Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Navalnews: ოჩამჩირის პორტში რუსული სამხედრო გემი გაჩერდა


გრაფიკული გამოსახულება, რომელზეც ჩანს რუსული სამხედრო გემი და სატელიტიდან გადაღებული ოჩამჩირის პორტის ნავმისადგომი, ეკუთვნის ონლაინგამოცემა navalnews-ს.
გრაფიკული გამოსახულება, რომელზეც ჩანს რუსული სამხედრო გემი და სატელიტიდან გადაღებული ოჩამჩირის პორტის ნავმისადგომი, ეკუთვნის ონლაინგამოცემა navalnews-ს.

საზღვაო თავდაცვის საკითხებზე ორიენტირებული ინტერნეტგამოცემა Navalnews-ი ავრცელებს ინფორმაციას ოჩამჩირის პორტში რუსული სამხედრო ხომალდის შესვლის შესახებ.

ოკუპირებულ აფხაზეთში შესული სამხედრო ხომალდი, სავარაუდოდ, Project 22870-ია, რომელიც საბუქსირო-სამაშველო ხომალდად ითვლება, თუმცა სამხედრო ექსპერტების ცნობით, ხშირად გამოიყენება სამხედრო მიზნებისთვისაც, სადესანტო გემების გასაცილებლად და საომარი მოქმედებების დროს სარაკეტო სისტემების გადასატანად. 2022 წლის 17 ივნისს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კუნძულ ზმეინისთან ჩაძირეს მსგავსი ტიპის (SB-739) ნავი, რომელსაც ანტისაჰაერო რაკეტები გადაჰქონდა.

სატელიტური ფოტოების მიხედვით, ეს სამხედრო ხომალდი 28 ივნისს ნოვოროსიისკის პორტში იყო გაჩერებული, 1 ივლისს მისი კვალი გაქრა, 4 და 5 ივლისის ფოტოებით კი ის უკვე ოჩამჩირის პორტთან ჩნდება.

ნოვოროსიისკის პორტზე 3 ივლისს იერიში მიიტანა უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ - არსებობს ვერსია, რომ ამ შეტევის დროს ხომალდი, რომელიც მოგვიანებით ოკუპირებულ აფხაზეთში გამოჩნდა, ღია ზღვაში იყო და ოჩამჩირეში უსაფრთხო ადგილის ძებნისას შევიდა.

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული ხომალდის შესვლის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, რადიო თავისუფლება ინფორმაციის დასაზუსტებლად საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა - უწყებაში გვითხრეს, რომ თუკი ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებას ჩათვლიან საჭიროდ, თავად დაგვიკავშირდებიან.

ოჩამჩირეში რუსული სამხედრო გემის შესვლის შესახებ ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს დეპუტატს "ხალხის ძალიდან", გურამ მაჭარაშვილს.

"რა უნდა გავაკეთოთ? შევვარდეთ? გეკითხებით, რა უნდა გავაკეთოთ?" - იყო დეპუტატის პასუხი. იგი მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპაციაზე პასუხისმგებელი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია.

"ის, რომ ოჩამჩირის პორტში სამხედრო გემია გაჩერებული, ის, რომ 30 კმ-ში აქედან რუსის ჯარი დგას, ეს ყველაფერი უნდა მოკითხოთ "ვივამედში" ბატონ პატიმარ სააკაშვილს", - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.

ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ხომალდის გამოჩენის ფონია, რუსეთის 2023 წლის ოქტომბერში გაცხადებული სურვილი, იქ მუდმივი საზღვაო ბაზის გახსნისა და სამხედრო ფლოტის შეყვანის შესახებ.

ოჩამჩირის პორტი რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურის ნაწილი იყო 5 ოქტომბრის განცხადებამდეც. მდინარე ჯუყმურის ყურეში აშენებული ნავსადგური შეზღუდული რაოდენობის საპატრულო კატარღებისა და სატვირთო გემების მისაღებად იყო განკუთვნილი. 2009 წლის ოქტომბერში ყურე 3,8 მეტრიდან 9 მეტრამდე გააღრმავეს. მას შემდეგ პორტში შესვლა შეუძლია იმ გემებსაც, რომელთა წყალწყვა 10 ათასი ტონაა; ანუ - შავი ზღვის ფლოტის თითქმის ყველა ხომალდს, იქნება ეს სადესანტო თუ ნაღმმტყორცნი გემები.

მიუხედავად პორტის შესაძლებლობების გაძლიერებისა, 2009 წლიდან დღემდე ოჩამჩირეში ძირითადად რუსეთის ФСБ-ს სასაზღვრო სამსახურის "Соболь-ისა" და "Мангуст-ის" ტიპის სანაპირო დაცვის კატარღები იყვნენ განლაგებული, რომელთა მაქსიმალური რაოდენობა 10-ზე მეტი არასოდეს ყოფილა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG