ვაშინგტონში მუშაობა დაიწყო ნატოს სამიტმა, რომელიც სამ დღეს გასტანს. მისი მთავარი თემაა უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ფართომასშტაბიანი ომი. სამიტის ფარგლებში აღნიშნავენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შექმნის 75 წლისთავს.
საზეიმო ცერემონიის შემდეგ გაიმართება სადილი ნატოს 32 წევრის ლიდერებისა და პარტნიორი ქვეყნების - ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, უკრაინის, სამხრეთ კორეისა და იაპონიის - ლიდერთა მონაწილეობით.
სამიტის მონაწილეებს მიესალმა სამიტის მასპინძელი ქვეყნის, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.
მას შემდეგ, რაც ახლახან საპრეზიდენტო არჩევნებში თავის მეტოქესთან, დონალდ ტრამპთან ერთად გამართულ სატელევიზიო დებატებში ბაიდენი წარუმატებლად გამოვიდა, მსოფლიო ყურადღებით აკვირდება 81 წლის პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას.
„პუტინს სურს არაფერი იმაზე ნაკლები, არაფერი იმაზე ნაკლები, რომ სრულად დაიმორჩილოს უკრაინა... და რუკიდან წაშალოს უკრაინა,“ თქვა ბაიდენმა. „უკრაინას ძალუძს და ის შეაჩერებს პუტინს“.
სამიტის გახსნაზე ბაიდენმა გამოაცხადა უკრაინისთვის განკუთვნილი საჰაერო თავდაცვის დიდი პაკეტის შესახებ.
ვაშინგტონის დაპირებას ემატება ორი ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot-ი, რომლებიც უკრაინას გერმანიამ და რუმინეთმა გადასცეს. ერთი სისტემის გადაცემას გეგმავს ნიდერლანდი.
ბაიდენის თქმით, კიევს ათობით ახალ სისტემას გაუგზავნიან უახლოეს თვეებში.
სამიტზე ჩასულმა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამშაბათს განაცხადა, რომ ის იბრძოლებს იმისთვის, რომ ნატომ გააძლიეროს უკრაინის საჰაერო თავდაცვა და მას F-16 გამანადგურებლები მისცეს.
„ჩვენ ვიბრძვით უკრაინის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიებისთვის და ესაა იარაღი და ფინანსები, პოლიტიკური მხარდაჭერა,“ თქვა მან ვიდეოში, რომელიც სოციალურ მედიაში გამოქვეყნდა.
სამიტის მიმდინარეობისას ორგანიზაციის 32 წევრს შორის განხილვის მთავარი თემა გახდება საკითხი, თუ რამდენად მტკიცე გარანტიები უნდა მიეწოდოს უკრაინას ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. სამიტამდე ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატები და გერმანია სამხედრო კონფლიქტის გაფართოების შიშით ეწინააღმდეგება წელს უკრაინის ნატოში მიწვევას.
ფორუმი