Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდაცვის მინისტრისთვის გაუგებარია, რატომ გადადო აშშ-მა „ღირსეული პარტნიორი“


ირაკლი ჩიქოვანი - თავდაცვის მინისტრი
ირაკლი ჩიქოვანი - თავდაცვის მინისტრი

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი ამბობს, რომ საერთაშორისო სწავლებები მნიშვნელოვანია მასში მონაწილე ყველა ქვეყნისთვის. აშშ-ის მიერ საქართველოსთან ერთად დაგეგმილი წვრთნების გადადების შესახებ თავდაცვის მინისტრმა გორში, ავიაკატასტროფაში დაღუპული ქართველი მფრინავის პანაშვიდზე მისვლის შემდეგ ისაუბრა.

„ჩვენთვის გაუგებარია გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება „ღირსეული პარტნიორის“ გაურკვეველი ვადით გადადებას. თუმცა ხაზს გავუსვამ, რომ ჩვენ, თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს გვაქვს ძალიან ბევრი თანამშრომლობის ფორმატი, სადაც ინტენსიურად ვმუშაობთ და ვთანამშრომლობთ და ეს თანამშრომლობა გაგრძელდება“, - უთხრა ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა.

დღესვე ჟურნალისტებთან ისაუბრა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

„მინდა, ჩვენს პარტნიორებს ვთხოვო, ვინც გადაწყვეტილებას იღებს ხოლმე ასეთ საკითხებზე, გასაგებია, რომ ამ მასშტაბის ღონისძიება არ არის მხოლოდ სამხედრო ღონისძიება, ეს არის სამხედრო პოლიტიკური ღონისძიება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები ათეულობით წლების განმავლობაში იცავდნენ არა მხოლოდ იმ ქვეყნებს, რომლებიც დღეს ნატოს წევრები არიან, არამედ მსოფლიო მშვიდობას“, - განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.

გუშინ, 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ერთად დაგეგმილი სამხედრო წვრთნები, „ღირსეული პარტნიორი“ (Noble Partner), რომელსაც საქართველო 2016 წლიდან მასპინძლობდა, საქართველოსთან ურთიერთობის პოლიტიკის გადახედვის ფარგლებში, განუსაზღვრელი დროით გადადო.

შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება განპირობებულია საქართველოს „მთავრობის ცრუ ბრალდებებით შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG