პაპაშვილი ფეისბუქზე ინციდენტის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს და წერს:
"ყველგან დაგხვდებათ თავისუფალი მოქალაქის წინააღმდეგობა. ყოველთვის მოგკითხავთ პასუხს ქვეყნის გაყიდვისათვის...".
კადრებში ჩანს, რომ იგი დეპუტატ ბექა ოდიშარიას ამ სიტყვებით მიმართავს: "შეურაცხყოფას ვის აყენებ შენ, რუსო? რუსულ კანონზე ხელი რატომ მოაწერე? რუსი ხარ! რუსო მონა!" - რა დროსაც ოდიშარიას თანმხლები პირი ცდილობს მისთვის ვიდეოგადაღებაში ხელშეშლას და შენობიდან აქტივისტის გაგდებას.
ბექა პაპაშვილი ტელეკომპანია "პირველთან" საუბარში ჰყვება, რომ ოდიშარიას დაცვის თანამშრომელმა არ მისცა შესაძლებლობა, ახლოს მისულიყო დეპუტატთან.
"დღეს უკვე "ქართული ოცნების" წევრები დაცვის გარეშე ვერ გადაადგილდებიან და დაცვის თანხლებით დადიოდა მაღაზიაში და ალბათ, სახლშიც უზიან. იმ დაცვამ არ მომცა შესაძლებლობა, ახლოს მივსულიყავი. ცდილობდა ხელი ეკრა და ხელი შეეშალათ, მემუქრებოდნენ. როდესაც გავედი გარეთ, ორი წუთი მოვანდომე გარეთ მეგობარს რომ დავლოდებოდი და ამ დროს მოვარდნენ მისი ზონდერები. მისი შვილიც ასევე ზონდერი აღმოჩნდა, რომელმაც ამაყად თქვა, რომ ოდიშარიას შვილი ვარო. სამი ადამიანი გამისწორდა ფიზიკურად. ეს არ იქნება დასასრული, ყველგან დავხვდებით", - თქვა მან და აღნიშნა, რომ ფიზიკურად თავს კარგად გრძნობს.
„აგენტების კანონის" მიღების შემდეგ მოქალაქეები საჯარო სივრცეში „მოღალატეებს“ და „მონებს“ უწოდებენ იმ დეპუტატებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს კანონს.
ბექა პაპაშვილი არ არის "აგენტების კანონის" მოწინააღმდეგე ერთადერთი აქტივისტი, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. მანამდე, 11 ივნისს დილით, სამოქალაქო აქტივისტს, ზუკა ბერძენიშვილს, საკუთარ სახლთან დაესხნენ თავს. ის რამდენიმე დღით ადრე წერდა ჩასაფრებაზე, რომელიც სოფელში მოუწყვეს, თუმცა მაშინ თავის დაღწევა მოახერხა.
11 ივნისს დილით, ბერძენიშვილზე თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და „ევროპის სახელით მიმდინარე“, „ორგანიზებული და პოლიტიკურად მოტივირებული ტერორის კამპანია“ უწოდა, მისი თქმით, „აღშფოთებული მოქალაქის“ სცენებს. პაპუაშვილი გულისხმობს მოქალაქეთა რეაქციებს მმართველი პოლიტიკური გუნდის წვერების მიმართ.
შალვა პაპუაშვილი ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტში ახსენებს მოძრაობა "სირცხვილიას" დამფუძნებლებს, სალომე ბარკერსა და ზურა ბერძენიშვილსაც.
„ურეკავდნენ პარლამენტის წევრებს მუქარით და შეურაცხყოფით (სალომე ნიკოლაიშვილი, ზუკა ბერძენიშვილი, "სირცხვილია")", - დაწერა პაპუაშვილმა.
ამასთან, გრძელდება „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეების დევნა, დაშინება და შეურაცხყოფა, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს სახლებისა და ოფისების კედლებზე მუქარის შემცველი წარწერები ხვდებათ, თავს დაესხნენ ოპოზიციური "ნაციონალური მოძრაობის" ოფისს.
7 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან რამდენიმე პირი თავს დაესხა და სცემა აქტივისტს და სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკო მანაგაძეს.
ამასთან, მოქალაქე მარიამ წიწიკაშვილის თქმით, 9 ივნისის დილით,"ხალხის ძალის" დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან შეკამათების შემდეგ, პოლიციამ აეროპორტში წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავა.
პოლიციაში იყო დაბარებული მოქალაქე დავით კუპრავა, რომელსაც პარტია "ქართული ოცნების" დეპუტატი ნინო წილოსანი ადევნებაში ადანაშაულებს.
გამოძიებას ამ დრომდე არ ჰყავს იდენტიფიცირებული აქტივისტებზე თავდამსხმელი არცერთი პირი.
ფორუმი