ქართველი ძიუდოისტი (-100 კგ) ილია სულამანიძე მისთვის სადებიუტო ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი გახდა. პარიზის ოლიმპიადის ფინალში ის მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან, აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევთან დამარცხდა.
სულამანიძე შეხვედრას (1:0) იგებდა, თუმცა წააგო ჭიდაობის დასრულებამდე რვა წამით ადრე მიღებული მესამე შიდოს (გაფრთხილების) გამო (დასაშვებია მხოლოდ ორი შიდოს მიღება).
სულამანიძემ ფინალამდე ორი მეტოქე იპონით დაამარცხა. მეოთხედფინალში - ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი, იაპონელი აარონ ვოლფი და ნახევარფინალში - შვეიცარიელი დანიელ ეიხი.
23 წლის ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს და ევროპის ჩემპიონატების ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს პრიზიორია.
სულამანიძის ასპარეზობის შემდეგ, საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს პარიზი 2024-ზე ამ დროისთვის ერთი ოქროს და ორი ვერცხლის მედალი აქვს. ილია სულამანიძის გარდა, ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო ძიუდოისტმა (-81კგ) ტატო გრიგალაშვილმა, ძიუდოისტი (-90 კგ) ლაშა ბექაური კი მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი.
ქართველი ძიუდოისტები 2 აგვისტოსაც იჭიდავებენ. ტატამიზე გამოვლენ ძიუდოისტი (+100 კგ) გურამ თუშიშვილი და ძიუდოისტი (+78 კგ) სოფიო სომხიშვილი
ფორუმი