Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში თავს დაესხნენ და დაჭრეს ყაზახი ოპოზიციონერი ჟურნალისტი


აიდოს სადიყოვი ყაზახეთის პრეზიდენტს პრორუსული პოზიციის გამო აკრიტიკებს.
აიდოს სადიყოვი ყაზახეთის პრეზიდენტს პრორუსული პოზიციის გამო აკრიტიკებს.

სამშაბათს კიევში უცნობმა პირმა ცეცხლი გაუხსნა ავტომობილს და შემდეგ მიიმალა. უკრაინის პოლიციის ცნობით, ავტომობილში ორი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი დაიჭრა. პოლიციამ განაცხადა, რომ კაცთან ერთად მანქანაში იყო მისი ცოლი, რომელიც სროლის შედეგად არ დაშავებულა.

პოლიციას დაზარალებულის ვინაობა არ დაუსახელებია, მაგრამ ადგილობრივმა ბლოგერებმა ტელეგრამის არხებით გაავრცელეს ცნობა, რომ თავდასხმა მოხდა ყაზახ ჟურნალისტ აიდოს სადიყოვზე, რომელიც ცნობილია ყაზახეთის პრეზიდენტისადმი თავისი კრიტიკით. კიევში მცხოვრები ყაზახი ჟურნალისტი ყასიმ-ჟომარტ ტოყაევს მისი პრორუსული პოზიციის გამო აკრიტიკებს.


უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ მოგვიანებით დაადასტურა, რომ თავდასხმა განხორციელდა ყაზახეთის მოქალაქეზე, უკრაინაში ლტოლვილის სტატუსის მქონე ჟურნალისტზე. ცნობაში ნათქვამია, რომ თავდასხმის შედეგად ჟურნალისტი მძიმედ დაიჭრა და ახლა საავადმყოფოშია.

სადიყოვების წყვილი კიევში ყაზახეთის ქალაქ აქტობედან 2014 წელს გადავიდა, ნატალია სადიყოვას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემდეგ. აიდოს სადიყოვი სამშობლოში სისხლისსამართლებრივად იდევნებოდა, როგორც ის აცხადებს, პოლიტიკური მიზეზების გამო. ცოლ-ქმარმა ლტოლვილის სტატუსი უკრაინაში მიიღო. გასულ შემოდგომაზე აიდოსი და ნატალია სადიყოვები, რომლებიც, კერძოდ, იუტუბის არხ “ბაზეს” აწარმოებენ, ყაზახეთის ხელისუფლებამ ძებნილთა სიაში შეიყვანა, ანტაგონიზმის წახალისების ბრალდებით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG