Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

20 ივნისიდან 5 წლის შემდეგ - სად არიან დღეს “გავრილოვის ღამის” გმირები და ანტიგმირები


20 ივნისის აქციის დარბევის შემდეგ 5 წელი გავიდა. ამ დროის განმავლობაში იმ ღამეს დაშავებულთა ნაწილმა საქართველო დატოვა და ევროპაში ითხოვა თავშესაფარი. ვინც დარჩნენ, იმათ კვლავ აწუხებთ უსამართლობის განცდა და სახელმწიფოსთან დავას განაგრძობენ. 

შეიცვალა იმ ოპოზიციონერთა სტატუსი და მდგომარეობაც, ვინც 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი განრისხებულმა გააძევა.

იმ მოვლენების მონაწილეთაგან ისევ აქტიური პოლიტიკური ცხოვრებით ცხოვრობენ ის პოლიტიკოსები, ვინც მაშინ ხელისუფლებაში იყო და ვისი პასუხისმგებლობის დაყენებასაც სამი თვის განმავლობაში უწყვეტი აქციებით ითხოვდნენ მოქალაქეები.

ვნახოთ, რა ხდებოდა 2019 წლის 20 ივნისიდან 2024 წლის 20 ივნისამდე “გავრილოვის ღამის” გმირებისა და ანტიგმირების თავს.

გიორგი გახარია - მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი

მას ჯერ კიდევ მთავრობაში ყოფნისას უძღვნიდნენ დამცინავ სიმღერებს და კარიკატურულ ბიუსტებს უდგამდნენ პარლამენტის შენობასთან.

გავრილოვის ღამის შემდეგ დაიწერა სიმღერა „როცა ბაშვებს ხვდება ტყვია, გახარიას უხარია!“, ხოლო შს მინისტრის გვარმა შეიძინა რითმული წყვილი „თვალთხარია“
გავრილოვის ღამის შემდეგ დაიწერა სიმღერა „როცა ბაშვებს ხვდება ტყვია, გახარიას უხარია!“, ხოლო შს მინისტრის გვარმა შეიძინა რითმული წყვილი „თვალთხარია“

2019 წლის ზაფხულსა და შემოდგომის პირველ დღეებში, 20 ივნისის აქციის დარბევის გამო გიორგი გახარიას გადადგომას მოქალაქეებმა სამი თვე შეალიეს. 8 სექტემბერს „ქართულმა ოცნებამ“ ის მართლაც გადააყენა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან და იმავე დღეს ის პრემიერ-მინისტრად დაწინაურდა.

მისი პრემიერ-მინისტრობის დროს აკავებენ „ენმ“-ის თავმჯდომარეს ნიკა მელიას. მას ბრალად ედება 20-21 ივნისს, პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობა ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა.

პრემიერ-მინისტრის პოსტს გიორგი გახარია 2021 წლის 18 თებერვლამდე შეინარჩუნებს. გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას ის „ქართული ოცნებისთვის“ პოლიტიკური კრიზისის მომენტში მიიღებს.

გადადგომისას გიორგი გახარია ამბობს, რომ მიზანშეუწონლად მიაჩნია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მხარდამჭერებთან ერთად გამაგრებული ნიკა მელიას პოლიციური ოპერაციით დაკავება. „ამით საფრთხე შეექმნებოდა მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს“ - თქვა მან საკუთარ გადაწყვეტილებაზე საუბრისას.

ამ ფოტოთი დაემშვიდობა გიორგი გახარია მთავრობის ადმინისტრაციას
ამ ფოტოთი დაემშვიდობა გიორგი გახარია მთავრობის ადმინისტრაციას

გადამდგარმა პრემიერ-მინისტრმა 2021 წელსვე საკუთარი პარტია, “საქართველოსთვის” დაარსა, რომელმაც იმავე წლის შემოდგომაზე ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თითქმის 140 ათასი მოქალაქის ხმა მიიღო - ეს ამომრჩევლების 7,8% იყო.

გადამდგარი გიორგი გახარია არაერთხელ გახდა ყოფილი თანაგუნდელების დაცინვის და შეურაცხყოფის ობიექტი, მათ შორის 20 ივნისს მშვიდობიანი დემონსტრანტებისთვის „თვალების დათხრის” გამო.

თავად გიორგი გახარიას არასოდეს უსაუბრია ღიად 20 ივნისზე და არ უთქვამს ვინ გასცა იმ ღამეს მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევის ბრძანება.

ახლა გიორგი გახარია და მისი პარტია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება და სავარაუდოდ არცერთ ოპოზიციურ პარტიასთან არ გაერთიანდება წინასაარჩევნოდ მეტი ხმების მოსაპოვებლად.

ირაკლი კობახიძე - მაშინდელი პარლამენტი თავმჯდომარე

მოქმედი პრემიერ-მინისტრი 20 ივნისს პარლამენტის თავმჯდომარე იყო. მან დაუთმო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი რუს კომუნისტ დეპუტატ სერგეი გავრილოვს.

21 ივნისს ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა, თუმცა არც საკანონმდებლო და არც პარტიული საქმიანობა არ შეუწყვეტია.

ირაკლი კობახიძე 19 ივნისს, მართლმადიდებლობის ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას
ირაკლი კობახიძე 19 ივნისს, მართლმადიდებლობის ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას

2021 წლის იანვარში ის “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს აირჩიეს მას შემდეგ, რაც ამ პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მორიგ ჯერზე განაცხადა რომ პოლიტიკიდან მიდიოდა. 2024 წლის თებერვალში კობახიძე უკვე პრემიერ-მინისტრი გახდა - მან ამ პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი შეცვალა.

მისი პრემიერმინისტრობის დროს მიიღო საქართველოს პარლამენტმა „კანონი აგენტების“ შესახებ და მთავრობამ ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვის შესაძლებლობაზე დაიწყო საჯაროდ ლაპარაკი. სადავო კანონპროექტის მიღებისა და ქართული დემოკრატიის ძირის გამოთხრის გამო საქართველოს ხელისუფლების წევრებს და მათთან დაკავშირებულ პირებს პირველად დაუწესდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციები.

ზაქარია ქუცნაშვილი - მაშინ პარლამენტის წევრი

21 ივნისს პარლამენტს ტოვებს “ქართული ოცნების” დეპუტატი, ზაქარია ქუცნაშვილი. ის იმ საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლობის ასამბლეის ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი იყო, რომლის მონაწილედაც ჩამოვიდა საქართველოში სერგეი გავრილოვი.

გავრილოვის გაძევების შემდეგ საქართველოს პარლამენტში შეკრებილი სამოქალაქო აქტივისტები შეძახილებით „მონა“ და „მოღალატე“ დახვდნენ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელს, ზაქარია ქუცნაშვილს. 20 ივლისი, 2024 წელი
გავრილოვის გაძევების შემდეგ საქართველოს პარლამენტში შეკრებილი სამოქალაქო აქტივისტები შეძახილებით „მონა“ და „მოღალატე“ დახვდნენ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელს, ზაქარია ქუცნაშვილს. 20 ივლისი, 2024 წელი

ქუცნაშვილი ასამბლეის დაწყებამდე ამტკიცებდა, რომ საქართველოსა და უკრაინის შესახებ მიუღებელი განცხადებების გამო სახელმწიფო უარს ვერ ეტყოდა რუსული დუმის დეპუტატებს საქართველოში შემოსვლაზე.

მართლმადიდებლობის ასამბლეის ქართული დელეგაციის წევრები ზაქარია ქუცნაშვილის გარდა იყვნენ დიმიტრი ხუნდაძე, ენძელა მაჭავარიანი, ადა მარშანია და ზვიად ძიძიგური. მათგან პირველი დღეს “ქართული ოცნების” სატელიტი პარტიის “ხალხის ძალის” წევრია, დანარჩენი სამი კი შემდეგი მოწვევის პარლამენტში აღარ მოხვედრილან.

ზაქარია ქუცნაშვილი პარლამენტის დატოვებიდან მალევე ხდება გარდაბანის თბოსადგურის დირექტორის მოადგილე. გარდაბანის თბოსადგური სახელმწიფო საწარმოა, რომლის ნახევარზე მეტს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ ფლობს. იმ დროს, როცა ქუცნაშვილი თბოსადგურისდირექტორის მოადგილედ დაინიშნა, მისი მამა, ომარ ქუცნაშვილი ნავთობისა და გაზის კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო.

მამუკა ბახტაძე - მაშინდელი პრემიერ-მინისტრი

2019 წლის 20 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე იყო - მან ეს პოსტი იმ წლის სექტემბრის დასაწყისში დატოვა. 37 წლის პრემიერ-მინისტრის გადადგომა ქვეყანამ პოლიტიკოსის ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტით გაიგო. ამ ეტაპზე “საკუთარი მისია” შევასრულეო, წერდა მამუკა ბახტაძე.

გადადგომის შემდეგ ბახტაძემ თქვა, რომ თანამდებობის დატოვებას ის მიმდინარე წლის გაზაფხულზე აპირებდა, რის შესახებაც მაშინ პარტიის თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილსაც ესაუბრა, რომელთანაც საბოლოო კონსულტაცია მმართველი პარტიის პოლიტიკურ გუნდთან გადადგომის წინა დღესაც ჰქონდა.
გადადგომის შემდეგ ბახტაძემ თქვა, რომ თანამდებობის დატოვებას ის მიმდინარე წლის გაზაფხულზე აპირებდა, რის შესახებაც მაშინ პარტიის თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილსაც ესაუბრა, რომელთანაც საბოლოო კონსულტაცია მმართველი პარტიის პოლიტიკურ გუნდთან გადადგომის წინა დღესაც ჰქონდა.

"სოციალურ ქსელებში და ნაციონალური მოძრაობის მართულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვიყენებთ რეზინის ტყვიებს, სხვადასხვა ტიპის გაზს და ა. შ. ქართული ოცნების ხელწერა ეს არასოდეს ყოფილა და არც არასოდეს იქნება, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენს მშვიდობიან მოქალაქეებზე” - თქვა მამუკა ბახტაძემ 20 ივნისს, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, რომლის მონაწილეებსაც სამართალდამცველები წყლის ჭავლით, ცრემლსადენი გაზით და რეზინის ტყვიებით შლიდნენ.

პრემიერის პოსტის დატოვების შემდეგ მამუკა ბახტაძემ თქვა, რომ 20 ივნისი მისთვის იყო “ძალიან დიდი ტკივილი”, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გაყვებოდა.

ელენე ხოშტარია - მაშინ პარლამენტის წევრი

ცნობილ კადრებში, რომელზეც ასახულია როგორ გააძევეს 20 ივნისს რუსი დეპუტატი პარლამენტიდან, რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ჩანს: ელენე ხოშტარია, რომელსაც მხრებზე საქართველოს დროშა აქვს შემოხვეული, გიორგი კანდელაკი, სერგო რატიანი, ირმა ნადირაშვილი, ოთო კახიძე, თინა ბოკუჩავა და სალომე სამადაშვილი. მათგან პირველი ოთხი იმ დროს ევროპულ საქართველოს წარმოადგენდა, თინა ბოკუჩავა და სალომე სამადაშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები იყვნენ.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის სხდომაში მონაწილეობას 25 ქვეყნის 100-მდე წარმომადგენელი იღებდა.
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის სხდომაში მონაწილეობას 25 ქვეყნის 100-მდე წარმომადგენელი იღებდა.

20 ივნისსაც და მომდევნო დღეებში პროტესტის გამოკვეთილად აქტიური წევრი იყო ელენე ხოშტარია, რომელიც წლების განმავლობაში “გავრილოვის ღამეს” დაკარგული თვალების სიმბოლოთი, თვალისსახვევით დადიოდა.

ელენე ხოშტარიამ “ევროპული საქართველო” 2020 წლის დეკემბერში დატოვა, 2021 წლის აგვისტოში კი ახალი პოლიტიკური პარტიის, “დროას” პრეზენტაცია გამართა. ეს პარტია დღეს ზურა ჯაფარიძის “გირჩთან” ერთად მუშაობს. დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრების დაწყებამდე ელენე ხოშტარია 2021 წლის ბოლოს რამდენიმე კვირის განმავლობაში შიმშილობდა საქართველოს პარლამენტის შენობაში. პოლიტიკოსი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხიდან ჰოსპიტალში გადაყვანას ითხოვდა.

ელენე ხოშტარიას კოლეგა ოპოზიციონერი დეპუტატებიდან თინა ბოკუჩავა დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეა, ოთო კახიძე კვლავ ევროპულ საქართველოში რჩება, სალომე სამადაშვილი პარტია ლელოს შეუერთდა, გიორგი კანდელაკმა კი პარტიული საქმიანობის ნაცვლად სამეცნიერო კვლევები აირჩია და საბჭოთა კვლევის ლაბორატორიას შეუერთდა. ევროპული საქართველოს აქტიურ წევრებს შორის აღარ არიან არც სერგო რატიანი და ირმა ნადირაშვილი.

ნიკა მელია - მაშინ პარლამენტის წევრი

20 ივნისს მოქალაქეების დარბევის გასამართლებლად ხელისუფლებას ჰქონდა არგუმენტი, თითქოს იმ ღამეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პარლამენტის შტურმით აღებას აპირებდნენ და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა სურდათ. ამ ბრალდებით მათ რამდენიმეთვიანი სასამართლო პროცესების შემდეგ დააკავეს იმხანად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია.

ნიკა მელიას მხარდამჭერები ციხესთან მის გათავისუფლებას ითხოვენ. 2032 წლის მარტი
ნიკა მელიას მხარდამჭერები ციხესთან მის გათავისუფლებას ითხოვენ. 2032 წლის მარტი

მელია საბოლოოდ შარლ მიშელის შეთანხმების შედეგად გამოვიდა საპატიმრო დაწესებულებიდან - მისთვის გირაო ევროკავშირის წარმომადგენლობამ გადაიხადა. დღეს მელია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი აღარ არის - მან 2024 წლის გაზაფხულზე ნიკა გვარამიასთან პოლიტიკური პარტია “ახალი” შექმნა.

ჯერ კიდევ უცნობია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ახალი“ დამოუკიდებლად იბრძოლებს თუ რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან ერთად ცდის ბედს.

“სირცხვილია”

20 ივნისის შემდეგ საპროტესტო აქციების მთავარი ორგანიზატორი იყო ახალგაზრდების გაერთიანება “სირცხვილია”, რომელიც მომდევნო წლებში არაერთხელ გახდა ხელისუფლების თავდასხმის სამიზნე.

სირცხვილიას მოწყობილი პერფორმანსი საბჭოთა ოკუპაციის წლისთავზე, 2022 წლის 25 თებერვალს - აქტივისტი რუსეთის პრეზიდენტის ნიღაბით და სტიკერით, რომელზეც აწერია "რუსული ოცნება"
სირცხვილიას მოწყობილი პერფორმანსი საბჭოთა ოკუპაციის წლისთავზე, 2022 წლის 25 თებერვალს - აქტივისტი რუსეთის პრეზიდენტის ნიღაბით და სტიკერით, რომელზეც აწერია "რუსული ოცნება"

აქტივისტები, ვინც 2019-2020 წლებში აქტიურობდნენ, ათასობით ლარის ჯარიმებით დაისაჯნენ. მათი ნაწილი მომდევნო წლებში სასწავლებლად წავა სხვა ქვეყნებში, ნაწილი კი ორგანიზაციის ყოველდღიური საქმიანობას გამოეთიშა. დღეს ორგანიზაცია „სირცხვილია“ არსებობს, თუმცა ის აღარ არის წამყვანი ძალა აქციებისას და ძირითადად საინფორმაციო კამპანიებს გეგმავს.

სერგეი გავრილოვი - მაშინ დუმის დეპუტატი

რუსი კომუნისტი დეპუტატი, რომლის სახელიც მტკიცედ დაუკავშირდა 20 ივნისის ღამის დარბევას, კვლავ რუსეთის დუმის წევრია. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მას, როგორც პუტინის ომის მხარდამჭერს და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების პოლიტიკის მხარდამჭერს, სანქციები დაუწესა შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა, კანადამ და სხვა ქვეყნებმა.

სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მას დარღვეული ჰქონდა კანონი ოკუპაციის შესახებ, აფხაზეთში ომის დროს იმყოფებოდა და საქართველოს წინააღმდეგ ომში მონაწილეობდა
სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მას დარღვეული ჰქონდა კანონი ოკუპაციის შესახებ, აფხაზეთში ომის დროს იმყოფებოდა და საქართველოს წინააღმდეგ ომში მონაწილეობდა

სერგეი გავრილოვს საქართველოს პოლიტიკაზე კომენტირებაზე უარი არ უთქვამს 2019 წლის შემდეგ - რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენამდე სამი თვით ადრე, ის ამბობდა, საქართველომ დაიმსახურა „არა მხოლოდ ავიამიმოსვლის აღდგენა, არამედ სრულყოფილი დიპლომატიური ურთიერთობებიცო”.

ფრენების აღდგენის შემდეგ კი მან არ გამორიცხა საქართველოში კიდევ ერთხელ ჩამოსვლის შესაძლებლობა პირდაპირი რეისით. სწორედ “გავრილოვის ღამის” შემდეგ მიიღო რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების გაუქმების გადაწყვეტილება.

20 ივნისს დაზარალებული მოქალაქეები

ადამიანები, ვინც ანტირუსული აქციის დარბევისას სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო, კვლავ აგრძელებენ სამართლებრივ დავას ადგილობრივ სასამართლოებში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო სააპელაციოში სასამართლოში ასაჩივრებს საქალაქო სასამართლოს ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც სახელმწიფოს მიყენებული ზიანისთვის კომპენსაციის გადახდა და სარჩოს დაკისრება დაევალა.

2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს რუსთაველის გამზირსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოფიციალური მონაცემებით, 240 ადამიანი დაშავდა. მათ შორის - 30-ზე მეტი ჟურნალისტი.
2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს რუსთაველის გამზირსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოფიციალური მონაცემებით, 240 ადამიანი დაშავდა. მათ შორის - 30-ზე მეტი ჟურნალისტი.

მაკო გომური, რომელიც 2019 წელს 18 წლის იყო და რომელმაც ამ აქციაზე თვალი დაკარგა, საკონსტიტუციო სასამართლოში ითხოვს რეზინის ტყვიების მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენების წესების ცვლილებას.

2024 წლის 20 ივნისს ჯანდაცვის მინისტრთან ოფიციალურად ითხოვა შეხვედრა დავით ფარადაშვილმა. ახალგაზრდა კაცი, რომელსაც აქციაზე სავარაუდოდ მხუთავი აირის ჭურვმა თავის ქალა დაუზიანა, დღემდე ჩივის, რომ სახელმწიფო მას არასათანადო ყურადღებას უთმობს: არ აფინანსებს მის მკურნალობას, არ აძლევს საარსებო სარჩოს და არ ეხმარება სახლის ადაპტირებაში. 20 ივნისს მიღებული ტრავმების შემდეგად მას შესაძლებლობები შეეზღუდა - დავით ფარადაშვილს ერთ მხარეს კიდურები აქვს პარალიზებული.

20 ივნისის 5 წლისთავამდე ორი თვით ადრე ამ საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ, რომელმაც დაადგინა რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ეფექტიანი გამოძიება, რითაც დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის მესამე მუხლი - წამების აკრძალვა.

20 ივნისის აქციის დაშლისას სამართალდამცველებმა 3 სახეობის იარაღი გამოიყენეს - 12, 38 და 40 მმ კალიბრიანი თოფები, საიდანაც რეზინის ტყვიებსა და გაზის ჭურვებს ისროდნენ. დემონსტრანტებს ესროდნენ 5 სახეობის ტყვიას და ცრემლსადენი აირის ჭურვებს. საბოლოოდ, გამთენიისას, დემონსტრანტები წყლის ჭავლით დაშალეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG