"ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირმა მიიღო და ისინი უფრო მართებულად გააკეთებენ ამაზე კომენტარს. მათ ცხადად თქვეს, ისევე, როგორც ჩვენ ვთქვით, რომ როცა საქმე ეხება ჩვენს ურთიერთობებს საქართველოსთან, დემოკრატიულ უკუსვლას შედეგები მოჰყვებოდა", - თქვა მან. კითხვაზე, ძალაშია თუ არა აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადახედვა, მილერი პასუხობს, რომ "ურთიერთობის გადახედვა კვლავ გრძელდება".
9 ივლისს თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე: „ევროკავშირის გაფართოება - გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის“, ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ თქვა, რომ „სამწუხაროდ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამჟამად გაჩერებულია - ეს ევროკავშირის ლიდერებმა ევროპული საბჭოს ბოლო სხდომაზე გადაწყვიტეს“. ელჩის განცხადებით, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოსთვის მხარდაჭერა ევროპული სამშვიდობო ფონდიდან (EPF) - 2024 წლისთვის საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის 30 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ.
2023 წლის დეკემბერში საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, ამასთან, მას განუსაზღვრეს ცხრა ნაბიჯი, რომელთა შესრულებაც საჭიროა გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების დასაწყებად.
28 მაისს საქართველოს პარლამენტმა საბოლოოდ მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ევროკავშირი და ქვეყნის სხვა პარტნიორები ევროინტეგრაციასთან შეუსაბამოდ მიიჩნევენ.
ფორუმი