Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპი სწრაფად გაიყვანეს წინასაარჩევნო შეხვედრიდან, სადაც სროლის ხმა იყო


აშშ-ის პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატი, ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი პენსილვანიაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის შეხვედრაზე საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლებმა სწრაფად გაიყვანეს სცენიდან მას მერე, რაც მისი სიტყვით გამოსვლის მომენტში, როგორც ჩანს, გაისმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმა.

78 წლის ტრამპი - რომელსაც რესპუბლიკური პარტია, მაღალი ალბათობით, პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელებს 2024 წლის არჩევნებზე - ბატლერში გამოდიოდა სიტყვით.

ინციდენტიდან გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე ჩანს, რომ ტრამპი მარჯვნივ შებრუნდა, ხელი მარჯვენა ყურზე მიიდო და ჩაიმალა, როცა მის წინ საიდუმლო სამსახურის თანამშრომლები დაჯგუფდნენ ცოცხალი კედლის ფორმით.

ტრამპის მარჯვენა ყურზე სისხლი ჩანდა იმ მომენტში, როცა ის სცენიდან გაჰყავდათ და მანქანაში ჩაჯდომაში ეხმარებოდნენ. ექსპრეზიდენტი ხალხისკენ შებრუნდა და მანქანაში ჩაჯდომამდე, ჰაერში მუშტი მოიღერა.

ინციდენტიდან ცოტა ხანში, პლატფორმაზე X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში საიდუმლო სამსახურის კომუნიკაციების ხელმძღვანელი ენტონი გუგლიემი წერს, რომ ტრამპი "უსაფრთხოდაა".

"ეს ახლა არის საიდუმლო სამსახურის მიერ წარმოებული აქტიური გამოძიება და დამატებითი ინფორმაცია გავრცელდება, როცა მოპოვებული იქნება", - წერს გუგლიემი.

ტრამპის პრესმდივანმა ტელეკომპანია CNN-ს აცნობა, რომ ექსპრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს და ექიმების ყურადღების ქვეშაა ახლოს მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG