სოლიდარობა გამოხატა როგორც ქართული პროტესტის, ისე ლგბტქ თემის წევრების მიმართ, რომელთა უფლებების შემზღუდავ საკონსტიტუციო ცვლილებებზეც მუშაობს დღეს საქართველოს ხელისუფლება.
“მე არასოდეს არ მინდოდა გავმხდარიყავი მშობელი და მყოლოდა შვილები. ჩემი შვილები ჩემი სიმღერებია. სტუდიაში სიმღერებსა და ალბომებზე მუშაობა სექსს ჰგავს, ეს მშვენიერია. კონცერტზე გამოსვლა კი შვილების გაზრდის პროცესივით არის, რომელიც შეიძლება სასიამოვნო იყოს, მაგრამ მას მეტი ენერგია მიაქვს და შენგან ერთდოულად ბევრი რამის გათვალისწინებას მოითხოვს. მე ორივე პროცესი მომწონს, მაგრამ სტუდიაში მუშაობა უბრალოდ გადასარევია” - ამბობს მუსიკოსი საქართველოში ჩამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე მიცემულ ინტერვიუში.
თბილისში, რადიო თავისუფლებასთან მუსიკოსი საუბრობს ხელოვნებაზე, რომელიც უნდა იყოს ცეცხლოვანი და ეხმაურებოდეს საზოგადოების სევდებს, შიშებსა და ტკივილებს. მისთვის მნიშვნელოვანია მის ფანებს, რომელი ქვეყნიდანაც არ უნდა იყვნენ ისისნი ჰქონდეთ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება.
ავრორა, რომელიც იბრძვის ქალების უფლებებისთვის, უმცირესობების თანასწორი გარემოსთვის, პირადად არც შევიწროვების და არც ძალადობის მსხვერპლი არ ყოფილა, თუმცა ამ გამოცდილების გარეშეც შეუძლია იყოს მათი ხმა, ვისაც ეს ჭირდება.
მომღერალს, რომელმაც პირველი სადებიუტო ალბომი 2015 წელს გამოუშვა, ყოველთვიურად 20 მილიონამდე ადამიანი უსმენს Spotify-ზე. მისი ალბომების მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული მთელ მსოფლიოში.
ბაილი აილიში, თანამედროვე მუსიკოსებიდან ერთ-ერთი ყველაზე მოკაშკაშე ვარკვლავი, ამბობს, რომ მუსიკოსობა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც 12 წლისამ ავრორას ცნობილი ჰიტი, Runaway მოისმინა. “მივხვდი, რომ ეს იყო ის, რისი კეთებაც მინდოდა” - ასე გაიხსენებს ის წლების შემდეგ ამ მოგონებას.
თავად ავრორა შემთხვევითობას მიაწერს მის მუსიკალურ კარიერას - პატარა გოგო, რომელიც სახლში ნაპოვნ ელექტროპიანოზე უკრავდა და მღეროდა თავის სიმღერებს, თავს უხერხულად გრძნობდა, როცა ოჯახის წევრების გარდა ვინმე უსმენდა. “არ მინდოდა არტისტი გავმხდარიყავი, მე სიმღერებს მხოლოდ იმიტომ ვწერდი, რომ ეს მაბედნიერებდა” - ამბობს ავრორა, რომლის პირველი ჩანაწერებიც ინტერნეტში მისი ნებართვის გარეშე გავრცელდა.
ამ სიმღერებიდან ერთი იყო სკოლის გამოსაშვებ საღამოზე შესრულებული “გრძელი და მოსაწყენი სიმღერა მშვიდობიან სამყაროზე”, რომლის ვიდეოც მისმა კლასელმა გაავრცელა და მეორე კი სახლში მშობლებისთვის გაკეთებული ჩანაწერი, რომელიც მისმა მეგობარმა SOUNDCLOUD-ზე ატვირთა. სწორედ ამ ორი ჩანაწერით იპოვა ის პირველმა ხმის ჩამწერმა კომპანიამ 2013 წელს. ავრორა, იმხანად პიცერიაში მუშაობდა და რომ არა დედის დაჟინებული თხოვნა, აგენტებსაც უარს ეტყოდა შეხვედრაზე.
დიდი მადლობა ინტერვიუსთვის, ჩემთვის ეს პირველი შემთხვევაა, როცა ვხვდები მომღერალს, რომელიც ჩემი 9 წლის ქალიშვილის საყვარელი არტისტია. ალბათ იცოდით ხომ, რომ საქართველოში თაყვანისმცემელთა დიდი არმია გელოდებოდათ?
მე ამას საერთოდ არ ველოდებოდი, ნორვეგია საქართველოსგან ისე შორს არის. გაკვირვებული ვიყავი, როცა ჩამოვედი. დღეს უბრალოდ ვსეირნობდი ქუჩებში, ნაყინის საჭმელად, ყავის დასალევად და შესანიშნავი ქართული საკვების გასასინჯად და მთელი დღის განმავლობაში მოდიოდნენ ადამიანები და მესალმებოდნენ.
ყველა ძალიან კეთილგანწყობილი იყო. ეს სახლში ყოფნას გავდა. მე მართლა ძალიან მომეწონა აქაური ხალხი და უკვე შემიყვარდნენ ჩემი ფანები, რომლებსაც შევხვდი. შესანიშნავი ხალხია.
თქვენც ასეთივე პატარა ქვეყნიდან ხართ...
კი, ნორვეგიაც საქართველოსავით პატარაა.
ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ჩავდივარ ახალ ქვეყანაში, სადაც ადამიანები მიცნობენ, მე იქ ვარ და ისინი ისე იქცევიან, თითქოს [უცხო ვარ], ხომ გესმით არა? მაგრამ აქ, ხალხი ისე მესალმებოდა, თითქოს მათი მეგობარი ვყოფილიყავი. ეს შესანიშნავია. ზუსტად ისე ვგრძნობდი თავს, თითქოს ნორვეგიაში ვარ, სახლში.
ასე რომ საქართველო უკვე ჩემს გულშია.
რამდენიმე წუთში ახვალთ იმ ფესტივალის სცენაზე, რომელიც უკვე 15 წელია აერთიანებს ადამიანებს ერთი სლოგანის ქვეშ - მუსიკა ათავისუფლებს. თქვენთვის რა არის მუსიკის ფუნქცია და რა გინდათ, რომ იგრძნონ იმ ადამიანებმა, რომლებიც პირველად გნახავენ სცენაზე?
მუსიკას შეუძლია იყოს ჩვენი გულის ხმა. მუსიკით შეგვიძლია ვილაპარაკოთ ყველაფერზე.
მე ვფიქრობ რომ მუსიკა უნდა იყოს, ყოველ შემთხვევაში მე მომწონს [ისეთი] მუსიკა, რომელიც არის პოლიტიკური, ცეცხლოვანი. სამყაროში ბევრი რამ იკვებება სიძულვილით და ცდილობს ჩვენს დაყოფას და ერთმანეთით დაშინებას. მაგრამ მუსიკას შეუძლია ადამიანების გაერთიანება და გაძლიერება. ის სიყვარულით არის გაჯერებული და მე ვფიქრობ, ეს მაგარია.
მე ვიცი, აქ ადამიანებმა კარგად იციან, როგორი გამოიყენონ საკუთარი ხმა. პროტესტი კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია, უნდა შეგეძლოს იმის თქმა რა გინდა და იმის მოთხოვნა, რასაც იმსახურებ.
მოუთმენლად ველოდები, როდის ვიმღერებ დღეს მათთვის.
გსმენიათ საქართველოში პროტესტების შესახებ? ვიცი, რომ თვალს ადევნებთ ისრაელი-პალესტინის კონფლიქტს, დარდობთ გლობალურ დათბობასა და გარემოს დაბინძურებაზე, მაგრამ არ ვიცი რა იცით საქართველოს შესახებ. ქვეყანას ახლა ძალიან რთული დრო უდგას.
მსმენია ამის შესახებ. დეტალები არ ვიცი, მაგრამ ვგრძნობ რომ ხალხი ღელავს, ეშინია და არც მჭირდება ბევრის ცოდნა იმის მისახვედრად ეს რას ნიშნავს. სადაც არ უნდა მივდიოდე, ყველგან მინდა რომ ჩემს ფანებს ჰქონდეთ სიტყვის თავისუფლება, იდენტობის არჩევის თავისუფლება, შეეძლოთ იყვნენ დანარჩენი სამყაროს სრულფასოვანი წევრები.
ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება, ერთმანეთთან კავშირები, შეხება და არა ერთმანეთისაგან გათიშვა. ჩვენ გვჭირდება რომ გვისმენდნენ, განსაკუთრებით ახალგაზრდებს სჭირდებათ ეს.
მე ვიცი, რომ აქ ბევრი დიდი ამბები ტრიალებს და ეს ამბები ჩემს გულში იქნება, როცა ვიმღერებ.
ლგბტქ თემის დიდი მხარდამჭერი ხართ, თავს ფემინისტად მიიჩნევთ. ჩამოხვედით ქვეყანაში, რომლის მთავრობაც სწორედ ახლა მუშაობს ლგბტქ ადამიანების უფლებების შემზღუდავ კანონპროექტზე. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ამას ბავშვების დასაცავად აკეთებენ, მაგრამ ცხადია რომ ეს კანონი მკვეთრად გააუარესებს აქ მცხოვრები უმცირესობების და მათი უფლებების დამცველების მდგომარეობას. რა შეგიძლია უთხრა მათ მათი მხარდამჭერის პოზიციიდან?
აღფრთოვანებული ვარ, როგორ იყენებთ თქვენს ხმებს, ვიცი რომ დიდი წინააღმდეგობები გაქვთ. მინდა გითხრათ, არასოდეს თქვათ უარი, ისმოდეს თქვენი ხმა. ვიცი რომ რთულია, როცა არ გისმენენ და არაფერი იცვლება, მაგრამ რეალურად ბევრი რამ იცვლება, როცა ლაპარაკობ, როცა შენს პროტესტს გამოხატავ - ეს უნდა გავაკეტოთ მანამ, სანამ არ გვექნება ისეთი სამყარო, როგორსაც ვიმსახურებთ.
ყველას, ვინ შეშინებულია ლგბტქ თემის არსებობით, ვინც ფიქრობს რომ შეიძლება ბევრს ვითხოვდეთ და ეს ყველაფერი არ გვჭირდება, მინდა ვუთხრა, რომ ადამიანებს კლავენ მხოლოდ იმის გამო, ვინც არიან.
ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ არ გვეშინია, რომ წინააღმდეგობის მიუხედავად შეგვიძლია ვაჩვენოთ ვინ ვართ, ფერადი, დიდებული, ხალისიანი ადამიანები. ჩვენ გვჭირდება ვიყოთ ხმამაღლები და ვაჩვენოთ ერთმანეთს რომ გვირჩევნია დავიხოცოთ, ვიდრე უარი ვთქვათ საკუთარ თავებზე. ეს მშვენიერია და მე მინდა უბრალოდ გითხრათ, დაიცავით თქვენი ხმა და მე ვიამაყებ თქვენით.
უმცირესობებისთვის არტისტების დაცვა, მათი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც „ასეთ თემებს“ არ იმჩნევს, ურჩევნია რაიმე “ლამაზ და კარგ ამბებზე” ილაპარაკოს, ვიდრე არაპოპულარულ თემებს შეეხოს.
სულ იცვლება მუსიკის როლი სამყაროში. ზოგჯერ კარგია მშვიდობა და სიყვარული, სილამაზე, ზოგჯერ მუსიკა განტვირთვისთვის გვჭირდება, გამოსავლად, ზოგჯერ საცეკვაოდ - სამყაროს სხვადასხვა მუსიკა ჭირდება.
მე ვფიქრობ რომ დღეს საჭიროა მუსიკა, რომელსაც აქვს სათქმელი - ცოტა დამღლელია, არ მინდა უხეშად გამოვიდეს ეს ჩემი ნათქვამი, მაგრამ მე მღლის მუსიკა რომელშიც მხოლოდ ნარცისიზმი და ჩვენი თავებია, საკუთარი თავის თაყვანისცემა. ესეც მნიშვნელოვანია, ესეც მომწონს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ერთადერთი რამ რასაც მუსიკა ამბობს, უნდა არსებოდეს მუსიკა, რომელიც გველაპარაკება, ამბობს იმას, რაც ჩვენ გვაღელვებს - ხელოვნებას უნდა ჰქონდეს ცეცხლი და გამოხატავდეს ხალხს, ხომ გესმით.
ვიცი, რომ ჟესტური ენაც იცით და ამ ცოდნის მიღმა სევდიანი ისტორიაა ადამიანური დანაკარგების შესახებ. შეგიძლიათ რამე გვითხრათ ამ ამბავზე?
მე არ ვიცი საერთაშორისო ჟესტური ენა, მხოლოდ ნორვეგიული ჟესტური ენა ვიცი. რაც შეეხება ისტორიას, ეს იმდენად პირადულია, მირჩევნია ამაზე არ ვილაპარაკო.
სადღაც წავიკითხე რომ თქვენი უფროსი დები ღელავდნენ როცა სკოლაში მიდიოდით. მათ ეშინოდათ რომ შესაძლოა ბულინგის მსხვერპლი გამხარიყავით განსაკუთრებული ჩაცმისა და თმის სტილის, არაორდინალური ქცევის გამო.
ეს ახლა უკვე ჩვეულებრივ ამბად იქცა. აღარ ნერვიულობენ…
მეტიც, დღეს უკვე ათასობით გოგოს სურს ავრორასავით გამოიყურებოდეს - რას ეტყვით ქალებსა და გოგოებს საკუთარი თავის, დამოუკიდებლობისა და გამორჩეულობის დაცვის მნიშვნელობაზე. როგორ იარონ მყარად თავის არჩეულ გზებზე?
სამყაროს არაფერი სჭირდება ისე, როგორც ადამიანები, ვისაც არ ეშინიათ საკუთარი თავის. ადამიანად ყოფნის მთელი ამბავიც ეგაა რომ ჩვენ ყველა განსხვავებულები ვართ რაღაც თვალსაზრისით. ეს ძალიან მაგარია და მნიშვნელოვანია ის იყო, ვინც ხარ და არ იფიქრო იმაზე, რას ფიქრობდნენ ადამიანები შენზე მანამ, სანამ შენ ჩამოგიყალიბდებოდა აზრი საკუთარ თავზე.
მე დიდ პატივს ვცემ ადამიანებს, ვისაც ეს შეუძლია. მარტივი არ არის, მაგრამ ცხოვრებას ნამდვილად აადვილებს.
როცა მუსიკის კეთება დაიწყეთ, არ ფიქრობდი რომ საჭირო იყო ამის სხვებისთვის გაზიარება. როდის მიხვდით რომ აი ახლა უკვე შემიძლია არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, სხვებისთვისაც ვიმღერო.
თავიდან ეს დაგეგმილი არ ყოფილა. უბრალოდ ასე გამოვიდა და ეს ძალიან უცნაურია, როგორც გამოვიდა.
ჩემთვის მუსიკა არ არის საშუალება იმისთვის რომ [სხვის თვალში] გამოვჩნდე კარგი ან ვიქცე განხილვის საგნად. ეს ჩემთვის რაიმე განსაკუთრებული ნიჭი არ არის, ეს არის ქცევა, ეს არის რაღაც, რასაც ადამიანები აკეთებენ და რაც ნამდვილად სასარგებლოა ჩვენთვისაც და სხვა ადამიანებისთვისაც.
ყველაზე მეტად რისი გეშინიათ?
[მაშინებენ] ადამიანები, ვინც პატარა მღვიმეებში შედიან, იქ იჭედებიან და კვდებიან - ყველაზე მეტად მაგის მეშინია.
ბავშვობის საუკეთესო მოგონებად რას თვლით?
მათ [მოგონებებს -რ.თ.] არაფერი აქვთ საერთო მღვიმეებთან. მე მაშინაც და ახლაც ერთი და იგივე რამე მაბედნიერებს ა - ძალიან მარტივი რამეები. ქარში ყოფნა, ბალახზე წამოკოტრიალება, ხეების შრიალისთვის თვალყურის დევნება, გარეთ…სიჩუმეში ყოფნა.
ფორუმი