Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენის ანგარიში: სასამართლომ უნდა შეაფასოს პარლამენტში მედიის შეზღუდვის აუცილებლობის საკითხი


სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენა პარლამენტში. 25 ივნისი, 2024 წელი
სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენა პარლამენტში. 25 ივნისი, 2024 წელი

პარლამენტში უსმენენ სახალხო დამცველის ანგარიშს 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ.

ომბუდსმენმა ლევან იოსელიანმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ილაპარაკა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ 2023 წელს მიღებულ ბრძანებაზე, რომელიც უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში ჟურნალისტების საქმიანობის შეზღუდვას ითვალისწინებს.

ომბუდსმენმა გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის დამაბრკოლებელ საკითხებზე საუბრისას აღნიშნა, რომ 2023 წელს საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი დამტკიცდა.

„წესი ითვალისწინებს აკრედიტებული ჟურნალისტის ვალდებულებას, საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, შეწყვიტოს ინტერვიუ“, - თქვა იოსელიანმა.

ომბუდსმენის ანგარიშში კი ვკითხულობთ, რომ ამ წესით დადგენილი ნორმები „ტელეკომპანია პირველმა“ სასამართლოში გაასაჩივრა და მისი ნაწილობრივ ბათილად ცნობა მოითხოვა, ხოლო სახალხო დამცველმა სასამართლო მეგობრის მოსაზრება წარადგინა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად „აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში“ ჟურნალისტებისთვის დაწესებული ვალდებულება, შეწყვიტონ ინტერვიუ საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში. ასევე, იოსელიანმა განაცხადა, რომ სასამართლომ უნდა შეაფასოს „სადავო მზღუდავი ღონისძიებების პროპორციულობის საკითხიც“.

შეფასებების გასაკეთებლად კი, ომბუდსმენის მოსაზრებით, მნიშვნელოვანია, ქვეყანაში შექმნილი ზოგადი კონტექსტის გათვალისწინება.

„ცალკეული პოლიტიკოსები, მათ შორის პარლამენტის წევრები, არ სტუმრობენ კონკრეტულ მედიასაშუალებებს, რომელთა სარედაქციო პოლიტიკასაც არ ეთანხმებიან. ამდენად, ჟურნალისტებს მათთვის სასურველი შეკითხვების დასმისა და მიღებული ინფორმაციის აუდიტორიისთვის მიწოდების შესაძლებლობა, გარკვეულ შემთხვევაში, მხოლოდ პარლამენტის ტერიტორიაზე შეუძლიათ.

ჟურნალისტებისთვის მსგავსი შესაძლებლობის შენარჩუნება კრიტიკულად აუცილებელია, რათა შეასრულონ „საზოგადოებრივი დარაჯის როლი“, რაც მედიის ფუნქციაა“, - წერია ანგარიშში.

ბოლო დროს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მოთხოვნით, ოთხ ჟურნალისტს შეუჩერეს საკანონმდებლო ორგანოში მუშაობა. ყველა პოლიტიკოსი პრეტენზიას გამოთქვამს, რომ მათი მოთხოვნის მიუხედავად, ჟურნალისტები არ წყვეტენ ვიდეოგადაღებასა და მათთვის კითხვების დასმას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG