გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებმა თბილისში, ვაშლიჯვრის დასახლებაში, სამშენებლო მოედნის მიმდებარედ, გეოდინამიკური პირობები ადგილზე შეაფასეს. როგორც სააგენტოს განცხადებაში წერია, პროცესი საფრთხეს უქმნის მხოლოდ სამშენებლო მოედანს.
„მიმდინარე წლის ივლისის თვეში ვაშლიჯვრის დასახლებაში (ბროწეულის ქ. 5) სამშენებლო მოედნის არეალში და მის მიმდებარედ ძველმეწყრულ ფერდობზე პროცესები გააქტიურდა.
სპეციალისტების შეფასების შედეგად დადგინდა, რომ ამ ეტაპზე პროცესი ლოკალური გავრცელებისაა და საფრთხეს უქმნის მხოლოდ სამშენებლო მოედანს, სადაც დღეისათვის სამუშაოები შეჩერებულია“, - წერია განცხადებაში.
გარემოს ეროვნული სააგენტო აღნიშნავს, რომ სამშენებლო კომპანიის დაკვეთით მიმდინარეობს დეტალური საინჟინრო-გეოლოგიური (გეოტექნიკური) კვლევები, რომელთა საფუძველზეც შემუშავდება რეკომენდაციები დამცავი ღონისძიებების გასატარებლად.
„რაც შეეხება მიმდებარედ არსებულ საცხოვრებელ სახლებს და ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, აღნიშნული პროცესისგან საფრთხე არ ემუქრებათ“, - აცხადებს სააგენტო.
მოქალაქეებმა თბილისში, ვაშლიჯვრის დასახლებაში, ახალი მეწყრული კერის გააქტიურების შესახებ ინფორმაცია და დრონით გადაღებული კადრები გაავრცელეს. ადგილობრივების თქმით, იქ, სადაც მიწა დასკდა და ნაპრალები გაჩნდა, ბროწეულისა და იასამნის ქუჩების კვეთაზე სამშენებლო კომპანია "არქი" მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავდა. ეჭვი ამ ტერიტორიის უსაფრთხოების შესახებ მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც კომპანიამ მოულოდნელად სამშენებლო სამუშაოები შეწყვიტა და ტერიტორიიდან ტექნიკა გაიყვანა.
დეველოპერულ კომპანია "არქის" თბილისის მერიიდან 2024 წლის აპრილში აქვს მიღებული ნებართვა ბროწეულის ქუჩის N5-ში 13-სართულიანი კორპუსის ასაშენებლად.
ვაშლიჯვარში გაჩენილი ნაპრალების შესწავლა დაიწყო თბილისის მერიამ.
ვაშლიჯვარში გაჩენილ ნაპრალებს აკვირდებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის მეცნიერებიც.
სპეციალისტების თქმით, ვაშლიჯვრის ფერდობი რთული გეოლოგიური მდგომარეობის არეალია - 2021 წელს აქ გაჩენილი მეწყრის სამართავად თბილისის მერიამ გერმანელი სპეციალისტები ჩამოიყვანა. ახალი ნაპრალები ბროწეულის ქუჩის სიახლოვეს უფრო ქვემოთაა, ვიდრე სამი წლის წინ გაჩენილი მეწყერი.
ფორუმი