ვლადიკავკაზიდან, სულ მცირე, ოთხი წვევამდელი გადაიყვანეს სომხეთში, სადაც რუსეთის გიუმრის სამხედრო ბაზაზე აიძულეს, ხელი მოეწერათ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტებზე, - ამის შესახებ პროექტი “ვაჟნიე ისტორიი” იუწყება.
ერთ-ერთი ჯარისკაცის თქმით, მას და მის კოლეგებს უთხრეს, რომ სამსახურის ბოლო ოთხ თვეს სამხრეთ სამხედრო ოლქის სხვა ნაწილში გაატარებდნენ. წვევამდელები თვითმფრინავში ჩასხეს და არ უთხრეს სად აგზავნიდნენ. მხოლოდ ჩასვლის შემდეგ მიხვდნენ, რომ სომხეთში იყვნენ.
გიუმრის ბაზაზე ჯარისკაცებმა სამედიცინო შემოწმება გაიარეს, რის შემდეგაც ცარიელ ფურცლებზე ხელმოწერა სთხოვეს. "20 წლის ბიჭებს სულელურად ეგონათ, რომ ეს იყო სამედიცინო კომისიასთან დაკავშირებული ქაღალდები, რასაც ხელი მოაწერეს. მათ უთხრეს, რომ ეს იყო რაპორტი ამ ბაზაზე [სომხეთში] სამსახურის გაგრძელების შესახებ და შეთანხმება თავდაცვის სამინისტროსთან. სიტყვა 'კონტრაქტი' არც კი უხსენებიათ", - ამბობს პროექტის, “იარეთ ტყით” (“იდიტე ლესომ”) წარმომადგენელი ივან ჩუვილიაევი.
უცნობია, რამდენი წვევამდელი გადაიყვანეს გიუმრიში ამ გზით. უფლებადამცველები ვერ ხსნიან, რა მიზანი აქვს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს. “ვაჟნიე ისტორიი” იმავე წვევამდელებისგან ფლობს ინფორმაციას, რომ მათთან სომხეთში გადაჰყავთ საკონტრაქტო სამსახურში მყოფი ის ჯარისკაცები, რომლებიც უკრაინაში იბრძოდნენ.
- როგორც "კავკაზ.რეალიი" წერს, უკრაინაში ომის მონაწილე არმავირის, კრასნოდარის და სოჭის წარმომადგენელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ უკანონოდ გაგზავნეს ფრონტზე, როგორც 57-ე მოტორიზებული მსროლელი პოლკის მოიერიშე ბატალიონის მებრძოლები. ისინი ამტკიცებენ, რომ სამედიცინო შემოწმების ჩასატარებლად მოტყუებით ჩაიყვანეს დონის როსტოვში, შემდეგ კი, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემებისა და სხვა დარღვევების მიუხედავად, საომარი მოქმედების ზონაში გადაიყვანეს.
ფორუმი