Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განსხვავება პრეზიდენტისა და პრემიერის ევროპულ ვიზიტებს შორის


სალომე ზურაბიშვილი "უკრაინის მშვიდობის სამიტზე" შვეიცარიაში, 2024 წლის ივნისი
სალომე ზურაბიშვილი "უკრაინის მშვიდობის სამიტზე" შვეიცარიაში, 2024 წლის ივნისი

„უკრაინის მშვიდობის სამიტი“, რომელშიც მსოფლიო ლიდერები მონაწილეობდნენ, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საქართველოზე სალაპარაკოდაც გამოიყენა; განსხვავებით პრემიერ კობახიძისგან, რომელიც მანამდე უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობდა.  

შვეიცარიაში გამართული შეხვედრები ერთი კვირით უსწრებს წინ ევროკავშირის მინისტრების შეხვედრას, რომელზეც საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის საწინააღმდეგო ზომები უნდა განიხილონ, მათ შორის - სანქციები.

ოპოზიცია აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ დასავლელი პარტნიორები აღარ ელაპარაკებიან. ხელისუფლება კი ირწმუნება, რომ „ყველაფერი იქნება ძალიან კარგად" და კვლავ „გლობალური ომის პარტიის“ „შანტაჟზე“ მიანიშნებს.

მადლობა ლიდერობისთვის

„ვერავინ ვერ შეძლებს იმას, რომ საქართველომ გაიზიაროს უკრაინის ბედი... რაც ხდება უკრაინაში, საქართველოში არ მოხდება. საქართველოში შენარჩუნებული იქნება მშვიდობა“, - უთხრა ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ 16 ივნისს, თბილისში, როცა - შვეიცარიაში უკრაინის მხარდამჭერი სამიტი მიმდინარეობდა და ევროპელი ლიდერები სალომე ზურაბიშვილს „ქართული ოცნების“ პოლიტიკის გამო შექმნილ პრობლემებზეც ელაპარაკებოდნენ.

შვეიცარიაში გამართულ შეხვედრებზე ევროპელი ლიდერები აცხადებდნენ, რომ მხარს უჭერენ ქართველ ხალხს და საქართველოს სწრაფვას ევროპული ოჯახისკენ. ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას კვლავ ევროპულ ფასეულობებთან დაბრუნებისკენ მოუწოდებდნენ.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებების შესაბამისად, - დაწერა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა X-ზე და სალომე ზურაბიშვილს მადლობა გადაუხადა „ლიდერობისთვის და ევროპული მომავლის მიმართ ერთგულებისთვის“.

კახა კალაძე ამბობს, რომ საერთაშორისო პარტნიორების „მიზანმიმართული განცხადებები და სპეკულაციები არის სიცრუე და იმ ბინძური კამპანიის ნაწილი, რომელიც "გამჭვირვალობის კანონთან" იყო მთელი თვეების განმავლობაში“.

სამიტზე პრეზიდენტი ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტის მიწვევით ჩავიდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ სალომე ზურაბიშვილს საჯარო მადლობაც გადაუხადა.

რადიო თავისუფლებამ საგარეო საქმეთა სამინისტროში ვერც 17 ივნისს მიიღო პასუხი შეკითხვაზე - მიწვეული იყო თუ არა საქართველოს მთავრობა შვეიცარიაში. ოპოზიცია ამბობს, რომ - არა.

ხაზი გაესვა იმას, რომ საქართველოს მთავრობა არ იმსახურებს ევროპულ ოჯახში ყოფნას იმ პოლიტიკის გამო, რასაც იგი აწარმოებს“, - ამბობს „ევროოპტიმისტების“ დეპუტატი რომან გოცირიძე და ამატებს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიწვევას პოლიტიკურ-სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა.

პროსახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედმა“, 15-16 ივნისს, მშვიდობის სამიტს მოკლე სიუჟეტები მიუძღვნა და საერთოდ არ ახსენა, რომ მასში სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობდა.

ამ თემაზე არც „ოცნების“ ლიდერები ლაპარაკობენ. თუმცა მათ პრეზიდენტთან დაპირისპირების ახალი ფრონტი აქვთ გახსნილი - ფეხბურთელების, მწვრთნელების, ფეხბურთის ფედერაციის პერსონალისა და ხელმძღვანელობის არასრულად, შერჩევითად დაჯილდოება.

პრეზიდენტის შეხვედრები, აქცენტები

„უკრაინის მშვიდობის სამიტზე“ სიტყვით გამოსვლის გარდა, შვეიცარიაში სალომე ზურაბიშვილი შეხვედა არაერთ ევროპელ ლიდერს, მათ შორის არიან:

  • უკრაინის პრეზიდენტი - ვოლოდიმირ ზელენსკი;
  • მოლდოვის პრეზიდენტი - მაია სანდუ;
  • პოლონეთის პრეზიდენტი - ანდჟეი დუდა;
  • ესტონეთის პრემიერ-მინისტრი - კაია კალასი;
  • ევროკომისიის პრეზიდენტი - ურზულა ფონ დერ ლაიენი;
  • ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი - შარლ მიშელი;
  • ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში - ჟოზეპ ბორელი.

16 ივნისს, ჟოზეპ ბორელმა X-ზე დაწერა, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან საუბარი „საქართველოს ევროპულ მომავალს“ შეეხებოდა და, რომ „ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ხალხის არჩევანს - ჰქონდეს დემოკრატიული ქვეყანა ევროკავშირის გზაზე“.

სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა ევროპელ ლიდერებთან რამდენიმე დღით უსწრებს წინ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს მომდევნო შეხვედრას, რომელიც 24 ივნისს უნდა გაიმართოს. ამ შეხვედრას, თავის პოსტში, ჟოზეპ ბორელმაც გაუსვა ხაზი.

24 ივნისს ევროკავშირის მინისტრებმა „აგენტების კანონის“ დამტკიცების შემდეგ დაგეგმილი ზომები უნდა განიხილონ. წინასწარი ინფორმაციით, ზომებს შორის არის: პერსონალური სანქციები, ფინანსური დახმარებების შეწყვეტა და უკიდურეს შემთხვევაში, უვიზო მიმოსვლის დროებით შეჩერებაც.

პრეზიდენტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთან შეხვედრის დროს, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „არ შეიძლება ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მიიღონ ისეთი ზომები და გადაწყვეტილებები, რომლებიც მიმართული იქნება ქართველი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ“.

ამჟამად ევროკავშირი განიხილავს ყველა ვარიანტს რეაგირებისთვის "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებასა და სხვა ქმედებებზე, რომელიც საქართველოში დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას ძირს უთხრის“, - განაცხადა 12 ივნისს, ევროკავშირის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა შვეიცარიაში „ქართულ ქარტიაზეც“ ილაპარაკა - ოპოზიციური პარტიებისთვის მის მიერ შეთავაზებულ ინიციატივაზე, რომელიც არა პარტიულ გაერთიანებას - არამედ ევროპულ ქოლგას, პროევროპული ძალებისთვის ცენტრის შექმნას გულისხმობს.

„ქართულ ქარტიასშეუერთდნენ 17 ოპოზიციური პოლიტიკური პარტია და პარლამენტის ხუთი დამოუკიდებელი დეპუტატი. მათ ამ დოკუმენტზე ხელმოწერით აიღეს ვალდებულება, რომქარტიაშიგაწერილი ვალდებულებების შესრულების შემდეგ, საქართველოში ჩატარდება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები.

სხვაობა პრეზიდენტისა და პრემიერის ვიზიტებს შორის

საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის (ECIPE) უფროსი მკვლევარი თენგიზ ფხალაძე გვეუბნება, რომ „საერთაშორისო ვიზიტები ყოველთვის გამოიყენება - საერთაშორისო პარტნიორებთან მნიშვნელოვან თემებზე, პრობლემებზე სალაპარაკოდ“ და, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სწორედ ეს შანსი გამოიყენა; ხოლო განსხვავებული სურათი იყო ირაკლი კობახიძის შემთხვევაში, რომელიც მანამდე ჩავიდა უკრაინის აღდგენის პერსპექტივისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე და ბევრისთვის გაუგებარ როლში აღმოჩნდა.

„თუ შევადარებთ, ფაქტობრივად, ორმხრივი შეხვედრა ვერ ვნახეთ [კობახიძის ვიზიტის დროს - რ.თ.] - ვერც უკრაინულ მხარესთან, ვერც დასავლელ პარტნიორებთან... [ის] თუ როგორ განიხილავს ევროკავშირის საბჭო საქართველოს საკითხს, არ მგონია სახარბიელო ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ვზიანდებით იმ განცხადებების და ქმედებების გამო, რომლითაც "ქართულმა ოცნებამ" კინკლაობაში შეგვიყვანა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან“, - ეუბნება თენგიზ ფხალაძე რადიო თავისუფლებას და საერთაშორისო პარტნიორების მიერ თანამოსაუბრედ სალომე ზურაბიშვილის შერჩევას იმით ხსნის, რომ „ხელისუფლებიდან, სამწუხაროდ, ადეკვატურად მეტი არავინ გამოიყურება“.

თენგიზ ფხალაძე ამბობს, რომ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს არ სურთ, მაგრამ მოუწევთ იმ ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას დააკისრებს.

„სესიებს შორის გვქონდა საშუალება გავსაუბრებოდით პრემიერ-მინისტრებს, ვიცე-პრემიერებს, საგარეო საქმეთა მინისტრებს“, - უთხრა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს, უკრაინის აღდგენის სამიტში მონაწილეობის შემდეგ. თუმცა მთავრობის ოფიციალურ გვერდებზე არ არის ატვირთული ორმხრივი შეხვედრების დამადასტურებელი ინფორმაცია ან ფოტომასალები. მათ შორის არც - X-ზე.

ირაკლი კობახიძე სიტყვით გამოვიდა სახელმწიფო მეთაურთა სამუშაო შეხვედრაზე - მხარდაჭერა გამოხატა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ჩამოთვალა გაწეული დახმარება და რუსეთთან სასტიკ ომში მყოფ ქვეყანას მშვიდობა უსურვა.

11 ივნისს, როდესაც ბერლინი უკრაინის აღდგენის კონფერენციას მასპინძლობდა, გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაელ როთმა X-ზე გამოქვეყნებული პოსტით ირაკლი კობახიძეს მიმართა:

„თქვენი მონაწილეობა უკრაინის აღდგენის კონფერენციაში შესანიშნავი შესაძლებლობაა შემდეგი სიგნალების გასაგზავნად: საქართველო გააძლიერებს უკრაინის დახმარებას; უკან გავიწვევ "უცხოეთის აგენტების კანონს"; შევაჩერებ ანტი-ლგბტ კანონპროექტს; კვლავ დავაბრუნებ საქართველოს ევროკავშირის გზაზე“.

ასევე 11 ივნისს, ოდნავ მოგვიანებით, მიხაელ როთმა საქართველოს, X-ზე კიდევ ერთი პოსტი მიუძღვნა, რომელიც სამოქალაქო აქტივისტის, ზუკა ბერძენიშვილის სასტიკ ცემას მოჰყვა. განცხადებაში წერია, რომ „ქართულ კოშმარს არ შეუძლია სამოქალაქო საზოგადოების დაშინებით მართოს საქართველო“ და „თუკი მთავრობა უდანაშაულო მოქალაქეებს ესხმის თავს, ის თავს ესხმის ევროპულ ფასეულობებს“.

გერმანელი კანონმდებელი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ღიად უპირისპირდება, წერს, რომ საქართველოში „ადრე თუ გვიან, დემოკრატია, თავისუფლება და ღირსება გაიმარჯვებს“.

17 ივნისს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ისევ გაიმეორა, რომ საქართველოს „გლობალური ომის პარტია“ ებრძვის და, რომ ამ პარტიას - დიდი ზეგავლენა აქვს ევროკავშირის სტრუქტურებზე. პრემიერ-მინისტრმა ასევე თქვა, რომ „აგენტების კანონის“ მიღებამდე საქართველოს ევროინტეგრაციის წინსვლის შანსი ნულს უტოლდებოდა, ახლა კი 20-30%-მდეა გაზრდილი.

„ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი ამოცანაა, 2030 წლისთვის გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ამ მიზანს მივყვებით თანმიმდევრულად, მაგრამ ჯერ კიდევ გრძელდება შანტაჟი, რასაც კონკრეტული ძალები თავიდან უკავშირებდნენ კანდიდატის სტატუსს, ახლა უკავშირებენ მოლაპარაკებების გახსნას. ეს არ არის ევროკავშირი.

ეს არის ე.წ. გლობალური ომის პარტია, რომელსაც სამწუხაროდ აქვს თვისებრივი გავლენა ევროკავშირზე. გლობალური ომის პარტია აგრძელებს შანტაჟს საქართველოს წინააღმდეგ“, - ამბობს კობახიძე და დასძენს, რომ „ყველაფერი იქნება ძალიან კარგად“.

„ქართული ოცნების“ ლოგიკა სრულად უპირისპირდება საერთაშორისო პარტნიორების პოზიციებს და ხშირად მათთვის აბსოლუტურად გაუგებარი და გასაოცარია.

შვეიცარიის სამთო კურორტ ბიურგენშტოკში, 15-16 ივნისს, „უკრაინის მშვიდობის სამიტში“ - 90-ზე მეტი ქვეყანა და ორგანიზაცია მონაწილეობდა. ქვეყნების დიდი ნაწილი უმაღლესი პირებით იყო წარმოდგენილი. მათ შორის არ იყო ჩინეთი. 80 ქვეყანა მხარს უჭერს, რომ უკრაინასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება უნდა ეფუძნებოდეს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.

სამიტის დასკვნით კომუნიკეში წერია, რომ „სამიტი ეფუძნებოდა დისკუსიებს უკრაინის მშვიდობის ფორმულისა [პრეზიდენტ ზელენსკის 10-პუნქტიანი ინიციატივა] და სხვა სამშვიდობო წინადადებების შესახებ, რომლებიც შესაბამისობაში არიან საერთაშორისო სამართალთან, მათ შორის - გაეროს წესდებასთან“.

სამიტის მონაწილეებმა შეთანხმებას მიაღწიეს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის გარშემო და მათ შორის არის - ბირთვული ენერგიისა და ატომური დანადგარების უსაფრთხოება და სურსათის უსაფრთხო ტრანსპორტირება.

კომუნიკეში წერია, რომ უკრაინის ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხო და დაცული მუშაობა უკრაინის სრული სუვერენული კონტროლის ქვეშ და ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) პრინციპებთან შესაბამისად უნდა მოხდეს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG