კიევის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა ოპოზიციონერი აქტივისტი, ყაზახეთის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი აიდოს სადიყოვი. ის თითქმის ორი კვირის განმავლობაში, მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა უკრაინის დედაქალაქში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ.
ცნობა აიდოს სადიყოვის გარდაცვალების შესახებ სოციალური ქსელებით დღეს, 2 ივლისს, გაავრცელა ჟურნალისტის ცოლმა, პუბლიცისტმა ნატალია სადიყოვამ. მისი ინფორმაციით, აიდოსი კიევის დროით ღამის სამ საათზე გარდაიცვალა. ნატალია სადიყოვა წერს, რომ აიდოსმა თავისი სიცოცხლე ყაზახეთს შესწირა, კილერების ხელით დაიღუპა და მისი სიკვდილი პრეზიდენტ ტოყაევის სინდისზეა.
აიდოს სადიყოვზე თავდასხმა 18 ივნისს, დღისით, მოხდა კიევის შევჩენკოს რაიონში მდებარე სახლის მახლობლად, სადაც ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. უცნობმა პირმა ავტომანქანაში მყოფ ჟურნალისტს ესროლა. მძიმედ დაჭრილი აიდოს სადიყოვი კლინიკაში გადაიყვანეს. მისმა ცოლმა ნატალია სადიყოვამ იმავე დღეს განაცხადა, რომ თავდასხმასთან კავშირი აქვს ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომარტ ტოყაევს. ყაზახეთის ხელისუფლებამ ამ ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა.
21 ივნისს ნატალია სადიყოვამ ფეისბუკის პირად გვერდზე გამოაქვეყნა ცნობა, რომ უკრაინის პოლიციამ დაადგინა თავდამსხმელები, ყაზახეთის მოქალაქეები მეირამ კარატაევი და ალტაი ჟაყანბაევი, რომლებიც მკვლელობის დაკვეთის შესასრულებლად კიევში 2 ივნისს ჩავიდნენ, ბინები დაიქირავეს და აიდოსს უთვალთვალებდნენ. იმავე დღეს უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისმა განაცხადა, რომ აიდოს სადიყოვის განზრახ მკვლელობაში ეჭვმიტანილებმა თავდასხმის დღესვე, 18 ივნისს გადაკვეთეს უკრაინა-მოლდოვის საზღვარი. უკრაინის პროკურატურამ ყაზახეთის ამ ორი მოქალაქის საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. მათ კიევის სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა წინასწარი პატიმრობა.
აიდოს და ნატალია სადიყოვები კიევში 2014 წლიდან დასახლდნენ. მათ ყაზახეთი დატოვეს სისხლისსამართლებრივი დევნის გამო, რომელსაც პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებდნენ.
2023 წელს ყაზახეთის ხელისუფლებამ სადიყოვები ძებნილად გამოაცხადა სოციალური, ეროვნული და რელიგიური შუღლის გაღვივების ბრალდებით.
აიდოს და ნატალია სადიყოვებმა უკრაინაში ლტოლვილის სტატუსი მიიღეს. ცოლ-ქმარმა შექმნა იუთუბ-არხი, რომლის მეშვეობით ყაზახეთის ხელისუფლებას და ოლიგარქებს აკრიტიკებდნენ. არხს მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.
ფორუმი