შვეიცარიაში ტარდება მშვიდობის სამიტი - უმაღლესი დონის საერთაშორისო კონფერენცია უკრაინაში ომის დასრულების გზების გარშემო.
შეხვედრა იმართება კიევის ინიციატივით. რუსეთი მასზე არ მიუწვევიათ. არ მონაწილეობს მასში ასევე ჩინეთი.
შვეიცარიის სამთო კურორტ ბიურგენშტოკში მსოფლიოს 90-ზე მეტი ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციები წარმომადგენელია ჩასული. 50-ზე მეტი ქვეყანა წარმოდგენილია სახელმწიფოთა თუ მთავრობის მეთაურებით. სამიტში მონაწილეობენ ძირითადად ევროკავშირის ქვეყნები, ასევე ლათინური ამერიკის, აფრიკისა და აზიის ქვეყნები.
უკრაინის პრეზიდენტის მიწვევით სამიტზე იმყოფება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც 15 ივნისს სიტყვით გამოვიდა და შეხვდა ვოლოდიმირ ზელენსკის.
სამიტზე განიხილება ე.წ. სამშვიდობო ფორმულა, რომელიც ზელენსკიმ ადრე წამოაყენა. უკრაინის პრეზიდენტის სიაში 10 პუნქტია, მათ შორის რუსული ჯარების გაყვანა 1991 წლის საზღვრებზე, ანექსირებული ყირიმის დაბრუნება და კიევისთვის რეპარაციის გადახდა. ამ სიიდან პირდაპირ განიხილება სამი საკითხი - ჰუმანიტარული საკითხები, კერძოდ, პატიმრების გაცვლა და უკრაინიდან წაყვანილი ბავშვების დაბრუნება, ასევე ენერგეტიკა და სასურსათო უსაფრთხოება.
სამიტის გახსნამდე ერთი დღით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კიევს მოუწოდა, უარი თქვას ნატოში გაწევრიანების სურვილზე და გადასცეს მოსკოვს ოთხი რეგიონი, რომლებზეც რუსეთს პრეტენზია აქვს.
ეს წინადადებები, რომლებსაც კიევმა „მანიპულატორული“ და „აბსურდული“ უწოდა, იმის ნიშანია, რომ პუტინს კონფლიქტის გაგრძელება აქვს გადაწყვეტილი, რამაც ჩრდილი მიაყენა ლუცერნის სამიტს.
სამიტის კომუნიკეს პროექტში წაიკითხავთ, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ გრძელდება და იწვევს ადამიანების ტანჯვასა და ნგრევას. კომუნიკეს ავტორები წერენ, რომ დაუშვებელია "ნებისმიერი მუქარა ან ბირთვული იარაღის გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის კონტექსტში." "ჩვენ ვადასტურებთ ვალდებულებას, თავი შეიკავოთ მუქარისგან ან ძალის გამოყენებისგან ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ... უკრაინის ჩათვლით," წერია 15-16 ივნისის სამიტის კომუნიკეს პროექტში.
სამიტის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მოლაპარაკება გამართა შვეიცარიის პრეზიდენტ ვიოლა ამჰერდთან. ის ასევე შეხვდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს კამალა ჰარისს, რომელიც ხელმძღვანელობს ამერიკულ დელეგაციას. მან განაცხადა, რომ ვაშინგტონი უკრაინას 1,5 მილიარდ დოლარს გამოუყოფს ენერგეტიკული სექტორის მხარდასაჭერად, ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და სამოქალაქო უსაფრთხოების გასაძლიერებლად.
800 მილიონ დოლარზე მეტი მოხმარდება ომის დროს დაზიანებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენასა და დაცვას.
ზელენსკის თქმით, ასევე განიხილეს უკრაინისთვის „პეტრიოტის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების შესაძლო მიწოდება. 15 ივნისს საღამოს სამიტის პლენარული სხდომა გაიმართა. ზელენსკიმ თავის გამოსვლაში სამიტს წარმატებული უწოდა. მისი თქმით, ეს არის პირველი ნაბიჯი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის სამართლიანი დასრულებისკენ. „ჩვენი პრინციპები მკაფიოა, არავის აქვს უფლება აწარმოოს აგრესიული ომი მეზობლის წინააღმდეგ და ძირი გამოუთხაროს გაეროს წესდების ერთ-ერთ ძირითად პრინციპს: ტერიტორიულ მთლიანობას“... „როცა სამოქმედო გეგმა შედგება, ყველასთვის შეთანხმებული და ყველასთვის გასაგები, ის გადაეცემა რუსეთის წარმომადგენლებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ და განაცხადა, რომ დარწმუნებულია, რომ შემდგომში გაიმართება მეორე სამშვიდობო სამიტი, რომელზეც ომი დასრულდება.
ვოლოდიმრ ზელენსკიმ 15 ივნისს თავის გამოსვლაში სხვათა შორის თქვა, რომ უკრაინისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნის მეთაურები. ზელენსკის თქმით, ყველაფერი რაზეც შეთანხმდებიან შეხვედრის მონაწილეები, იქნება ნაწილი სამშვიდობო პროცესისა, რომელიც ასე გვჭირდება. ზელენსკიმ რწმენა გამოთქვა, ამ სამიტზე გავხდებით იმის მოწმე, “თუ როგორ იქმნება ისტორია”.
მშვიდობის სამიტზე ჟურნალისტებს შორის არიან სახელმწიფო და ოპოზიციური რუსული მედიის წარმომადგენლები. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იუწყება, იქ არიან რია ნოვოსტის, TASS-ის, კომერსანტის, მედუზას და დოჟდის წარმომადგენლები. . რუსული მედიის შვეიცარიაში სამიტზე დაშვება რუსეთ-უკრაინის ომში ნეიტრალური მხარის, მასპინძელი შვეიცარიის ნებით მოხდა.
ფორუმი