რადიო თავისუფლების ინფორმაციით, პოლიციამ იცის დამნაშავის ვინაობა, თუმცა ის მიმალვაშია.
რა მოხდა 6 ივლისის საღამოს ნუცუბიძის პლატოზე?
ზუსტად ექვსი საათი იყო, „გლოვოს“ კურიერმა, 32 წლის თემო სიგუამ, შეკვეთა რომ მიიტანა ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე, მრავალსართულიან კორპუსში - „ატრია კრევეტით“, „კრაბის სუშის სალათი“, „ატრია საქონლით“, ლიმონათი, სოიოს სოუსი.
შეკვეთა ქალმა ჩაიბარა. ორიოდ წუთში, კურიერის ტელეფონმა დარეკა.
„გლოვოს“ კურიერის ცოლი, ნინო კირეულიშვილი, რადიო თავისუფლებას უყვება, რომ მისი ქმარი 6 ივლისის საღამოს ერთი ბოთლი ლუდის გამო დაჭრეს:
„შეკვეთა რომ აიტანეს, გადაამოწმეს, აკლდა ერთი ბოთლი ლუდი. ამაზე გაღიზიანდნენ, დაურეკეს ჩემს ქმარს, რომელიც ჯერ ისევ იმ ტერიტორიაზე იყო.
გასაგებია, რომ დამკვეთს პრეტენზია ჰქონდა, მაგრამ კურიერი რა შუაშია. ჩემმა ქმარმა შეფუთული შეკვეთა მიიტანა, უხსნიდა მათ, რომ დანაკლისის ამბავი „გლოვოსთან“ და იმ ობიექტთან უნდა გაერკვიათ, საიდანაც შეკვეთა წამოიღო, მაგრამ ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მას, შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ და ბოლოს ერთ-ერთმა ოთხი ტყვია ესროლა“.
ნინო კირეულიშვილი ამბობს, რომ „გარჩევაში“ რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა: „ჩემი ინფორმაციით, იყო ოთხი კაცი, მათთან ერთად იყო რამდენიმე ქალიც“.
თემო სიგუა თავდამსხმელებს საკუთარი „მოპედით“ გაექცა. სახლამდე, ბაგების სტუდქალაქამდე მივიდა და გონება იქ დაკარგა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ კურიერი ხეჩინაშვილის კლინიკაში მიიყვანა.
ექიმი: „ეს იყო ცეცხლნასროლი ჭრილობა“.
32 წლის თემო სიგუას ქირურგიული ოპერაცია 7 ივლისს, ხეჩინაშვილის კლინიკაში ჩაუტარდა.
მისი ექიმი, ტრავმატოლოგი ლაშა ჭელიძე, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ კაცს გამჭოლი ჭრილობები აქვს ორივე ტერფსა და მარცხენა წვივის არეში:
„ეს იყო ცეცხლნასროლი ჭრილობა. დაზიანებული იყო ძვლის სტრუქტურა, მარცხენა ფეხზე ჰქონდა მესამე თითის გამჭოლი ჭრილობა, ასევე დაფიქსირდა მარცხენა ტერფის მოტეხილობა. ახლა ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, კონკრეტულად რა ტიპის იარაღიდან იყო მიყენებული ჭრილობა. ჩვენ ტყვიები არ ამოგვიღია. ეს იყო გამჭოლი ჭრილობები“.
32 წლის კურიერის ოპერაცია რამდენიმე საათს გაგრძელდა. როგორც ექიმი ამბობს, მისი სრული რეაბილიტაცია ექვსი თვიდან ერთ წლამდე გაგრძელდება.
თემო სიგუა სამი წელია „გლოვოს“ კურიერია. დღეში 11-12 საათს მუშაობს:
„მცირეწლოვანი შვილი გვყავს, რომელსაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. ექიმები ვარაუდობენ, რომ რეაბილიტაციისთვის რამდენიმე თვე იქნება საჭირო. კურიერის სამუშაო საკმაოდ მძიმე და შრომატევადია. ხშირად, ფეხით უწევთ კიბეებზე, მაღალ სართულებზე სიარული. ზოგან ლიფტი არ არის, ზოგან არის და არ მუშაობს. ამ ფეხებით როდის მოახერხებს სამსახურში დაბრუნებას, არ ვიცით“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თემო სიგუას ცოლი.
გამოძიება ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების მუხლით
„გლოვოს“ კურიერის დაჭრის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს:
„ეს მსუბუქი მუხლი ალბათ იმიტომ გაჩნდა ამ საქმეში, რომ თავდაპირველად, კლინიკაში, ემერჯენსის განყოფილებაში რომ გადაიყვანეს, რატომღაც გადაწყვიტეს, რომ "გიფსში" ჩასვამდნენ და ამით დამთავრდებოდა. მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, მოვითხოვეთ ქირურგი და ქირურგმა გადაწყვიტა, რომ ოპერაცია იყო საჭირო.
პირველი და ამ ეტაპზე, ერთადერთი ჩვენებაც იქ აიღეს სამართალდამცავებმა. ამის შემდეგ აღარავინ გამოჩენილა. გუშინ ოპერაცია გაუკეთდა, არავის მოუკითხავს, ცოცხალია თუ მკვდარი“, - ამბობს ნინო კირეულიშვილი და ამატებს:
„არ მაქვს გამოძიების იმედი. არც ვცდილობ მათთან კავშირზე გასვლას. ერთადერთი იმის თქმა შემიძლია, თუ დაიჭერენ, ძალიან კარგი იქნება, რადგან სხვასაც იგივე არ გაუკეთოს. თორემ ჩემი ქმრის მდგომარეობა უკვე ცხადია“.
იმ საცხოვრებელ კორპუსთან მისულებს, სადაც კურიერი დაჭრეს, გვეუბნებიან: „ვალდებულები ვართ გითხრათ, რა მოხდა და სად მოხდა?“ - ჩვენს კითხვებს არ პასუხობენ.
როგორც დაჭრილი კურიერის ოჯახის წევრები ამბობენ, ინციდენტის დროს, რომელიც საღამოს ექვს საათზე მოხდა, 112-ში არავის დაურეკავს.
გადაკვალიფიცირდება თუ არა კურიერის დაჭრის საქმის მუხლი უფრო მძიმე მუხლით, მაგალითად, 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) ან 118-ე (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) მუხლებით, ეს ახლა სამედიცინო ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს.
„ამ კონკრეტული დანაშაულის მუხლი ნამდვილად არის სამსჯელო. გადამწყვეტი მნიშვნელობა, ამ ეტაპზე, ექნება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას“, - ამბობს ანა თავხელიძე, იურისტი ორგანიზაციიდან „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“.
მისივე თქმით, არ უნდა დარჩეს შეფასების გარეშე იქ მყოფი სხვა პირების „ქმედებები თუ უმოქმედობა“.
რადიო თავისუფლებას კომპანია „გლოვოში“ ეუბნებიან, რომ ამ ეტაპზე, კომენტარი არ გაკეთდება, თუმცა, კურიერის დაჭრის შესახებ, კომპანია ოფიციალურ განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს.
განახლება:
სტატიის გამოქვეყნებიდან ერთ საათში საქართველოს პროკურატურამ "გლოვოს" კურიერზე თავდამსხმელს ბრალდების მუხლი დაუმძიმა - მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება), რაც სასჯელის ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამასთან შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება გამოძიება ბრალდებულთან ერთად მყოფი პირების მიერ დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე.
ფორუმი