Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანი სახმელეთო საზღვრებს მინიმუმ 1 ოქტომბრამდე არ გახსნის


ფოტო არქივიდან: საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი, საბაჟო-გამშვები პუნქტი "წითელი ხიდი"
ფოტო არქივიდან: საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი, საბაჟო-გამშვები პუნქტი "წითელი ხიდი"

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული განსაკუთრებული საკარანტინო რეჟიმი 2024 წლის 1 ოქტომბრამდე გაახანგრძლივა. შესაბამის განკარგულებას ხელი მოაწერა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა. დოკუმენტის მიღების მიზანია „ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის გავრცელებისა და მისი შესაძლო შედეგების პრევენცია“.

აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი 2020 წლის გაზაფხულიდანაა დაკეტილი. ბაქოში განაცხადეს, რომ საკარანტინო რეჟიმს შეინარჩუნებენ „იმდენ ხანს, რამდენიც აუცილებელი იქნება“.

ქვეყანაში შესვლა მხოლოდ საჰაერო ტრანსპორტით არის შესაძლებელი. ამავე დროს, უცხოელებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს აზერბაიჯანის დატოვება სახმელეთო გზით შეუძლიათ.

აზერბაიჯანის სახმელეთო გზის გახსნის აუცილებლობის შესახებ არაერთხელ განაცხადეს საქართველოში მცხოვრებმა ეთნიკურად აზერბაიჯანელებმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის საბაბით 2020 წელს დაკეტილი სახმელეთო საზღვარი, აზერბაიჯანს დღემდე არცერთ მეზობელთან არ გაუხსნია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2023 წლის მაისში კორონავირუსის პანდემია დასრულებულად გამოაცხადა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG