ბრალდებული დაკავებული არ არის და მას ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) მიმდინარეობს.
პროკურატურის ინფორმაციით, შსს-მ გამოძიებით დაადგინა, რომ 6 ივლისს, თბილისში, ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულს თანმხლებ ორ პირთან ერთად, საკურიერო მომსახურებასთან დაკავშირებით შელაპარაკება მოუხდა დაზარალებულთან, რა დროსაც ფიზიკურად გაუსწორდა მას და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაზიანებები მიაყენა.
ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.
ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება გამოძიება ბრალდებულთან ერთად მყოფი პირების მიერ დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე.
6 ივლისს, ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე "გლოვოს" კურიერი შეკვეთის მიტანისას ფეხებში დაჭრეს. მას ქირურგიული ოპერაცია 7 ივლისს, ხეჩინაშვილის კლინიკაში ჩაუტარდა. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა სრულ რეაბილიტაციას ერთ წლამდე დასჭირდება.
ფორუმი