Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"პარტნიორი - 2024" - თავდაცვის სამინისტრო სწავლებას ატარებს, საერთაშორისო პარტნიორები არ არიან მოხსენიებული


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხელვაჩაურისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში უწყებათაშორისო სწავლება - „პარტნიორი-2024“ ჩატარდება. სწავლება ორგანიზებულია საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მიერ.

ოფიციალური განცხადების თანახმად, 8-12 ივლისს დაგეგმილი სწავლება „მიზნად ისახავს კრიზისული ვითარებისა და საგანგებო მდგომარეობის დროს უწყებათაშორისი კოორდინაციის დახვეწას“.

„პარტნიორი-2024“-ში მონაწილეობენ თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის, სპეციალური ოპერაციების, ასევე ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობების, სამხედრო პოლიციის სამხედრო მოსამსახურეები და მოხალისეთა ორგანიზაციების წარმომადგენლები.წვრთნებში ასევე ჩართულია შინაგან საქმეთა, ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების შესაბამისი სამსახურები. უწყებათაშორისი სწავლების მხარდამჭერები არიან განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები“, - წერია თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში

შარშან, როცა უწყებათშორისო სწავლება „პარტნიორი 2023“ ჩატარდა, თავდაცვის სამინისტრო აცხადებდა, რომ სწავლებაში ჩართული იყვნენ: "აშშ-ის არმიის საინფორმაციო და სამხედრო-სამოქალაქო ოპერაციების ჯგუფი, ლიეტუვას ეროვნული თავდაცვის მოხალისეთა ძალები და თავდაცვის მოხალისეთა ორგანიზაციები".

წელს გავრცელებულ ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის შესახებ.

რადიო თავისუფლება ცდილობს დაუკავშირდეს თავდაცვის სამინისტროს, მიზეზების გასარკვევად.

5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის გადაწყვეტილებით, განუსაზღვრელი ვადით გადადო საქართველოსთან ერთად დაგეგმილი სამხედრო წვრთნები, „ღირსეული პარტნიორი“ (Noble Partner), რომელიც საქართველოში 2016 წლიდან იმართება. სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ეს გადაწყვეტილება საქართველოსთან ურთიერთობის პოლიტიკის გადახედვას უკავშირდება.

შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება განპირობებულია საქართველოს მთავრობის ცრუ ბრალდებებით შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ.

თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აშშ-ის გადაწყვეტილებას გაუგებარი უწოდა.

„სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადებისა და აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის“ გადაწყვეტილება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა 23 მაისს გამოაცხადა. ამას წინ უძღოდა „აგენტების კანონის“ დამტკიცება, ვაშინგტონის არაერთი წინასწარი გაფრთხილების მიუხედავად.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები სხვადასხვა დროს აცხადებდნენ, რომ აშშ-ის სახელმწიფო სტრუქტურები „გლობალური ომის პარტიის“ ზეგავლენით იმართება.

განახლება:

ახალი ამბის გამოქვეყნების შემდეგ, რადიო თავისუფლებას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურიდან დაუკავშირდნენ და შემდეგი ინფორმაცია მიაწოდეს:

"სწავლებაში დამკვირვებლის სტატუსით წელსაც ჩართულები იქნებიან პოლონეთის თავდაცვის ძალების წარმომადგენლები, ლიეტუვის თავდაცვის ძალების წარმომადგენლები და აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის (ODC) წარმომდგენლები".

ფორუმი

XS
SM
MD
LG