„საომარი მოქმედებები 2008 წლის აგვისტოში შეწყდა, მაგრამ რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ ამით არ დასრულებულა. მოსკოვმა ე.წ. ბორდერიზაცია განაგრძო, ანუ საქართველოს ტერიტორიის მცოცავი ანექსია, ზეწოლა, პროპაგანდა და ინტერვენციის სხვა ჰიბრიდული მეთოდები“, - წერია განცხადებაში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ დახმარება მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივ ძალისხმევას შეუძლია:
„რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად საქართველოს სუვერენული ტერიტორიიდან თავისი ჯარები უნდა გაიყვანოს და საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება უნდა გააუქმოს“.
2008 წლის აგვისტოს ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი შეეწირა. თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო. ომის დროს დაიჭრა 1747 ადამიანი. საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა პირმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი.
2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად საქართველომ კონტროლი დაკარგა 189 სოფელზე, მათგან 125 ისევ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ქვეშაა.
ფორუმი