Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოქალაქეები ვაშლიჯვარში მეწყრული კერის გააქტიურებაზე წერენ - იქ მრავალსართულიანი კორპუსი შენდებოდა


მოქალაქეები თბილისში, ვაშლიჯვრის დასახლებაში, ახალი მეწყრული კერის გააქტიურების შესახებ ინფორმაციას და დრონით გადაღებულ კადრებს ავრცელებენ. ადგილობრივების თქმით, იქ, სადაც მიწა დასკდა და ნაპრალები გაჩნდა, ბროწეულისა და იასამნის ქუჩების კვეთაზე სამშენებლო კომპანია "არქი" მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავდა. ეჭვი ამ ტერიტორიის უსაფრთხოების შესახებ მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც კომპანიამ მოულოდნელად სამშენებლო სამუშაოები შეწყვიტა და ტერიტორიიდან ტექნიკა გაიყვანა.

"უეცრად შეწყვიტეს სამუშაოები, როცა წვიმა და ქარი არ აღელვებდათ [მანამდე], გაიყვანეს ტექნიკა, [ადგილობრივებმა] დაინახეს, რომ უკან ზიდავდნენ მიწას, რასაც კამაზებით ეზიდებოდნენ გადასაყრელად....საეჭვოდ მივიჩნიეთ მაცხოვრებლებმა და დრონით გადავიღეთ ეს კადრები", - ამ ტექსტით გაავრცელა ადგილობრივმა 6 აგვისტოს დრონით გადაღებული კადრები ფეისბუკზე.

დეველოპერულ კომპანია "არქის" თბილისის მერიიდან 2024 წლის აპრილში აქვს მიღებული ნებართვა ბროწეულის ქუჩის N5-ში 13-სართულიანი კორპუსის ასაშენებლად.

"საპროექტო შენობა ჯამში 16- სართულისგან. აქედან 3 სართული არის პარკინგის, ხოლო დანარჩენ სართულებზე საცხოვრებელ ბინებს უკავიათ. ფასადები მოპირკეთდება ნაწილობრივ მაღალი ესთეტიური ღირებულების და ძლიერი ხანმედეგობის მქონე კომპაქტ ლამინატის (HPL) ფილებით, ნაწილობრივ გაილესება მიუნჰენური ლესვით. აგრეთვე აივნების ნაწილი მოპირკეთდება მაღალი ესთეტიური ღირებულების და ძლიერი ხანმედეგობის მქონე კომპაქტ ლამინატის (HPL) ფილებით, ნაწილობრივ გამოვიყენებთ ლითონის მილკვადრატის პროფილს. შენობის კონსტრუქცია რკინაბეტონის კარკასისაა, გარე კედლებისათვის გამოყენებულია იტონგის ბლოკი", - წერია ამ ნებართვის მისაღებად მერიის არქიტექტურის სამსახურში წარდგენილ განმარტებით ბარათში.

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად 6 838 კვადრატული მეტრის მიწაა გამოყოფილი, მშენებლობის ვადად განსაზღვრულია 2024 წლის 26 აპრილი - 2028 წლის 26 აპრილი.

სამშენებლო ნებართვისთვის თბილისის მერიაში წარდგენილ გეოლოგიურ დასკვნაში ნათქვამია, რომ ეს ტერიტორია, რომელიც კორპუსის მშენებლობისთვის არის განსაზღვრული, გეოლოგიურად მაღალი და საშუალო რისკის არეალებს აერთიანებს, თუმცა დოკუმენტის მომზადებისას იქ მეწყერი არ ფიქსირდებოდა.

ფრაგმენტი საინჟინრო-გეოლოგიური კვლევიდან. დოკუმენტი კომპანია "გეოინჟინერკომპლექსის" მომზადებულია 2023 წელს.
ფრაგმენტი საინჟინრო-გეოლოგიური კვლევიდან. დოკუმენტი კომპანია "გეოინჟინერკომპლექსის" მომზადებულია 2023 წელს.

გეოლოგიურ დასკვნაში ლაპარაკია იმაზეც, რომ "ტერიტორიაზე ცალკეულ ადგილებში გამოიყოფა გეოლოგიური საშიშროების საშუალო და მაღალი რისკის არეალები, ასევე მოსალოდნელია ხევის მხრიდან ღვარცოფული ნაკადების მოქმედება".

გეოლოგიურ დასკვნაში წერია, რომ ღვარცოფული ნაკადების თავიდან ასაცილებლად საჭიროა ბეტონის კოლექტორში მოქცევა და შემაკავებელი ნაგებობების მოწყობა, ფერდობზე კი უნდა შემცირდეს ამძრავი ძალები და მოეწყოს საყრდენი კედლები, შემაკავებელი ხიმინჯები და სვეტები, ანკერები.

პროექტს გეოლოგიური დასკვნის გარდა, ახლავს კონსტრუქციული ნაწილის საექსპერტო შეფასებაც, რომელშიც წერია:

"მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პროექტის ფუძეების, საძირკვლების და სხვა ძირითადი კონსტრუქციული ელემენტები შერჩეულია საანგარიშო მოდელის დაძაბულდეფორმირებული მდგომარეობის საფუძველზე, ისინი აკმაყოფილებენ მდგრადობისა, სიმტკიცისა და დეფორმაციის შესაბამისი ნორმატიული კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, გამომდინარე აქედან პროექტს ეძლევა ცალსახად დადებითი შეფასება და რეკომენდაცია დასამტკიცებლად."

ვაშლიჯვარში გაჩენილი ნაპრალების შესწავლა დაიწყო თბილისის მერიამ.

"ბროწეულის ქუჩა #5-ში თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ბრძანებით, შეთანხმებულია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პროექტი, რომელსაც შპს „გელოვანი დეველოფმენთი“ ახორციელებს.

კომპანიას დაწყებული ჰქონდა საძირკვლისა და ხიმინჯების მოწყობა, თუმცა, ვინაიდან ბზარები შეინიშნებოდა, ამჟამად სამუშაოები შეჩერებულია.

მუნიციპალურმა ინსპექციამ დაიწყო შესწავლა. ამ ეტაპზე, გამოიკვეთა, რომ პროექტში გათვალისწინებულია დასკვნის საფუძველზე შესაძლო რისკების დაზღვევის მიზნით კონსტრუქციული ღონისძიებები. დამკვეთს დაევალა დამატებითი კვლევის წარმოდგენა და კვლევის საფუძველზე მიზანშეწონილი ღონისძიებების გატარება. კომპანიამ დაგვიდასტურა, რომ დაწყებული აქვს კვლევები ბზარებთან დაკავშირებით", - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რადიო თავისუფლება ცდილობდა დაჰკავშირებოდა კომპანია "არქისაც", თუმცა ტექსტის გამოქვეყნებამდე მათთან კომუნიკაცია ვერ შევძელით.

ვაშლიჯვარში გაჩენილ ნაპრალებს აკვირდებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის მეცნიერებიც.

სპეციალისტების თქმით, ვაშლიჯვრის ფერდობი რთული გეოლოგიური მდგომარეობის არეალია - 2021 წელს აქ გაჩენილი მეწყრის სამართავად თბილისის მერიამ გერმანელი სპეციალისტები ჩამოიყვანა. ახალი ნაპრალები ბროწეულის ქუჩის სიახლოვეს უფრო ქვემოთაა, ვიდრე სამი წლის წინ გაჩენილი მეწყერი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG