Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული არასრულწლოვანი


გიორგი მელიქიშვილი პოლიციამ 14 მაისს დააკავა - დაკავებამდე ის სამართალდამცველებს უხსნიდა, რომ ფეხი ჰქონდა ნატკენი და შემაღლებული ადგილიდან ჩამოსვლა უჭირდა
გიორგი მელიქიშვილი პოლიციამ 14 მაისს დააკავა - დაკავებამდე ის სამართალდამცველებს უხსნიდა, რომ ფეხი ჰქონდა ნატკენი და შემაღლებული ადგილიდან ჩამოსვლა უჭირდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ენუქიძემ 4 ივნისს დაასრულა "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე 14 მაისს დაკავებული არასრულწლოვანის, გიორგი მელიქიშვილის საქმის განხილვა. აქციის მონაწილეს პოლიცია ორ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, წვრილმან ხულიგნობას ადგილი არ ჰქონია, პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის გამო კი მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა მისცა, რაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დასაკისრებელი სახდელის ერთ-ერთი ფორმაა.

ამ საქმეზე სასამართლომ ორი მოწმე პოლიციელი და ერთი თვითმხილველი, ჟურნალისტი რატი მუჯირი გამოკითხა, რომელიც გიორგის დაკავების დროს მის დაცვას ცდილობდა და ამ ამბის თვითმხილველია. არასრულწლოვანის დაცვის მხარეს 30-მდე მოწმე ჰყავდა ამ საქმეზე, თუმცა მოსამართლემ მათი გამოკითხვა საჭიროდ არ მიიჩნია. საქმეში დევს ფოტო და ვიდეომტკიცებულებებიც, რომელიც ადასტურებს რომ გიორგი მელიქიშვილი პარლამენტის შენობის შემაღლებულ ფასადზე ფოტოების გადასაღებად იყო ასული, როცა მოქალაქეების დაკავება დაიწყო პოლიციამ.

პოლიციამ იმ დღეს გიორგის გარდა კიდევ 13 ადამიანი დააკავა - მათ ნაწილს სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა სასტიკად სცემეს. პოლიციელების მხრიდან დამცირებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს გიორგი მელიქიშვილიც. გიორგის სარჩელი პოლიციელების წინააღმდეგ, სადაც ის პოლიციელების მხრიდან გამოჩენილი ძალადობის ფაქტების გამოძიებას ითხოვს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურშია შესული.

„აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციებზე 15 აპრილიდან 15 მაისის ჩათვლით, სამართალდამცავებმა 180-ზე მეტი ადამიანი დააკავეს წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობისთვის. კიდევ 10 ადამიანია დაკავებული სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ბრალდებით - მათი საქმეების განხილვა სასამართლოში ჯერაც გრძელდება.

აქციაზე დაკავებულთა უმეტესობა პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებაზე, არასათანადო მოპყრობაზე, ფიზიკურ ანგარიშსწორებასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე საუბრობს. ამას ადასტურებდა საკუთარ განცხადებებში სახალხო დამცველიც.

აქციებზე დაკავებული მოქალაქეების მიმართ ძალის გადამეტების საქმეებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს, თუმცა ამ დრომდე არცერთი პასუხისმგებელი პირი გამოკვეთილი არ არის.

საქართველოს პარლამენტმა სადავო კანონი საბოლოოდ 28 მაისს მიიღო, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევით და 84 დეპუტატის მხარდაჭერით.

„არა რუსულ კანონს!“ "არა რუსულ მთავრობას!" - ამ ლოზუნგებით 2024 წლის გახაფხულზე კანონს თითქმის ორი თვის განმავლობაში აპროტესტებდა ათობით ათასი მოქალაქე თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG