში, აღნიშნავს Associated Press-ი.

ისრაელი ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციას ახორციელებს 2023 წლის 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელში ჰამასის (აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული) თავდასხმის საპასუხოდ. მაშინ ისრაელში 1200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ორასზე მეტი დაატყვევეს და წაიყვანეს ღაზაში. ისრაელი აცხადებს, რომ მისი მიზანია ჰამასის სრული განადგურება.

ჰამასის მიერ კონტროლირებადი ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ისრაელის იერიშების შედეგად დაიღუპა თითქმის 40 ათასი პალესტინელი, ძირითადად ქალები და ბავშვები. ამ მონაცემების დამოუკიდებელი წყაროებით დადასტურება არ ხერხდება. 2,3 მილიონიდან თითქმის ორი მილიონი იქცა ლტოლვილად და ახლა ისინი ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში მდებარე კარვების ბანაკებს აფარებენ თავს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG