საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის მეორე ეტაპზე გასული სამი კანდიდატიდან (ვიქტორ ახალბედაშვილი, დარეჯან ბუცხრიკიძე და გიორგი გაბიტაშვილი), კენჭისყრის შედეგად შეარჩია გენერალური პროკურორის მოქმედი მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი. მან 11 ხმა მიიღო, რაც საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორ მესამედზე მეტია. დანარჩენ კანდიდატებს არცერთმა წევრმა არ მისცა ხმა. კენჭისყრა ფარული იყო. ამ გადაწყვეტილებით, საპროკურორო საბჭო პარლამენტს გენერალური პროკურორობის კანდიდატად გიორგი გაბიტაშვილს წარუდგენს.
ახალი გენერალური პროკურორის ექვსი წლის ვადით ასარჩევად პარლამენტში 76 დეპუტატის ხმაა საჭირო, საპარლამენტო უმრავლესობა კი 80-ზე მეტ მანდატს აკონტროლებს.
გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრება რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.
გიორგი გაბიტაშვილი გასაუბრებაზე თითქმის ერთი საათის განმავლობაში კითხულობდა ფურცლებზე დაწერილ ტექსტს, რომელმაც საპროკურორო საბჭოს, მათ შორის მისი ყველა თანამშრომლის, მოწონება დაიმსახურა.
„მინდა მადლობა გადავუხადო ყოფილ გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს, რომელმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა პროკურატურის რეფორმირებაში და პროკურორის პროფესიის გაძლიერებაში“, - ყოფილ ხელმძღვანელზე საუბრით დაიწყო საპროკურორო საბჭოსთვის საკუთარი ხედვების გაცნობა გიორგი გაბიტაშვილმა.
გაბიტაშვილი ბოლო 11 წელია, გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობს. თუმცა 18-წლიანი სამუშაო სტაჟის ნაწილი მან დააგროვა წინა ხელისუფლების დროს საგამოძიებო უწყებებში მუშაობისას:
- 2005-2007 წლებში იყო სტაჟიორი თბილისისა და მცხეთის პროკურატურებში;
- 2007-2010 წლებში ხელმძღვანელობდა შსს-ს ჩატარებულ გამოძიებებს ზედამხედველი პროკურორის რანგში;
- 2010-2011 წლებში იყო გორის რაიონული პროკურორი;
- 2011-2013 წლებში ხელმძღვანელობდა შსს-ს ჩატარებულ გამოძიებებს ზედამხედველი პროკურორის რანგში.
მოქმედმა პროკურორმა გასაუბრების ძირითადი ნაწილი საკუთარი სამსახურის პოზიტიურად წარმოჩენას დაუთმო.
„საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით 12 პრიორიტეტიდან ხუთის შესრულებაში პროკურატურამ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. ეს პრიორიტეტებია: კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა და მათზე განხორციელებულ ძალადობაზე ეფექტიანი რეაგირება, გენდერული თანასწორობის გაძლიერება და ქალთა მიმართ ძალადობის მიმართ ბრძოლა“, - თქვა მან.
კიდევ ერთი საკითხი, რაშიც გენერალური პროკურორის მოქმედმა მოადგილემ უწყების საქმიანობის პოზიტიურად წარმოჩენა სცადა, საჯარო ინფორმაციის გაცემა და საჯარო მოხელეების ჩადენილ დანაშაულზე რეაგირებაა.
„ყოველწლიურად იზრდება პროკურატურის მხრიდან საჯარო ინფორმაციის გავრცელების მაჩვენებელი, რომელიც მოიცავს სტატისტიკას, ასევე მაღალი საჯარო ინტერესის მქონე სისხლის სამართლის საქმეების შესახებ ინფორმაციას. საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხით ჩვენ ერთ-ერთი მოწინავე უწყება ვართ სახელმწიფო უწყებებს შორის“, - თქვა მან გასაუბრებაზე.
ირაკლი შოთაძემ გენერალური პროკურორის თანამდებობა 23 მაისს დატოვა.
ფორუმი