Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის მერი აცხადებს, რომ დედაქალაქზე დრონით შეტევა აღკვეთეს


ფოტო არქივიდან. მოსკოვზე დრონებით არაერთი შეტევა იყო 2023 წლის აგვისტოშიც, მათ შორის საერთაშორისო ბიზნესცენტრის შენობაზე.
ფოტო არქივიდან. მოსკოვზე დრონებით არაერთი შეტევა იყო 2023 წლის აგვისტოშიც, მათ შორის საერთაშორისო ბიზნესცენტრის შენობაზე.

რუსეთის ხელისუფლება ირწმუნება, რომ მოგერიებულია უპილოტო საფრენი აპარატებით „კიევის რეჟიმის“ მორიგი შეტევის მცდელობა, მათ შორის დედაქალაქ მოსკოვზე.

მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა დღეს, 11 ივლისს დილით, ტელეგრამით გაავრცელა ცნობა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვის ოლქის ქალაქ სტუპინოში მოიგერიეს დრონი, რომელიც რუსეთის დედაქალაქისკენ მიფრინავდა. სობიანინის თანახმად, უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების ჩამოცვენას, წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია. სხვა წყაროებით ეს ცნობა დადასტურებული არ არის.

სტუპინო მოსკოვიდან სამხრეთში, 99 კილომეტრში მდებარეობს.

ბოლო თვეებია, რუსეთის რეგიონებზე დრონებით შეტევა პრაქტიკულად, ყოველდღე ხდება, თუმცა 2023 წლისგან განსხვავებით, უშუალოდ მოსკოვზე თითქმის აღარ.

2023 წლის მაისიდან სექტემბრამდე რუსეთის დედაქალაქზე ათზე მეტი შეტევა იყო და არაერთი შენობა დაზიანდა. 2023 წლის 3 მაისს მოსკოვში ისიც განაცხადეს, რომ კრემლზე დრონებით თავდასხმა აღკვეთეს. ივლისსა და აგვისტოში, სულ მცირე, სამი შეტევა იყო მოსკოვი-სიტიდ წოდებულ ცათამბჯენების რაიონზე, სადაც მდებარეობს რუსეთის არაერთი სამინისტროს და კერძო კომპანიის ოფისები და ძვირადღირებული აპარტამენტები. კრემლის მიერ კონტროლირებული მედია იუწყებოდა, რომ ამ დარტყმების შემდეგ, მოსკოვის საჰაერო თავდაცვის სისტემა დამატებითი საშუალებებით გააძლიერეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, ღამის განმავლობაში, საჰაერო თავდაცვის საშუალებებით ორი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს ბრიანსკის ოლქში, ერთი - მოსკოვის ოლქში და ამდენივე - ტულის და ტამბოვის ოლქებში. თავდაცვის სამინისტრო ხმელეთზე შედეგების შესახებ არაფერს ამბობს.

უკრაინას რუსეთზე დრონებით დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

უკრაინას, რომელიც ორ წელზე მეტია რუსეთის სამხედრო აგრესიას ებრძვის, კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსეთის არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG