Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს თავდაცვის ძალების მიმართ ჩვენი დახმარება გაგრძელდება - აშშ-ის ელჩი


ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რობინ დანიგანი
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რობინ დანიგანი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რობინ დანიგანი ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ მიუხედავად საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებისა, შტატები კვლავ აგრძელებს ქართველი სტუდენტების, მასწავლებლების, ფერმერების, მცირე ბიზნესის მფლობელების, სამოქალაქო აქტივისტების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დახმარებას. ელჩის თქმით, გრძელდება დახმარება საქართველოს თავდაცვის ძალების მიმართაც. ეს ელჩის პირველი საჯარო განცხადებაა მას შემდეგ, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გაავრცელა განცხადება საქართველოს ხელისუფლებისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარების შეჩერების შესახებ.

"თქვენ იკითხეთ სახელმწიფო მდივნის გუშინდელ განცხადებაზე, რომ ჩვენ ვაჩერებთ საქართველოს მთავრობის დახმარებას. რატომ გავაკეთეთ ეს? ჩვენ არაერთხელ გვილაპარაკია საქართველოს მთავრობის ზოგიერთ ქმედებებზე, რაც ძალიან გვაწუხებს - ზოგიერთი ანტიდემოკრატიული ქმედება, როგორიცაა კანონი უცხოური გავლენის შესახებ, ასევე სხვა ქმედებები და ცრუ განცხადებები აშშ-ის შესახებ, ნეგატიური რიტორიკა შეერთებული შტატებისა და დასავლეთის შესახებ.


ჩვენ არაერთხელ გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება და ვთხოვეთ მთავრობას, გადახედოს თავის ქმედებებს. ჩვენ ასევე ვთქვით, რომ გადავხედავთ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობას. გუშინ კი მდივანმა ბლინკენმა გამოაცხადა, რომ ამ განხილვის შედეგად ის აჩერებს ჩვენი დახმარების გარკვეულ ნაწილს, რომელიც პირდაპირ მთავრობას მიეწოდება. ჩვენ ვაგრძელებთ სტუდენტების, მასწავლებლების, ფერმერების, მცირე ბიზნესის მფლობელების, სამოქალაქო აქტივისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერას. ასევე გაგრძელდება ჩვენი დახმარება საქართველოს თავდაცვის ძალების მიმართ. როგორც სახელმწიფო მდივანმა თქვა, ყველაფერი განხილვის პროცესშია. ევროკავშირმა განაცხადა, რომ ამ ქმედებებმა და დეზინფორმაციამ გამოიწვია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება. ჩვენ გვსურს გავაგრძელოთ ერთად მუშაობა, რათა დავეხმაროთ ქართველი ხალხის მისწრაფებების რეალიზებას, გახდეს დასავლური დემოკრატიების ოჯახის წევრი", - თქვა ელჩმა ზუგდიდში დადიანების სასახლის მონახულების შემდეგ მედიასთან საუბარში.

31 ივლისს ენტონი ბლინკენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ საქართველოს მთავრობას უჩერებს 95 მლნ დოლარის დახმარებას, საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და სიცრუის შემცველი განცხადებების გამო, რომლებიც არ შეესაბამება ევროკავშირსა და ნატოში წევრობის ნორმებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG