უკრაინაში მშვიდობის სამიტის ფარგლებში, რომელიც შვეიცარიაში მიმდინარეობს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს, ურზულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა.
სოციალურ ქსელ X-ში ევროკომისიის ხელმძღვანელი ზურაბიშვილს ლიდერობისთვის და ევროპული მომავლის მიმართ ერთგულებისთვის მადლობას უხდის.
„მე ღრმად პატივს ვცემ თქვენს ერთგულებას საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ. ქართველი ხალხი მტკიცედ მხარს უჭერს ამ გზას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებების შესაბამისად“, - დაწერა მან.
საპასუხოდ ზურაბიშვილმა აღნიშნა: „დიდი მადლობა, პრეზიდენტო, ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისათვის“.
საქართველოს პრეზიდენტი აგრეთვე შეხვდა ესტონეთის პრემიერ-მინისტრს, კაია კალასს, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ესტონეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას და მხარს უჭერს მის აშკარა სურვილს, გახდეს ევროპის ნაწილი.
ზურაბიშვილმა 15 ივნისს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შვეიცარიაში შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს და ესაუბრა „ქართულ ქარტიისა“ და საქართველოსთვის პოლიტიკური ლანდშაფტის შესახებ.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტზე, შეხვედრები გამართა როგორც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ასევე პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასა და მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან.
მშვიდობის გლობალურ სამიტში, რომელიც 15-16 ივნისს იმართება, ასამდე ქვეყანა მონაწილეობს, მათგან 57 უმაღლეს - პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების - დონეზე არის წარმოდგენილი, კიდევ 29 ქვეყანა მინისტრების - ძირითადად, საგარეო უწყებების ხელმძღვანელების - რანგში. ელჩები გაგზავნა ექვსმა ქვეყანამ: ინდონეზიამ, ისრაელმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, სამხრეთმა აფრიკამ, ფილიპინებმა და ბრაზილიამ. ბრაზილია და ვატიკანი დამკვირვებლების და არა სამიტის მონაწილეების სტატუსით არიან წარმოდგენილი.
ღონისძიებაში მონაწილეობას არ იღებს რუსეთი, რომელიც არც ყოფილა მიწვეული, და ჩინეთი, რომელმაც მონაწილეობაზე უარი თქვა.
ფორუმი