Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯებირის დაზიანების საქმეზე შსს-ს 400 ლარი გადაურიცხეს - მოსამართლემ ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა


მოქალაქეთა ნაწილი პარლამენტის შესასვლელთან აღმართულ რკინის ჯებირს აზიანებს. 14 მაისი, 2024.
მოქალაქეთა ნაწილი პარლამენტის შესასვლელთან აღმართულ რკინის ჯებირს აზიანებს. 14 მაისი, 2024.

პარლამენტთან „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე რკინის დროებითი ჯებირების დაზიანებისთვის დაკავებული 23 წლის საბა მეფარიშვილი და 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩებიან. მოსამართლე ნათია გუდაძემ კიდევ ერთხელ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა მათი გათავისუფლების შესახებ.

23 წლის საბა მეფარიშვილი და 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილი
23 წლის საბა მეფარიშვილი და 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილი

ადვოკატებმა 19 წლის ომარისა და 23 წლის საბას გათავისუფლების საკითხი დღევანდელ, 24 ივლისის, სხდომაზე კიდევ ერთხელ დააყენეს, რადგან მათ ჰქონდათ შინაგან საქმეთა სამინისტროში 400 ლარის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი. სწორედ 400-ლარიანი ნივთის (ჯებირის) დაზიანებას ედავება გამოძიება ბრალდებულებს, ამისთვის მათ სამიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

თანხა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანგარიშზე არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიული კვლევების ინსტიტუტმა“ (DRI) გადარიცხა, ამის დამადასტურებელი ცნობა კი მოსამართლეს ადვოკატებმა წარუდგინეს.

„ზიანის ანაზღაურება არის ერთ-ერთი შემამსუბუქებელი გარემოება და გასათვალისწინებელია. თუმცა სასამართლო ყურადღება გაამახვილებს იმაზე, რომ არაერთხელ იმსჯელა საფრთხეებზე... ამ საფრთხეებიდან გამომდინარე ჩათვალა, რომ გამოყენებული უნდა ყოფილიყო აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა“, - უთხრა მოსამართლემ ადვოკატებს.

ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ აქციების მონაწილეები პარლამენტის შენობასთან დააკავეს 14 მაისს, რკინის დროებითი ჯებირის დაზიანებისთვის. მათ პროკურატურამ ბრალი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფურად სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას. დანაშაული სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს თანახმად, ბრალდებულებმა, სხვებთან ერთად, პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის დამცავი ჯებირი მიზანმიმართულად დააზიანეს როგორც ფიზიკური ძალის, ასევე რკინის ნივთის გამოყენებით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG