მექსიკის მოქმედმა პრეზიდენტმა არ დააკმაყოფილა უკრაინის მოთხოვნა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაპატიმრებაზე იმ შემთხვევაში, თუკი პუტინი მიმდინარე წლის ოქტომბერში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ჩავა მექსიკაში. ამ ცნობას სააგენტო "როიტერსი" ავრცელებს.
"ჩვენ არ შეგვიძლია ამის გაკეთება. ეს ჩვენი საქმე არ არის", - განაცხადა მოქმედმა პრეზიდენტმა ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მექსიკაში უკრაინის საელჩომ 8 აგვისტოს გამოაქვეყნა წერილი, რომლითაც მექსიკის ხელისუფლებას მიმართა პუტინის დაპატიმრების თხოვნით - თუკი პუტინი 1 ოქტომბერს არჩეული პრეზიდენტის, კლაუდია შეინბაუმის ინაუგურაციას დაესწრება. წერილში ნათქვამი იყო, რომ მექსიკა ცერემონიაზე იწვევს ყველა იმ ქვეყნის წარმომადგენლებს, რომლებთანაც დიპლომატიური კავშირები აქვს.
უკრაინის საელჩო ასახელებდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემულ ორდერს პუტინის დაპატიმრებაზე. "იმედი გვაქვს, რომ მექსიკის ხელისუფლებამ იცის, რომ ვლადიმირ პუტინი არის ომის დამნაშავე, რომლის დაპატიმრებაზეც ორდერია გაცემული", - ეწერა განცხადებაში.
ივნისში პუტინმა შეინბაუმს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და მექსიკას უწოდა "რუსეთის ისტორიული მეგობრული პარტნიორი ლათინურ ამერიკაში".
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2023 წელს გასცა პუტინის და ბავშვთა უფლებების დამცველის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები. ისინი ეჭვმიტანილნი არიან ომის დანაშაულების ჩადენაში - უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოსახლეობის, კერძოდ, ბავშვების იძულებით დეპორტაციასა და გადაადგილებაში.
ფორუმი